ახალი პროფესიული პროგრამები და მზადება სრული ზოგადი განათლების ინტეგრირებისთვის – რკინიგზის კოლეჯი 2019 წელს აჯამებს
პროფესიული განათლების ხელშეწყობა მთავრობისთვის 2020 წლის ბიუჯეტშიც პრიორიტეტულია. “განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა წლის შემაჯამებელ სხდომაზე. 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში კი 5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები. მომავალ წელს უნდა გაიზარდოს პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ანაზღაურებაც. აღნიშნულის გათვალისწინებთ, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა მოუსმინოს პარტნიორი კოლეჯების ხელმძღვანელებს და მათთან ერთად შეაჯამოს როგორც გასული წელი, ისე 2020 წლის გეგმები პროფესიულ განათლებაში. ჩვენი სტუმარია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი და მისი დირექტორი მანანა მოისწრაფიშვილი.
-ქალბატონო მანანა, მოგვიყევით როგორია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიღწევები 2019 წელს და რა შედეგზე გახვედით წლის ბოლოს?
-როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა დაფუძნებისას განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი იქნებოდა მსოფლიოში წარმატებულად აპრობირებული გერმანული პროფესიული სწავლების დუალური მეთოდით მოემზადებინა სარკინიგზო ინდუსტრიის სპეციალისტები სს საქართველოს რკინიგზასთან ერთად, რასაც უკვე წელიწად-ნახევარია წარმატებით ვახორციელებთ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოში სარკინიგზო ინდუსტრიის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების, მათი წარმატებულად დასაქმების ხელშეწყობის და, რაც მთავარია, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ განვითარებაში წვლილის შეტანის მხრივ.
კოლეჯმა 2019 წელს დაიმატა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის მიმართულებით და დღეისათვის უკვე 10 პროგრამას ახორციელებს, რომელზეც პროფესიას 320 პროფესიული სტუდენტი ეუფლება, მათ შორის 40 გოგონა.
2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და დაფინანსებით კოლეჯმა მოაწყო მეჩარხის სახელოსნო, რომელსაც 300 000 ლარზე მეტი მოხმარდა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ფასდაუდებელია ეს ინვესტიცია, ვინაიდან მეჩარხე დღეისათვის ძალზე მნიშვნელოვანი და დეფიციტური სპეციალობაა და არცერთ პროფესიულ კოლეჯში არ ხორციელდებოდა მათი მომზადება. პროგრამის მომზადების საკითხში ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი, რომელთა ჩართულობით მიღწეული იქნა დაგეგმილი შედეგები და პირველი ნაკადი უკვე ეუფლება მეჩარხის პროფესიას.
კოლეჯი აქტიურად ებმება ზრდასრულთა განათლების საკითხში. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წელს განხორციელების უფლება დავიდასტურეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებაზე. ამგვარად, ჩვენს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო კერა იქნება ჩართული სწავლა სიცოცხლის მანძილზე მიდგომის განხორციელებაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის მოქმედი თანამშრომლების განვითარებისთვის.
კოლეჯის ადმინისტრაცია 2019 წელს ინტენსიურად მუშაობდა პროფესიული განათლების მასწავლებლების, წარმოების ინსტრუქტორებისა და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებაზე. კერძოდ, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიერ ჩატარდა სასერტიფიკატო ტრენინგები კოლეჯის 63 პროფესიული მასწავლებლისთვის, საქართველოს და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით მენტორ-ინსტრუქტორთა ,,Deutsche Bahn International“ GmbH, Germany ექსპერტების მიერ გადამზადდა 46 დუალური სწავლების ინსტრუქტორი, კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალისთვის კი არაერთი ტრენინგი ჩატარდა გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.
2019 წელს კოლეჯმა დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებისა და საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციების გაცემისთვის რიგი სამუშაოები. მაგალითად, განხორციელდა ,,ლოკომოტივის მართვის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივის მოთხოვნათა ასახვის მიზნით, „რკინიგზის ელექტრო მომარაგების მეურნეობის“ პროფესიული პროგრამის BTEC საერთაშორისო კვალიფიკაციის მინიჭების სამუშაოები და სხვ.;
კოლეჯმა ასევე დაიწყო მზადება სრული ზოგადი განათლების ინტეგრირების განხორციელების პროცესისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში „სარკინიგზო გადაზიდვები“;
კოლეჯის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს თვითშეფასებასა და განვითარებაზე. ეფექტური მართვისთვის დაინერგა KPI სისტემა, რომლის მიხედვით ხორციელდება სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული მიზნების მონიტორინგი, შეფასება, მოდიფიცირება და განვითარება.
აღსანიშნავია იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოქნილობა, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს. პროფესიული სტუდენტი უმოკლეს ვადაში 17-22 თვეში ეუფლება როგორც დარგობრივ კომპეტენციებს, რაც მისი დასაქმების არეალს ზრდის მომავალში, ასევე სარკინიგზო ინდუსტრიისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს. სწავლის შედეგების ხარისხიანად მიღწევის დასადასტურებლად შექმნილია და დანერგილია შეფასების სანდო სისტემა. სტუდენტებს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე გადასვლამდე უტარდებათ კომპლექსური შუალედური გამოცდა სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო მისი წარმატებით დაძლევის შემდეგ მათთან კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას და სწავლა-მუშაობას აგრძელებენ უშუალოდ კომპანიაში, მათი მომავალი დასაქმების ადგილებზე. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას პროფესიული სტუდენტები აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში.
-შეაფასეთ კონკრეტული საკანონმდებლო ან სხვა ნაბიჯები რომელიც გადაიდგა ამ წლის მანძილზე პროფესიული განათლების განვითარებისთვის (სახელმწიფოსგან) ან არ გადაიდგა და იყო მოლოდინი.
-ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებად მიგვაჩნია პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ჩიხების გაუქმება და საბაზო განათლების მქონე პირებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობისა და მომავალში, სურვილის შემთხვევაში, აკადემიური განათლების მიღებისთვის დაბრკოლების მოხსნა. ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია საბაზო საფეხურდამთავრებული სკოლის მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც ადრეულ ასაკში შეძლებენ პროფესიებში ძალების მოსინჯვას, პარალელურად კი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღებას.
ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასოცირებული ხარისხების შემოტანა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული პროფესიული უნარებისა და აკადემიური ცოდნის კომბინაციით ახალგაზრდებს მოკლე ვადაში მივცეთ პროფესიების დაუფლებისა და წარმატებული დასაქმების შანსი.
-როგორია თქვენი კოლეჯის ადგილი და როლი ქართული პროფესიული განათლების ჭრილში 2019 წელს და რა მოლოდინები გაქვთ 2020 წლისგან?
-საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელშიც საქართველოს რკინიგზა უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია. შესაბამისად, ჩვენს კოლეჯს მნიშვნელოვანი მისია ერგო წილად, მოამზადოს სარკინიგზო ინდუსტრიისთვის კვალიფიციური სპეციალისტები და ვაცნობიერებთ რა დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მუდმივად ვცდილობთ, წარმოების განვითარების ტემპს მოვერგოთ. კოლეჯი 2020 წელს უმთავრეს საკითხად მიიჩნევს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესაბამისად პროფესიული სწავლების განვითარებას რკინიგზის მიერ დასანერგი 5 დირექტივისა და 3 რეგულაციის გათვალისწინებით.
-რა არის 2020 წლის გეგმები და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც კოლეჯმა უნდა შეასრულოს მომავალ წელს და სურვილები ქართული პროფესიული განათლების გაჯანსაღებისთვის (ანუ რაში ხედავთ სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის ჩართულობას, საით უნდა მიემართოს მათი ყურადღება)?
-გარდა ზემოთ აღნიშნული უმთავრესი საკითხებისა, კოლეჯს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია გააფართოვოს კავშირები სარკინიგზო ინდუსტრიის სხვა კომპანიებთანაც, დაიმატოს ახალი პროფესიული პროგრამები და სასერტიფიკატო კურსები და, ამასთანავე, დაიწყოს სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტების განხორციელება, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდოს პროფესიულ განათლებაში წინასწარ გაცნობიერებულად. ამ უკანასკნელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გვიწყობს ხელს, ჩვენ მხოლოდ აქტივობების სწორად დაგეგმვა და ხარისხიანად განხორციელება გვევალება. კოლეჯში შემუშავებულია საინტერესო პროექტები და, ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლისთვის შევძლებთ საზოგადოებას უკვე პირველი შედეგებიც გავაცნოთ.
- სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა by სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
- სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ტრენინგი „პროფესიულ მასწავლებელთა სამეწარმეო კომპეტენციის განვითარება“ დაიწყო by სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
- „აქ სწავლით მხოლოდ დიპლომი არ დაგრჩებათ, აუცილებლად მოხდება თქვენი დასაქმება“ – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი by სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი