„არ გამოვრიცხავ, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, ზოგიერთი რეკომენდაცია დაიხვეწოს“ – აბიტურიენტების პეტიცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არაა, 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გადაიხედოს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რომელ წესს შეიძლება შეეხოს ცვლილება, თუმცა კითხვა დასმული იყო იმის შესახებ, რამდენად არის შესაძლებელი გამოცდების გადავადება ეპიდსიტუაციის შესაძლო გამწვავების გათვალისწინებით.
„არ გამოვრიცხავ, მოგეხსნებათ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება. ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად იმუშავა ჯგუფმა ეროვნული გამოცდების ცენტრთან, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით. რეკომენდაციებს რაც გაჟღერდა, ვფიქრობ, მინიმუმამდე დაყავს გამოცდების დროს ინფექციის გავრცელების რისკი. ვიცით, რომ 100%-ანი არაფერია და რაღაც რისკი ყოველთვის არის, ამიტომ შესაძლებელია, მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია კიდევ უფრო დაიხვეწოს, სანამ ეროვნული გამოცდები დაიწყება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ პირბადეები გაკეთების აუცილებლობამ და მისი ორჯერ მოხსნა-ჩამოწევის შემთხვევაში აპლიკანტის გამოცდიდან მოხსნის დაანონსებამ აბიტურიენტებში საკმაოდ დიდი აღშფოთება გამოიწვია. თემაზე მესამე დღეა არ წყდება პოლემიკა აბიტურიენტების ჯგუფებში, სადაც ამ რეგულაციას აპროტესტებენ. მათი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ამირან გამყრელიძის სიტყვებმა, რომელმაც განაცხადა, რომ „პირბადის ტარება არ არის ისეთი დისკომფორტი, რომლის გამოც ქვეყანამ ეროვნული გამოცდები უნდა გადადოს“.
უამრავმა ახალგაზრდამ განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუქის გვერდებს თავისი აზრი მისწერა და გადაწყვეტილების გადახედვა ითხოვა. ისინი სხვებსაც იგივესკენ მოუწოდებენ, რადგან იმედოვნებენ, რომ თუკი პროტესტს ბევრი მათგანი გამოხატავს, პირბადის ტარების აუცილებლობასთან, ან კონდინციონერის ჩართვის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები შეიცვლება. შექმნეს პეტიციაც – „გამოცდები პირბადის გარეშე“, სადაც ისინი უშუალოდ გამოცდის წერის პროცესში პირბადის მოხსნის დაშვებას ითხოვენ.
„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ პროტოკოლით განსაზღვრული წესები და ვატაროთ პირბადე ყველა იმ საჭირო პროცედურის განმავლობაში, რომლებიც გამოცდებს თან ახლავს (რეგისტრაციისა და ოთახებში შესვლის დროს პირბადე გვექნება, მოვიხსნით მხოლოდ წერის დროს.) ყველას გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი და მოაწეროთ ხელი ჩვენს პეტიციას“, – აღნიშნულია პეტიციაში. მას ხელს უკვე 750-მდე ადამიანი აწერს.
ახალგაზრდებში გაიჟღერა იდეებმაც იმის შესახებ, რომ პროტესტს უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიეცეს და მხოლოდ ფეისბუქის ჯგუფებში გამოთქმულად არ დარჩეს. ისინი საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბებასა და მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნას გეგმავენ. მათი გარკვეული რაოდენობა კი პროტესტის ქუჩაში გამოხატვის მომხრეა. „ხელისუფლებამ, მინიმუმ, 39 000 ხმა დაკარგა“, – წერენ აბიტურიენტები.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება