ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს
განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა და დაადგინა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგების კვალიფიკაციის დონე დაბალია.
„ბაღის მასწავლებელთა საშუალო ასაკი 40-დან 47 წლამდეა. მათგან მხოლოდ 32,2%-ს აქვს უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების სფეროში, 35,4%-ს – პროფესიული, ხოლო 32%-ს არ აქვს ამ დარგში განათლება. აღმზრდელ-პედაგოგთა 40%-ს არ აქვს გავლილი არანაირი ტრენინგი და საწყისი განათლება ათწლეულების წინ აქვთ მიღებული. რაც შეეხება აღმზრდელების განათლებას, მათ მხოლოდ მცირე ნაწილს (21.2%) აქვს რაიმე ტიპის განათლება სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიურ სფეროში, უმეტესობას (72.3%) არ აქვს გავლილი არანაირი პროფესიული გადამზადების კურსი, ტრენინგი და სხვ,“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს ერთიანი სტრატეგის დოკუმენტში.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში განათლების სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს შეიმუშავებაში აქტიურ ჩართულობას გეგმავს. როგორც 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტშია გაწერილი შეიქმნება მეთოდოლოგიური მასალები, ხოლო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს სერტიფიცირება ჩაუტარდებათ.
საქართველოს სკოლამდელ საგანმანათლებლო სისტემაში სულ 1447 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც დასაქმებულია 5 184 აღმზრდელი და 600 მეთოდისტი. საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, თბილისის მასშტაბით სულ 171 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 61 500-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. დედაქალაქის საჯარო ბაღებში ჯამში 9000-ზე მეტი პირია დასაქმებული. მათ შორის დირექტორი, მოადგილე, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, მზარეული და ა.შ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თქვა, რომ საბავშვო ბაგა–ბაღების მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების მომატება და დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება.
როგორია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები – პროფესიული სქემის ამოქმედების ვადები
„საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება სქემის მიხედვით დარეგულირდება“
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება