„ცოტა უპასუხისმგებლობაა მშობლების მხრიდან“ – საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი დაბალია
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. სკოლების დიდ ნაწილში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი დაბალია. მშობლების ნაწილი ამ ფაქტს სეზონურ გრიპის ვირუსებს უკავშირებს და ამბობს, რომ შვილის გადამდები დაავადებისგან დაცვა სურს, სკოლების წარმომადგენლები კი – სადღესასწაულო პერიოდზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოსწავლეების ნაწილი დასასვენებლადაა წასული და დაბრუნებას ორშაბათიდან გეგმავს.
ქვეყანაში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სეზონური ვირუსების რიცხვმა იმატა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა ისეთი სირთულის არ არის, რომ სწავლის გადადება აუცილებელი ყოფილიყო.
დღეს დილიდან სწავლა საჯაროს კლების დიდ ნაწილში განახლდა, თუმცა მოსწავლეების ნაწილი არ გამოცხადდა. EDU.ARIS.GE დედაქალაქის და რეგიონის საჯარო სკოლების წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მოსწავლეების არ გამოცხადების მიზეზების გარკვევა სცადა.
თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი მექვევრიშვილი ამბობს, რომ სკოლაში დახლოებით 15-20 პროცენტით ნაკლები ბავშვი მივიდა.
„გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ბევრი ბავშვი იყოს დაავადებული, თუცა დასწრება არ არის ის, რც უნდა იყოს ხოლმე საერთოდ. დახლოებით 15-20 პროცენტით ნაკლები მოსწავლე გამოცხადდა. უმეტეს შემთხვეევაში, კლასში გვაკლია 3-4 მოსწავლე. საგანგაშო სურათი არ არის, უბრალოდ, შეიძლება, ეს 15 იანვრის ამბავია და იმისიც, რომ შუა კვირაა, ოთხშაბათია, ამ სიტუაციას გრიპის ვირუსს უფრო არ ვუკავშირებ“, – ამბობს ის ჩვენთან საუბარში.
თბილისის 175-ე სკოლის დირექტორ თინათინ ალავიძის თქმით, სკოლაში მოსწავლეების მხოლოდ ნახევარი მივიდა.
„50%-ია დასწრების მაჩვენებელი, თავს არიდებენ გამოცხადებას. ნაწილი ჯერ კიდევ გასულია ქალაქიდან და არ არაინ ჩამოსულები, ცოტა უპასუხისმგებლობაა მშობლების მხრიდან, შესაძლებელია მათ ვირუსებისგან ბავშვების დაცვა სურთ, თუმცა არ არის ისეთი შემთხვევები დაფიქსირებული, რომ ბავშვი ავად იყოს“, – განაცხადა მან.
მოსწავლეების გამოცხადების დაბალი მაჩვენებელია თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა და 147-ე საჯარო სკოლაშიც.
„კლასები ჩამოვიარეთ და დაბალია დასწრება, ძირითადი ნაწილი მაინც არ არის ჩამოსული ქალაქში, გასულები არიან რეგიონებში. გრიპთან დაკავშირებით რომ ვინმე მძიმედ იყოს, არა. მიზეზი უფრო ისაა, რომ ორშაბათიდან აპირებენ დაიწყონ მოსვლა“, – განაცხადა 147-ე სკოლის დირექტორმა ირინე წიკლაურმა.
როგორც აღმოჩნდა, სასწავლო პროცესი 20 იანვრამდეა გადადებული თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში, რადგან დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს „სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შენობის მეორე სართულზე, ამიტომ, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, სასწავლო პროცესი ორშაბათამდე გადავდეთ“, – აცხადებს სკოლის დირექტორი მაია ლელაშვილი.
რაც შეეხება რეგიონებს, აღმოჩნდა, რომ დასწრების მაჩვენებელი ნაკლებია ქალაქებში, სოფლის სკოლებში კი – ეს პრობლემა არ დგას.
„დასწრება არ არის კარგი, მაგრამ დავუკავშირდით მშობლებს და დიდი ნაწილი ამბობს, რომ ჯერ არ არიან ჩამოსულები სოფლებიდან და მცირე ნაწილია, რომლებიც ამბობენ, რომ გაციებულები ჰყავთ ბავშვები, – ამბობს ქუთაისი მე-15 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუხიანის საჯარო სკოლაში განგვიცხადეს, რომ სკოლაში სულ 122 მოსწავლე ირიცხება და დასწრების მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ია.
სკოლაში არსებული 6 მოსწავლიდან 5 გამოცხადდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნის საჯარო სკოლაში.
„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ამ ეტაპისთვის დასწრება ნორმალურია, მთიანი რეგიონი ვართ სულ 6 მოსწავლე გვყავს და 5 არის გამოცხადებული, ერთი ვერ მოვიდა“,- განაცხადა დირექტორმა მანანა თევზაძემ EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
საჯარო სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება