GE

„სკოლამ გადაწყვიტა რომ პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესს 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს და გამოტოვებული დღეები წლის ბოლოს დაემატება“ – კერძო სკოლა

მას შემდეგ რაც, სწავლის დაწყებამდე სამი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი დიდ ქალაქებში კვლავ დისტანციურად განახლდებოდა, ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი პირველკლასელებთან დაკავშირებით გაჩნდა. მშობლები და მასწავლებლებიც საუბრობენ იმ სირთულეებზე, რომელიც პირველკლასელისთვის დისტანციური სწავლებისას შეიძლება წარმოიშვას.

განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლებისთვის სასწავლო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია მათ შორის პირველკლასელთა დისტანციური საგაკვეთილო პროცესის თაობაზე, დამატებითი განმარტებები, თუ რა პრინციპით უნდა ისწავლონ წლევანდელმა პირველკლასელებმა, აღარ გაუკეთებია.

ითქვა მხოლოდ ის, რომ ის კერძო სკოლები, სადაც სწავლა უკვე დაწყებული იყო დისტანციურ პრინციპზე გადავიდოდნენ: „ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც უკვე დაიწყეს სასწავლო პროცესი უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. დარჩენილ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტებერს დაიწყება საკლასო ოთახებში, ასევე აუდიტორიებში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, რამდენიმე კერძო სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესს 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს, გაცდენილ ორ კვირას კი მეორე სემესტრს დაუმატებს და 2020-2021 სასწავლო წელს პირველკლასელებისთვისაც 27 მაისის ნაცვლად 15 ივნისს დაასრულებს.

„სკოლამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: პირველკლასელები სწავლას დავიწყებთ 1-ელ ოქტომბერს და გამოტოვებული დღეები დაემატება წლის ბოლოს. ნაცვლად 27 მაისისა სწავლას დავამთავრებთ 15 ივნისს”, – აცხადებს ერთ-ერთი კერძო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

EDU.ARIS.GE კერძო სკოლის მოსწავლის მშობელსაც ესაუბრა, რომელსაც ასევე მიუვიდა მსგავსი შინაარსის შეტყობინება კერძო სკოლიდან, სადაც შვილი ჰყავს დარეგისტრირებული.

„მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც ჩემი შვილი პირველად წავიდოდა სკოლაში, თუმცა ვირუსის შემთხვევების მატების გამო ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მოგვეცა. ძალიან ვდარდობდი, განსაკუთრებით იმას, თუ როგორ უნდა ისწავლოს პირველკლასელმა დისტანციურად, ჩემი მეორე შვილი მესამე კლასშია და მასაც კი ძალიან გაუჭირდა. ბავშვმა, რომელმაც არ იცის მასწავლებლის, სწავლის და კიდევ ბევრი ნიუანსის მნიშვნელობა, ონლაინ ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, როდესაც მოგვივიდა შეტყობინება კლასის დამრიგებლისგან, რომ პირველკლასელები დისტანციურად არ ისწავლიდნენ და 1-ლ ოქტომბერს დაიწყებდნენ სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში, ჩემთვის მართლა იმედისმომცემი იყო. ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ პირველ ოქტომბერს მაინც დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლას სხვა გზა აღარ დარჩება და, ალბათ, პირველი კლასიც დისტანციურად შეუდგება სწავლას, ეს ძალიან არ მინდა“,- აცხადებს პირველკლასელის მშობელი ანა კენჭოშვილი.

კერძო სკოლების უმრავლესობაში EDU.ARIS.GE-ს ასევე დაუდასტურეს, რომ მათი პირველკასელები, ისევე როგორც სხვა საფეხურის მოსწავლეები 15 სექტემბრიდან სწავლას დისტანციურად შეუდგებიან, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ 1-ლ ოქტომბერს სწავლის განახლების შესაძლებლობა საკლასო ოთახებში მიეცემათ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური