GE

[3-08.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

09/08/2019 – 15/08/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

 

სკოლამდელი განათლება

§

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების მომსახურების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და 16 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მარჯვენა სანაპიროსთვის 17 002 058 ლარია, მარცხენა სანაპიროსთვის კი – 43 265 221 ლარი. არის 3 დღე გონივრული ვადა სატენდერო დოკუმენტების მომზადებისა და წარდგენისთვის?

ზოგადი განათლება

§

ახალ სასწავლო წელს მე-7 კლასელებს ძირეული ცვლილებები ელოდებათ. რუსულის სახელმძღვანელოს გარდა (რომელმაც გრიფი ვერ მოიპოვა), ყველა საგანში ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან. როგორც განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველო იუწყება, სიახლეა ისიც, რომ ამ კლასში საბუნებისმეტყველო საგნები კომბინირებული აღარ ისწავლება; ფიზიკა და ბიოლოგია დამოუკიდებელ საგნად იქნება მეშვიდე კლასშივე, ხოლო ქიმიის სწავლება, ასევე დამოუკიდებელ საგნად, მე-8 კლასში დაიწყება.

§

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველკლასელების სასაჩუქრე ნაკრებში იაკობ გოგებაშვილისეული ,,დედაენის“ გადამუშავებული ვარიანტიც იქნება. დაბეჭდვამდე 14-კაციანი კომისიის მიერ გადამუშავებული ვარიანტის გრიფირების კომისიის მიერ შეფასება, ან საზოგადოებისთვის გაცნობა გათვალისწინებული არ არის. დასახელებული ,,დედაენა“ პირველკლასელებს დამატებით სახელმძღვანელოდ გადაეცემათ. განათლების სამინისტრომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება 246 400 ლარის ღირებულების სამუშაოზე, რომლიც 2 ეტაპად შესრულდება. ,,დედაენის“ პირველ ნაწილს მოსწავლეები სექტემბერში მიიღებენ, ხოლო მეორე ნაწილი დეკემბრამდე უნდა დაიბეჭდოს. ხელშეკრულება 55 ათას ეგზემპლარზეა გაფორმებული. საერთო ხარჯებს კომისიის წევრთა ანაზღაურებაც დაემატება.

როგორ დამოკიდებულებაშია დანახარჯი სარგებელთან ამაზე მსჯელობა დაინტერესებულ საზოგადოებას, მოგვიანებით თუ დაგვიანებით მოუწევს.

§

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე წლის ივლისის თვის მდგომარეობით, დაფიქსირებულია 38 312 პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი – 24 765, წამყვანი – 496, მენტორი – 49. 2018-2019 სასწავლო წლისათვის 5 800 -ზე მეტით გაიზარდა იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომელთაც ზედა საფეხურზე აინაცვლეს, რამაც განაპირობა მათი ხელფასების ზრდა.

,,გათვალისწინებულია, რომ მომავალი 2019-2020 სასწავლო წლიდან 10 000-ზე მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს. დიფერენცირებული და მზარდია მასწავლებლების ანაზღაურება სხვადასხვა კარიერულ საფეხურზე. სამინისტრო კვლავ აგრძელებს მასწავლებელთა მხარდაჭერას სტატუსის ამაღლებისათვის და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, შესაბამისად, განათლების რეფორმის სხვა კომპონენტებთან ერთად, განიხილება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხიც“, – ასე, კონკრეტული ციფრებისა და ვადის დასახელების გარეშე, პასუხობს განათლების სამინისტრო EDU.ARIS.GE-ს კითხვებს: იგეგმება თუ არა სექტემბრიდან პედაგოგთა ხელფასების გაზრდა? ვის გაეზრდება ხელფასი (რომელი სტატუსის მქონე პედაგოგს) და რა რაოდენობით?

§

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა, აქედან 1 ოქროსი და 2 ბრინჯაოსი.

საერთაშორისო ოლიმპიადა 4-11 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში 88 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.

პროფესიული განათლება

§

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2019 წლის 9 აგვისტოს N 267 ბრძანებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა. 2018 წლიდან ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. მან ამ თანამდებობაზე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი ჩაანაცვლა, რომელმაც, განათლების სამინისტროს განმარტებით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

როგორც ირკვევა, ფუნქციების ხელახალი გადანაწილების საფუძველზე, გიორგი ვაშაკიძეს პროფესიული განათლების მიმართულებაზე დაეკისრა პასუხისმგებლობა, მანამდე ამ მიმართულებას ირინა აბულაძე კურატორობდა. უკავშირდება თუ არა ეს ცვლილება პროფესიული სასწავლებლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის დარღვეულ ვადებს, რაც მედიისა და პროფესიული კავშირების კრიტიკის საგნად იქცა, ჩვენთვის უცნობია. ცნობილი ის არის, რომ გიორგი ვაშაკიძეც ამ კონკურსის კომისიის წევრი გახლდათ.

უმაღლესი განათლება

§

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. წინმსწრებ პროცესებში მოიაზრება აპელაციაც. როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჯამბურია აცხადებს, სააპელაციო განაცხადების განხილვა, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. მისივე ინფორმაციით, წელს სააპელაციო კომისიას 2970-მდე აბიტურიენტმა მიმართა. საგამოცდო ნამუშევრების მიხედვით, წლების განმავლობაში აბიტურიენტთა ცოდნის დონე არც უმჯობესდება და არც უარესდება.

ეს არასასურველი სტაბილურობა სასურველია კვლევის საგნად იქცეს.

სხვა ამბები

§

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18-დან 25-წლამდე. განაცხადების მიღება 26 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი. გამარჯვებული 2019 წლის სექტემბერში გამოვლინდება.

§

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს მედიაში აუდიტის ანგარიშის საფუძველზე გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტროში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ 2019 წლის განმავლობაში, პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აპარატის არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა. რატომ იწვევს პრემიის თემა ასეთ შფოთვასა და თავის მართლებას? დამსახურებული პრემია უნდა გაიცეს, საზოგადოებამ კი ამ დამსახურებაზე მიიღოს ინფორმაცია.

§

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა.

პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს, გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებლისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. აღნიშნული პროექტი, წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

„კარდანო ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ექსპერტი დენიელ ფრიდმენი ქართული განათლების სისტემის მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადასვლას უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ ეს იქნება ყველაზე სანდო სისტემა, რომელიც ხელსაყრელ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებულ გარემოს შექმნის.

[3-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი