GE

„ჩადი იმეცადინე და ამოდი ისევ“ – ანუ 7 საზაფხულო დავალება ეზოში შესასრულებლად

მშობლების საზაფხულო ფრაზა „ამოდი, იმეცადინე და ჩადი“ ისევე ჟღერს, როგორც მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლების მუქარა წლის ბოლოს სიცილთან დაკავშირებით, თუმცა ბავშვს მეცადინეობის სურვილს ვერც ერთი აღუძრავს და ვერც მეორე. მათი მოტივაცია, რომელსაც უფროსები ხშირად უმნიშვნელოდ თვლიან, სულ სხვა რელსებზეა აწყობილი. ზაფხულის თვეების განმავლობაში ბავშვებს დასვენება და გართობა სჭირდებათ, მაგრამ გასაკვირი არც მშობლებისა და იმ პედაგოგების შიშია, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა მოსწავლეს დაავიწყდება, თუ არდადეგებს მთლიანად დასვენებას მოახმარენ. ამიტომაც, საზაფხულო საგზლად მასწავლებლები სიცილს თუ არა, დავალებების მთელ ნუსხას ატანენ და იმედოვნებენ, რომ ეს ბავშვებს რეჟიმში ყოფნაში დაეხმარებათ.

სტანდარტული დავალებების გარდა არსებობს რამდენიმე აქტივობა, რომელიც მოზარდის გონებას გაააქტიურებს და თან მას ხალისით შეასრულებენ. გაგაცნობთ educationworld- ის მიერ შემოთავაზებულ 7 საინტერესო დავალებას, რომელთა შესრულებაც ბავშვებს ეზოში მეგობრების წრეში შეუძლიათ:

1.უბნის ისტორიის გამოკვლევა – ბავშვებს უყვართ მითებისა და ძველი ამბების მოსმენა. უბნის უხუცესები კი მათთან სასაუბროდ ყოველთვის მზად არიან. მიაწოდეთ ბავშვებს მათთან ინტერვიუების ჩაწერისა და ამ გზით საკუთარი უბნის ისტორიის გამოკვლევის იდეა. მოზარდებს შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი შეკითხვები:

  • რამდენი ხანია აქ ცხოვრობთ? რამდენი წლის წინ დაიწყო უბნის ჩამოყალიბება, როდის დასახლდა აქ ხალხი?
  • ვისი ოჯახი იყო პირველი მოსახლე?
  • რაიმე უცნაური ამბავი ხომ არ უკავშირდება რომელიმე ქუჩას?
  • რომელი ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ აქ?

2.დიორამა ზღაპრის მიხედვით – წაიკითხონ რაიმე ზღაპარი, იმსჯელონ მასზე და ბოლოს ამოირჩიონ ერთი ეპიზოდი, რომლის მიხედვითაც დიორამას (ტექსტის მიხედვით სამგანზომილებიანი სცენის შექმნა) გააკეთებენ.

3.მკითხველთა კლუბი – სამეზობლოს ბავშვებს სთხოვეთ აირჩიონ წიგნი და მოაწყონ საჯაროდ კითხვის დღეები. ერთად ეზოში კითხვა ბავშვებისთვის ბევრად უფრო სახალისო იქნება, ვიდრე ოთახში გამოკეტვა. შემდეგ ჩამოწერეთ შეკითხვები და მიეცით მათზე მსჯელობისა და შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალება.

4.ტური სასწავლებელში – თუ თქვენს ქალაქში უნივერსიტეტი, კოლეჯი ან რაიმე ტიპის სასწავლებელია გაუწიეთ ორგანიზება პატარა ექსკურსიას, წაიყვანეთ ბავშვები იქ და დაათვალიერებინეთ გარემო, სადაც მომავალში სწავლა მოუწევთ.

5.ხელნაკეთი ნივთების დამზადება – მიეცით ბავშვებს ნაჭრები, პლასტელინი, ძაფები და ყველა ის საჭირო მასალა, რომელთა გამოყენებითაც ნივთების შექმნას შეძლებენ. შემდეგ აარჩიეთ კონკრეტული თემა (მაგალითად, ლაბორატორიის ჭურჭელი, ფრინველები, კომპიუტერის ნაწილები, მუსიკალური ინსტრუმენტები), სთხოვეთ, აარჩიონ რომელიმე მათგანი და თითოეულმა დაამზადოს თემატური ნივთი. მანამდე კი, მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია, რათა გაეცნონ, რას მოიცავს ესა თუ ის თემა.

6.ფილმის საჯარო ჩვენება – საღამოს, ღია ცის ქვეშ ფილმის ყურება უფროსებისთვის და ბავშვებისთვის დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებაა. ფილმის დასრულების შემდეგ კი მასზე მსჯელობა დღის საუკეთესო დასასრული იქნება.

7.წვეულების ორგანიზატორი – შვილთან ერთად დაგეგმეთ საოჯახო ან სამეზობლოს წვეულება. ბავშვთან ერთად ჩამოწერეთ იმ აქტივობების სია, რომელთა განხორციელებაც თქვენს სახლში/უბანში შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ თამაშები ყველა სტუმრისთვის საინტერესო უნდა იყოს. ივენთი დაგეგმეთ შემდეგი პუნქტების მიხედვით:

  • გაანაწილეთ საქმე – ვინ რის მოგვარებაზეა პასუხისმგებელი
  • წვეულების დეკორაცია, ვახშამი – რისი შეძენა გჭირდებათ?

რა თანხა გჭრდებათ წვეულების მოსაწყობად?

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური