აბიტურიენტები რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 27 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ
დღეს აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის აბიტურიენტები პრიორიტეტულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას ან/და შეცვლას 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეძლებენ.
“აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. იქ მოცემულია მათი როგორც პირვანდელი ქულები, ასევე თუ აპელაცია ჰქონდათ შეტანილი აპელაციის შემდგომი ქულებიც. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ჩაჭრის ზღვარზე იყო, შესაძლებელია აღმოაჩინონ, რომ გათანაბრების შემდეგ მათ მოემატათ ქულა და ზღვარი გადალახული ჰქონდეთ. რეიტინგულ სიაში კი ცვლილების შეტანას ხვალ, 27 აგვისტოს, 18:00 საათამდე შეძლებენ”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგიძე.
აბიტურიენტები საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გაეცნონ:
- საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
- უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტს;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;
- საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას;
- გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
- რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები დამიღებული ქულები.
იხილეთ დეტალურ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ცვლილება სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში:
- აყენებთ კურსორს იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და ირჩევთ ღილაკს – წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს – დამატება, ბოლოს – შენახვა.
- თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს – დამატება და წერთ სასურველ პროგრამას, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს – წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგომი პროგრამა ინაცვლებს პირველ საფეხურზე.
- არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენოთ ღილაკი – შენახვა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება