აუდიტი: პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 18 მილიონიდან 8,5 მილიონი ვერ აითვისეს
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი 18 მილიონი ლარიდან, მხოლოდ 9,5 მილიონი ლარის აითვისება შეძლო, დარჩენილი თანხები კი სხვა პროგრამებზე გაანაწილა და ვალები გაისტუმრა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში, ადგილი აქვს პროგრამების ან ქვეპროგრამების ფარგლებში ჭარბი ოდენობით რესურსის დაგეგმვას და წლის განმავლობაში აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილებას. გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს თანხების გადანაწილებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის კანონით და მათი განხორციელება წლის განმავლობაში გადაწყდა.
მაგალითისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამას – „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება“ 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განესაზღვრა დაფინანსება 18 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც ათვისებულია 53% (9.5 მლნ ლარი). დანარჩენი თანხიდან 3.5 მლნ ლარი გადანაწილებული იქნა სამინისტროს სხვა ქვეპროგრამებში, ხოლო 5 მლნ ლარი წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტროს აღნიშნულ ფაქტს გაუთვალისწინებელი გარემოებებით ხსნის.
„დაბალი ათვისება და თანხის გადანაწილების საჭიროება განპირობებულია პროფესიული სასწავლებლების დასაფუძნებლად ახალი ლოკაციების შერჩევისა და მიწების რეგისტრაციის პროცესის შეფერხებით, რისი გათვალისწინებაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე არ მომხდარა“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
აუდიტის წლიურ ანგარიშში ასევე მოხვდა „ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 0%-ინი ათვისებაა დაფიქსირებული.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები