GE

„აქ სწავლით მხოლოდ დიპლომი არ დაგრჩებათ, აუცილებლად მოხდება თქვენი დასაქმება“ – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი

ნათია ნოზაძე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტია. იმის მიუხედავად რომ მისი ძირითადი პროფესია იურისტობაა და წელს მაგისტრატურაც დაამთავრა, გადაწყვიტა პროფესიულ განათლებასაც დაუფლებოდა და არჩევანი თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სარკინიგზო გადაზიდვების სპეციალობაზე შეაჩერა.

როგორც ნათია ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თეორიული კურსის დასრულების შემდგომ პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებაც აქვს.

ნათია, მოგვიყევით როგორ და რატომ შეაჩერეთ არჩევანი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯზე?

-თბილისში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი შარშან გაიხსნა, მე ამის შესახებ გავიგე მამისგან, რომელიც ასევე საქართველოს რკინიგზაშია დასაქმებული და შემდგომ მეც დავინტერესდი იმ შესაძლებლობით, რასაც სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გვთავაზობდა. კოლეჯში რეგისტრაციის შემდგომ ჩავაბარე შიდა ტესტირება დუალურ პროგრამებზე აპლიკანტების შერჩევისთვის, საერთო პროფესიული ტესტირება, მოვიპოვე დაფინანსება და ამ გზით გავხდი კოლეჯის პროფესიული სტუდენტი და მომეცა საშუალება დავუფლებოდი ჩემთვის სასურველ პროფესიას. კოლეჯში უკვე დავასრულე სწავლების თეორიული ნაწილი, ჩავაბარე შუალედური გამოცდა, ახლა კი ვეუფლები სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას უშუალოდ საქართველოს რკინიგაზში.

-როგორია სწავლის პროცესი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში?

– სწავლების პროცესს რაც შეეხება, პირველ რიგში მსურს გითხრათ, რომ ამისთვის შექმნილია ძალიან კარგი გარემო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა,  კოლეჯს ჰყავს გულისხმიერი ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პროფესიულ სტუდენტებზე და ეხმარება მათ საკუთარი უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ კოლეჯს ჰყავს კვალიფიციური პროფესიული განათლების პედაგოგები, რომლებიც სწავლების პერიოდში იყენებენ პრაქტიკული საქმიანობით დაგროვილ მდიდარ გამოცდილებასა და ცოდნას. ამავე დროს ისინი მზად არიან თითოეული სტუდენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომისადმი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს ვთქვა, რომ მათ  ვისაც სკოლის დასრულების შემდგომ არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, ძალიან კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ აირჩევს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს, რადგანაც ეს კოლეჯი საშუალებას აძლევს თავის პროფესიულ სტუდენტებს, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც და დასაქმდნენ გარანტირებულად.

როგორია თქვენი კოლეჯის კურსდამთავრებულისთვის დასაქმების პერსპექტივა?

– ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ აქ სწავლით მხოლოდ დიპლომი არ დარჩებათ, ცოდნასთან ერთად აუცილებლად მოხდება მათი დასაქმება. კოლეჯში არის 20-22 თვიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები სპეციალობების მიხედვით. თეორიული კურსის დასრულების შემდგომ, პროფესიული სტუდენტი გადადის სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე უშუალოდ საქართველოს რკინიგზის ობიექტებზე, სადაც ხდება კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა განაწილება მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით და ამასთანავე, თითოეული მათგანი იღებს შრომით ანაზღაურებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რითაც ეს კოლეჯი გამოირჩევა არის ის, რომ სწავლის წარმატებით დასრულების შემდგომ  კოლეჯის პროფესიული კურსდამთავრებულები გარანტირებულად საქმდებიან საქართველოს რკინიგზის საწარმოებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაჟებთან ერთად, უკვე ბევრი გოგონა ინტერესდება ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, რაც მე ძალიან მახარებს, რადგანაც ვთვლი, რომ საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპები, პროფესიულ განათლებაში ქალების აქტიური ჩართვის შესახებ, თანდათნობით იმსხვრევა.

– რას ურჩევთ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც პროფესიული განათლების მიღება სურთ?

–  ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევდი მათ, რომ არჩევანი შეაჩერონ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯზე, რადგანაც მის უპირატესობას სწორედ ის განსხვავებული მიმართულების პროგრამები წარმოადგენს, რომლებიც ხორციელდება კოლეჯში. აქ ნამდვილად მიეცემათ საშუალება დაეუფლონ მომავლის პროფესიას, რომლითაც შრომის ბაზარზე უდაოდ მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანები იქნებიან.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური