„ჩვენს პროფესიულ კოლეჯში ძალით არავინ მოდის, აქ პროფესიის დაუფლების მსურველები არიან“
განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, როგორც მთავრობის წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს, პროფესიული განათლების მიმართულება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული ღონისძიებაც „უნარები საქართველოსთვის – პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ სწორედ პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ კოლეჯები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. EDU.ARIS.GE მათ დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეების შესახებ ესაუბრა.
საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფომაციული ტექნოლოგიების აკადემია“ საკუთარ სტუდენტებს კურსების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. როგორც კოლეჯის დირექტორი მამუკა ჯანჯალია EDU.ARIS.GE – სთან საუბარში ამბობს, მათი წარმატების ფორმულა სწორად შერჩეული სასწავლო პროგრამებია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია და შემოსავლის საკუთარი წყაროც აქვს.
„ჩვენი კოლეჯის წარმატების ფორმულა ის არის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია სხვადასხვა კომპანიებში პროფესიების მიხედვით. ამას გარდა, მოქმედი სტუდენტები სწავლის პერიოდშივე ქმნიან საკუთარ კომპანიებს და მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან არ არსებობს სტუდენტი, რომელიც ძალით მოდის. აქ მოდიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც სურთ პროფესიას დაეუფლონ და ჩვენ შევუწყობთ ხელს ყველას, რომ თავისი მომავალი უკეთ განსაზღვროს და წარმოაჩინოს“, – განაცხადა მამუკა ჯანჯალიამ.
აღსანიშნავია, რომ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ერთადერთი კოლეჯია, რომელიც მხოლოდ აიტი მიმართულების არის. კოლეჯში სწავლება ამ ეტაპზე 6 მიმართულებით მიმდინარეობს. მომავალში კი, კოლეჯის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ფილიალები თბილისის გარდა რეგიონებშიც გახსნან. საზოგადოებრივ კოლეჯი ასევე ჩართულია ზრდასრულთა მომზადება-გადამზადების პროექტშიც.
ფილიალები უკვე გახსნა გამოფენაში მონაწილე კიდევ ერთმა, ქობულეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა. „ახალი ტალღაც“ 2012 წელს შეიქმნა და ამ ეტაპზე სწავლებას 52 საგანმანათლებლო პროგრამაზე ახორციელებს. როგორც კოლეჯის წარმომადგენლები აცხადებენ, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების მთავარ კრიტერიუმად კურსდამთავრებულთა პიროვნულ და პროფესიულ წარმატებას მიიჩნევენ.
მიმდინარე წელს მათ სასიამოვნო სიახლეები აქვთ განსაკუთრებით ზემო აჭარის მოსახლეობისთვის. როგორც კოლეჯის დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილმა EDU.ARIS.GE – სთან ამბობს, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფილიალი ზემო აჭარაშიც გახსნეს. სტუდენტები კი აქ სწორედ იმ პროფესიებს დაეუფლებიან, რაც საქართველოს ზღვისპირეთში დამსაქმებელთა მხრიდან განსაკუთრებით მოთხოვნადია.
„ჩვენთან სასიამოვნო ფაქტია – ზემო აჭარაში ფილიალი გავხსენით, ასევე გვაქვს ორი ცენტრი ბათუმსა და ანაკლიაში. ჩვენთან სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. გაზაფხულის მიღებაზე მაქსიმალური აქტიურობა იყო მსურველთა მხრიდან და კონკურსიც კი გვქონდა. აქტიურად ვთანამშრომლობ იმ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც დღეს აჭარაში არიან წარმოდგენილი. როცა საზოგადოება ხედავს, რომ „ახალი ტალღა“ მარტო არ მოქმედებს და ჰყავს სერიოზული პარტნიორები, ეს მათი ნდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა ლაშა ხახუტაიშვილმა.
„ახალი ტალღის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ დუალური მიდგომის სწავლების დანერგვა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა პროფესიული განათლების კუთხით და ჩართული არიან ზრდასრულთა მომზადება-გადამზადების პროექტშიც.
„ვფიქრობ, დუალური მიდგომის სწავლება ეს არის ის სიახლე და ის მიდგომები, რომელიც ძალიან კარგად ინერგება საქართველოში და ჩვენც მაქსიმალურად ვიყენებთ ამ შანსს. ვფიქრობ, ეს სიახლე ყველა კოლეჯში უნდა განვითარდეს“, – განაცხადა ლაშა ხახუტაიშვილმა.
„უნარები საქართველოსთვის – პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ სამი ნაწილად წარიმართა და მასში 150-მდე ექსპერტი და მონაწილე სტუმარი იღებდა მონაწილეობას.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები