2000-მდე გამოკითხული პროფესორი ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა სტუდენტების მიმართ მათი ნდობა შეარყია – კვლევა
„ამერიკელი პროფესორები აცხადებენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეამცირა მათი ნდობა სტუდენტების ნამუშევრების ავთენტურობის მიმართ“.
Inside Higher Ed-ის მიერ დღეს, 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის კვლევას ეყრდნობა, ვიგებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროფესორ-მასწავლებლები შეშფოთებულნი არიან სახელმწიფო პოლიტიკითა და ხელისუფლების უმაღლეს განათლებაში ჩარევით, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდა აწუხებთ. პროფესორ-მასწავლებლების ნახევარმა კი თქვაა, რომ ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი შეშფოთების საგანია. ხელოვნური ინტელექტის (ChatGPT და სხვა) მასობრივმა გამოყენებამ მათ დაუკარგა იმის გარკვევის უნარი, თუ რამდენად დამოუკიდებლად ასრულებენ სტუდენტები დავალებებს.
„ყველა შტატის პროფესორ-მასწავლებელი ხედავს, რომ სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს ისე იყენებენ, ეს ძირს უთხრის სწავლის პროცესს და ასევე [მათგან შესრულებული] სამუშაოსადმი ნდობას“, – განაცხადა ხოსე ანტონიო ბოუენმა, ამერიკის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ასოციაციის უფროსმა მკვლევარმა.
როგორც Inside Higher Ed-ის ანგარიშში ვკითხულობთ, გამოკითხული რესპონდენტი ფაკულტეტის წევრებიდან თითქმის 10-დან ცხრა ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გარკვეულწილად ან ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია მათ ნდობაზე სტუდენტების ნაშრომების ან კომუნიკაციის ავთენტურობის მიმართ. სოციალურ მეცნიერებათა (90%) და ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრები (92%) ამას უფრო ხშირად ამბობდნენ, ვიდრე STEM პროფესორები (86%) და სამართლის ან ბიზნესის პროფესორები (82%), თუმცა განწყობა ნეგატიურია სფეროს მიუხედავად. რესპონდენტი ფაკულტეტის წევრების დაახლოებით ორი მესამედი (67%) ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გარკვეულწილად ან ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია მათსა და სტუდენტებს შორის ნდობაზე.
გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ნეგატიურ ეფექტით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა პროფესორებისა და სტუდენტების ურთიერთობები. აი რატომ: გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (53 პროცენტი) განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს არანაირი გავლენა არ მოუხდენია სტუდენტებთან მათ საერთო ურთიერთობაზე, 40 პროცენტი ამბობს, რომ მას გარკვეულწილად ან ძალიან უარყოფითი გავლენა ჰქონდა, ხოლო 7 პროცენტი ამბობს, რომ მას გარკვეულწილად ან უკიდურესად დადებითი გავლენა ჰქონდა.
„ეს იმის დასტურია, რომ ფაკულტეტის წევრებს შეუძლიათ განასხვავონ ეს ორი რამ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მე არ ვენდობი იმას, რასაც ვხედავ ჩემი სტუდენტების მიერ წარდგენილ ნაშრომებში, მაგრამ მაინც მიყვარს ჩემი სტუდენტები. ეს მათთან ჩემი ურთიერთობის მხოლოდ ერთი ნაწილია, ამის დანახვა დამაიმედებელი და პოზიტიურია“, – განაცხადა Inside Higher Ed-ის თანახმად პოლ ლებლანკმა, სამხრეთ ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა და წიგნის „დაბრუნების მიზანი: უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში“ ავტორმა.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ფაკულტეტის წევრები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ყველაზე პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხებოდა მათ შესაძლებლობას, დროული ან ინდივიდუალური მხარდაჭერა გაეწიათ სტუდენტებისთვის.
გამოკითხვის შესახებ: გამოკითხვისთვის, Inside Higher Ed-მა და Hanover Research-მა 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში 100 296 ფაკულტეტის წევრს გაუგზავნეს ელექტრონული ფოსტით და მიიღეს 1 665 სრული ან ნაწილობრივი პასუხი. შეცდომის ზღვარი 2.4%-ია. გამოკითხულთა უმრავლესობა – 1,311 – საჯარო დაწესებულებებში მუშაობს, ხოლო 354 – კერძო არაკომერციულ ორგანიზაციებში.