GE

[7-09.2019-GE] – საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა

06/09/2019 – 12/09/2019

EDU.ARIS.GE
პროფესიული გამოყენებისათვის

საპილოტე გამოშვება

ზოგადი განათლება

§

16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 700-მდე სკოლაში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, თუმცა 20 სკოლაში რეაბილიტაციის სამუშაოები ვერ დასრულდა. ამას სკოლებში სასწავლო წლის დაწყების გადავადება მოჰყვა. გაცდენილი დღეების სანაცვლოდ ეს სკოლები შაბათობითაც ისწავლიან.

სამინისტრო არ ასახელებს ამ სკოლებს და აღნიშნავს, რომ ისინი თავად უზრუნველყოფენ მოსწავლეების და მშობლების ინფორმირებას.სოციალურ ქსელებში ზიარდება თავად სკოლების ინფორმაცია სწავლის გადავადებაზე. ერთი მათგანი 150-ე სკოლაა, რომელიც სამინისტროს განათლების მასშტაბური რეფორმის ავანგარდში ეგულება. როგორც ჩანს, სამუშაოების დროული დასრულებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

§

2019 წელს პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული 10 000-მდე მასწავლებლობის მსურველიდან 74%-მა საგამოცდო ბარიერი ვერ დაძლია. ეს ბარიერი 10 კრედიტის მოპოვებას გულისხმობდა მაშინ, როცა ამავე გამოცდაზე რეგისტრირებულ 20 000 მოქმედ პრაქტიკოს მასწავლებელს 1 კრედიტის მოპოვებაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების და მაშასადამე, სკოლაში დარჩენის შანსს უქმნის.

სოციალურ ქსელებში მასწავლებლობის მაძიებლები უსამართლოს უწოდებდნენ ამ სიტუაციას და ატრიალებდნენ კითხვას: გამოცდილების მქონე მასწავლებელს მეტი ცოდნა მოეთხოვება, თუ მაძიებელსო? ცოდნა ყველას მოეთხოვება, ვინც მასწავლებლობს ან აპირებს მასწავლებლობას, ასე რომ აქ შეღავათები მომავალი თაობის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ნიშნავს.

§

10 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის.
გამოცდა ნოემბერში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ქუთაისი.

აპლიკანტებს იმაზეც აფრთხილებენ, რომ შეიძლება მათ სხვა ცენტრი მიუთითონ და სხვაგან იქნენ გადამისამართებულნი.

§

2019 წლის 5 ოქტომბერს – მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ სპეციალური ჟიური წლევანდელ საუკეთესო მასწავლებელს დაასახელებს, ჟიურიმ ტრადიციულად წინმსწრებად 5 საუკეთესო მასწავლებელი: გიორგი ჭაუჭიძე, ნათია კურტანიძე, მაია მენაბდე, თამარ ადამია და ქეთევან მერებაშვილი დაასახელა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულს და გათვალისწინებულ ჯილდოს – 10 000 ლარს მიიღებს.

,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ორგანიზატორებმა საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით გააკეთეს განაცხადი, რომ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს საშუალება საპრიზო ფონდში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, ეს არც აქამდე ყოფილა აკრძალული და ჯილდოებიც სწორედ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მონაწილეობით გაიცემოდა.

§

ბულგარეთის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს 6 დღის ცენტრისთვის დახმარებას და ასევე, საქართველოს 15 სკოლისთვის ხელშეწყობას სკოლის დატოვების საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში დასაბრუნებლად. პროექტი გულისხმობს საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებას, შესაბამისი კურიკულუმის და რესურსების შემუშავებას, პედაგოგებისა და აღმზრდელების ტრენინგებს.

პროფესიული განათლება

§

დაიწყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ახალი ეტაპი. პროგრამა მოკლევადიან პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 16 წლის ასაკს ზემოთ არიან, შეუძლიათ, საცხოვრებლის მიხედვით, მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მიიღონ ვაუჩერი (მაქსიმალური – 1000 ლარი, შშმ პირებისთვის – 1500 ლარი) სწავლების დასაფინანსებლად. კურსების ხანგრძლივობა 2-4 თვეა. შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე გამოვლენილ 41 პროფესიაში (გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი…) გადამზადება მოხდება 24 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო 12 სექტემბერს და 20 სექტემბრის ჩათვლით დასრულდება. სასწავლო პროცესი კი 25 სექტემბრიდან დაიწყება.

უმაღლესი განათლება

§

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 10 237-მა აპლიკანტმა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ დაძლია 27,83%-მა.

§

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ, ეს ინფორმაცია სრულად არ არის ცნობილი. მოქმედი რეგულაციებით, პროცედურა ასე გამოიყურება: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უკვე გადაგზავნილი უნდა ჰქონდეთ იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზედაც მომავალ წელს მიღებას გამოაცხადებენ. ამ ჩამონათვალს უნდა ერთვოდეს ჩასაბარებელი საგნების დასახელებაც. ასევე, განათლების მართვის სისტემას ეს ინფორმაცია უკვე გადამოწმებული და 10 სექტემბრისთვის გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრისთვის გადაგზავნილი უნდა ჰქონდეს. ცენტრმა კი ეს ინფორმაცია ცნობარის სახით, 2019 წლის 16 სექტემბერს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განათავსოს.

ახალი წესის თანახმად, უკვე დაზუსტებულია ძირითადად ჩასაბარებელი საგნები: ქართული, უცხოური ენა და მიმართულებების მიხედვით, მათემატიკა ან ისტორია. თავიანთი უფლების შესაბამისად, რა დამატებას გააკეთებენ თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ან გააკეთებენ თუ არა, ეს უცნობია. აბიტურიენტები ორშაბათს მათთვის მნიშვნელოვან და სრულ ინფორმაციას ელოდებიან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია, იმ საგნების რეპეტიტორებისთვისაც, რომლებიც ,,თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

არაფორმალური განათლება

§

6 სექტემბერს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ,,არაფორმალურ განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“. ეს წესი ადგენს არაფორმალური განათლების პროფესიული განათლების ფარგლებში აღიარების წესსა და პროცედურას, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა. ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: პროფესიული განათლების დაწესებულებაში განცხადების წარდგენა, დოკუმენტირება, შეფასება, გადაწყვეტილების მიღება. ბრძანებაში დეტალურად არის აღწერილი ამ ეტაპების დროს გასათვალისწინებელი ნიუანსები და პროცედურა.

არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვა პრიორიტეტად იყო დასახელებული გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის პროფესიული განათლების მონაკვეთში. ამაზე იტყვიან, სიტყვა ნათქვამი არ ჰქონდა და უკვე შეასრულაო.

[7-09.2019-EN] Weekly overview of educational affairs in Georgia (in English)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი