GE

58 336 პირველკლასელის ელექტრონული ფოსტა TEAMS-ში რეგისტრაციისთვის უკვე შექმნილია – როგორ ემზადებიან საჯარო სკოლები

15 სექტემბერს საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში იწყება. დისტანციური იქნება სწავლა ზოგიერთ იმ რაიონსა და სოფელშიც, სადაც კოვიდინფექციის ახალი კერები გაჩნდა. ყველაზე ბევრი კითხვა ამ ეტაპზე პირველკლასელების მშობლებსა და მასწავლებლების აქვთ, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოხდეს ონლაინ სწავლება 6-7 წლის ასაკის ბავშვებში. ხვალ სასწავლო პროცესი იწყება, თუმცა მოსწავლეების მშობლებს დისტანციური გაკვეთილების ზუსტი ცხრილი ამ დრომდე არ აქვთ.

საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების და ბუკების დარიგების პროცესი მიმდინარეობს. სკოლების ადმინისტრაციები და პედაგოგები ამასთან ერთად, ონლაინ გაკვეთილების ცხრილების დაზუსტებაზე მუშაობენ. ამ ეტაპზე არსებული გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პირველკლასელებიც, სხვა კლასების მსგავსად დისტანციურ სწავლებას Microsoft Office 365-ის პროგრამა TEAMS-ით გაივლიან.

EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, რომ ელ-ფოსტის ანგარიშები უკვე შექმნილია 58 336 პირველკლასელისთვის და მიმდინარეობს თიმსის ჯგუფების სინქრონიზაცია, რომლებიც ეტაპობრივად ისქულის ბაზაში იტვირთება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დისტანციური სწავლების შესახებ არსებულ ფეისბუკ ჯგუფში პედაგოგებს ატყობინებს, რომ სკოლა მათ პირველკლასელების ელ-ფოსტებს გადასცემს.

„მასწავლებლებს სკოლა გადასცემს პირველკლასელთა მოსწავლეების ელ-ფოსტებს. წინა სასწავლო წელს გამოყენებული ელ-ფოსტები ვისაც გქონდათ, იგივე პაროლი გექნებათ რასაც აქამდე იყენებდით“, – წერს უწყება დაინტერესებულ პირებს.

მშობლების დიდ ნაწილს უკვე დაუკავშირდნენ სკოლების დამრიგებლები და ამ ეტაპზე სახელმძღვანელოების და მოსწავლის ბუკების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.

როგორ უნდა მოხდეს პირველკლასელისთვის დისტანციურად წერა-კითხვის სწავლა და მოტორიკის განვითარება, რა ინსტრუქციები, გეგმები და იდეები აქვთ ამ საკითხზე, საჯარო სკოლის პედაგოგებმა ღია კომენტარების გაკეთება არ ისურვეს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ პროცესი საკმაოდ რთული იქნება.

„ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით, არც რაიმე სახის მითითება მიგვიღია, არ ვიცი როგორ უნდა ვასწავლო პირველკლასელ ბავშვს წერა დისტანციურად. გამოდის, რომ მთელი დატვირთვა მშობლებზე გადავა, ზოგი დაკავებულია და როგორ? პირველი ორი კვირა არ იქნება ისეთი საგანგაშო, რადგან წერას ამ დროს არ სწავლობს ბავშვი, მოსამზადებელი პერიოდია და იმედია ოქტომბრიდან უკვე შემოვალთ კლასებში. აბსოლუტურად მესმის, რომ უჩვეულო სიტუაციაა და სამინისტროსაც ფორსმაჟორში უწევს გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ რაც არ უნდა პრეტენზიები გვქონდეს, ვის უნდა ვედაოთ? მთელი მსოფლიო ასეა“, – ამბობს ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი ჩვენთან საუბარში.

კიდევ ერთი მასწავლებელი განგვიმარტავს, რომ პირველ კლასში დისტანციური სწავლების დროს, თითოეულ საგანს 15 წუთი დაეთმობა.

„პირველკლასელებს ქართულის ონლაინ გაკვეთილი ექნებათ კვირაში 4 დღე 15 წუთით, მათემატიკა კვირაში 3 დღე 15 წუთი, სხვა დანარჩენი საგნები კვირაში ერთხელ 15-15 წუთი, ჯერ-ჯერობით ეს მოცემულობა გვაქვს და ცხრილის დაზუსტებაზე სკოლა კიდევ მუშაობს. რადგან ჯერ თიმსში რეგისტრაციასთან დაკავშირებით მშობლებისთვის ინსტრუქცია არ მიგვიცია 15 სექტემბერს ონლაინ გაკვეთილს ვერ ჩავატარებ, მაგრამ მე ვურჩიე რომ ბავშვებს ტელესკოლის გაკვეთილები აყურებინონ. ეს ტექნიკური დეტალები ამ დღეებში მოგვარდება და დისტანციურ გაკვეთილებსაც დავიწყებთ“, – ამბობს პედაგოგი.

დისტანციური სწავლების საკითხი მშობლების მხრიდან აქტიური განხილვის საკითხია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში, მათი დიდი ნაწილი სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი.

„მე დამიკავშირდა უკვე ჩემი შვილის დამრიგებელი, სკოლიდან და სამშაბათს დაგვიბარა ჩვენი კუთვნილი ბუკის და წიგნების წამოსაღებად სწავლა სამწუხაროდ ეს ორი კვირა ონლაინ იქნებაო, იმედია პირველ ოქტომბერს მაინც დავიწყებთ“

„სავარაუდოდ ონლაინ სიდებილეში არ ჩავერთვებით ჩვენ!“

„ონლაინ უარი ვთქვა და წელი დავაკარგვინო ბავშვს მთლად ეგეც არ მინდა იმედია „გავქაჩავთ“, ძალიან კი ვნერვიულობ“

„ფიზიკურად არ ვარ სახლში რომ დავუჯდე, გააჩნია რომელ საათზეა ეგ ონლაინ დილით თუ იქნა როგორც სკოლა კარგია თუ არადა არ ვიცი როგორ ჩავერთო“

„უკვე ნერვებს ვერ ვთოკავ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ სამსახურები გვაქვს და რა უნდა ვქნათ?“

„15 წუთიან გაკვეთილზე, პირველ კლასელი, ვერანაირ ცოდნას ვერ მიიღებს ონლაინ როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ბავშვი, წერა-კითხვაც რომ იცოდეს“

„ეს არის წარმოუდგენელი. ის რომ ჩაეთვალოს ჩემს შვილს წელი და გადავიდეს მეორე კლასში თავის მოტყუებაა. ბავშვის ცოდნაზეა საუბარი“, – წერენ პირველკლასელების მშობლები.

„პირველკლასელი მყავს, საჯარო სკოლაში ვართ დარეგისტრირებულები, დამრიგებელმა დამირეკა ორშაბათს წიგნებს და ბუკს გადმოგცემთო და ონლაინ გაკვეთილებით დავიწყებთ სწავლასო, ძალიან განვიცდი რა როგორ იქნება, ყველანაირად შევეცდები ბავშვისთვის სტრესული არ იყოს და პირიქით დადებითი კუთხით ვაჩვენო ეს ყველაფერი. საბავშვო ბაღის დასრულებაც ვერ აღვნიშნეთ სათანადოდ და ახლა სკოლის პირველი დღეც სახლში გვექნება, მაგრამ შეიძლება პირიქით, სახლიდან უფრო გაუადვილდეს ადაპტაცია. მესმის, პანდემიაა მთელ მსოფლიოში და გვიწევს გარკვეულ წესებს დავემორჩილოთ, იმედია, 1–ლი ოქტომბრიდან შეიცვლება სიტუაცია და გაიღება სკოლის კარი“, – ამბობს კიდევ ერთი პირველკლასელის მშობელი ნინო კუპატაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

პირველკლასელების დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE დამატებით დეტალებს არკვევს, რასაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

„სკოლამ გადაწყვიტა რომ პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესს 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს და გამოტოვებული დღეები წლის ბოლოს დაემატება“ – კერძო სკოლა

მოამზადა თამთა ვირსალლაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური