GE

[4-08.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

16/08/2019 – 22/08/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

სკოლამდელი განათლება

თბილისის მერიის მიერ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების შემჭიდროებულვადიანი ტენდერი ნაკლებმიმზიდველი ან ნაკლებხელმისაწვდომი აღმოჩნდა. მის ერთ ლოტზე – მარცხენა სანაპიროს საბავშვო ბაღების მომსახურებაზე (43 265 221 ლარის ღირებულების) განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გააკეთა, მეორე ლოტზე – მარჯვენა სანაპიროს საბავშვო ბაღების მომსახურებაზე (17 002 058 ლარის ღირებულების) განაცხადი არ შესულა. როგორც მერია მედიისთვის აცხადებს, ღიად დარჩენილ ლოტზე ტენდერი უახლოეს პერიოდში ხელახლა გამოცხადდება.

ზოგადი განათლება

§

,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში 8 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სკოლა უფლებამოსილია მოირგოს სამინისტროსგან შეთავაზებული საათობრივი ბადე ან სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით მოახდინოს მისი გადანაწილება; სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში, გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს და წამყვან მასწავლებლებს და საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათი), ასეთის არსებობის შემთხვევაში; შესაძლებელი ხდება კლასების გაყოფა ქართულში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, უცხო ენაში, ისტ-ში, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება უცხო ენაში – 20-ს, დანარჩენში – 25-ს და ასე შემდეგ;

§

20 აგვისტოს დასრულდა საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესის პირველი ეტაპი სახელმწიფოსგან შეთავაზებულ ფულად ჯილდოზე. ამ ეტაპზე განაცხადი 6000-მდე მასწავლებელმა გააკეთა.

§

მასწავლებლების ვაკანსიებისთვის განკუთვნილი ვებგვერდი – www.pedagogi.ge განახლდა, რის შემდეგაც სკოლა ვალდებულია, პროცესის გამჭვირვალობისთვის, ვაკანსიები აღნიშნულ პორტალზე გამოაქვეყნოს. 22 აგვისტოსთვის ვებგვერდზე უკვე 3000 ვაკანსიაა ატვირთული. ვაკანსიების გამოქვეყნება გრძელდება. ვებგვერდს დაემატა ახალი ბლოკი „მასწავლებლობის მაძიებელი“. მასწავლებლობის მსურველს აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს აღნიშნულ პლატფორმაზე და მონიშნოს მისთვის სასურველი სკოლა/სკოლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

ამ გვერდის გააქტიურება საკმარისი აღმოჩნდება თუ არა სისტემაში შექმნილი საკადრო დეფიციტის დასარეგულირებლად, განსაკუთრებით, დედაქალაქიდან და ქალაქებიდან მოშორებულ სკოლებში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

§

დამტკიცდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი“, რომელიც 21 აგვისტოს ,,საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. იგი ვრცელდება პირებზე, რომლებსაც სურთ დასაქმდნენ სკოლაში მასწავლებლის, მათ შორის, მოწვეული, ან/და შემცვლელი მასწავლებლის პოზიციაზე. ასევე, მასწავლებლებზე, რომლებიც, კანონით დადგენილი წესით, წყვეტენ სკოლაში საქმიანობას.

წესი საკმაოდ შეღავათიანია მასწავლებლის საქმიანობის დამწყებთათვის, როგორ იმუშავებს ეს ავანსად გაცემული ნდობა სწავლა-სწავლების ხარისხზე, ამის გარკვევას დრო სჭირდება.

§

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი საქართველოს საჯარო სკოლებისთვის სასკოლო ავეჯის, კერძოდ 122 500 ერთეული მერხის კომპლექტის შესაძენად, საერთო ღირებულებით – 8 მილიონი ლარი;

სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილია 5-წლიანი გარანტია მწარმოებლისგან. რაც შეეხება მიწოდების ვადას, ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 დღეს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში სკოლებისთვის სასკოლო ინვენტარის გადაცემა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

§

განათლების სამინისტრო ადასტურებს, რომ 22 აგვისტოს თანამდებობა დატოვა თბილისის 51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორც ამბობენ, სამინისტროსთვის უცნობია.

ყოფილი დირექტორი მედიას არ პასუხობს. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას, რომლის მსხვერპლიც ამ სკოლის ორი მოსწავლე: დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი გახდნენ, ჯერჯერობით უცნობია.

პროფესიული განათლება

§

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა კოლეჯ „იკაროსში“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სტანდარტების პროექტის მიხედვით თვითშეფასების პროცესის პილოტირება განახორციელა.

წლის ბოლომდე თვითშეფასების პილოტირება ყველა იმ დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს, რომელიც ამ პროცესისთვის მზაობას გამოთქვამს. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება პროექტი, თუ პროფესიულ სასწავლებლებს საამისო მზაობა არ აღმოაჩნდათ?

§

,,საკანონმდებლო მაცნეზე“ 20 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ,,საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. დოკუმენტის მიხედვით, პროფესიულ სასწავლებლები, რომლებიც კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს დანერგავენ, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემას შეძლებენ. აღნიშნული დოკუმენტის მფლობელ პირს კი, სურვილის შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძლების საშუალება ექნება.

ბრძანების თანახმად, პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს.

§

2019 წლის შემოდგომისთვის ზოგადი განათლების საგნის/საგნების, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა: ექსტერნატის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, ხოლო ექსტერნატი გამოცდების ჩატარების ვადა – 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე.

უმაღლესი განათლება

§

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მიმართულებით, ამჯერად საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომლის დამტკიცების საფუძველზე უნდა განისაზღვროს არქიტექტურის ბაკალავრისა და მაგისტრის მინიმალური კომპეტენციები.

§

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. აპელაციის ვადა 23 აგვისტოს ჩათვლით სრულდება.

სხვა ამბები

§

იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადი. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2019 წლის 21 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 21 ოქტომბერს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

§

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების 30%-ით გაძვირების შემდეგ, რუსთავის სტუდენტურმა ასოციაციამ მიმართა რუსთავის მერიას, რომ მოეხდინათ სტუდენტთა მგზავრობის საფასურის ნაწილობრივ სუფსიდირება. რუსთავის მერია არ დათანხმდა სტუდენტთა მოთხოვნას.

[4-08.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი