„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „ფაზისი“
14 ნოემბერს ფოთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ფაზისში“ საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.
პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდს – https://edu.aris.ge/tvet/, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.
აღნიშნულ პრეზენტაციას „ფაზისის“ დირექცია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ მეთევზეობის, შემდუღებლის, თმის სტილისტის, სასტუმრო და სარესტორნო საქმის, ტექსტილის, ელექტრიკოსის და სხვა მიმართულების სტუდენტები. ისინი პროექტით ძალიან დაინტერესდნენ და სტუდენტების ნაწილი ადგილზევე დაჩექინდა,
დაჩექინება მარტივია და კოლეჯ „ფაზისის“ სტუდენტებმა საკუთარი მონაცემების დატოვება ფაზისის მიკროვებგვერდზე https://edu.aris.ge/tvet/fazisi.html შეუძლიათ.
კოლეჯი „ფაზისი” უნიკალურია იმით რომ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ აქ ისწავლება ისეთი საჭირო სპეციალობები, როგორიცაა: ფერმერობა-მეთევზეობაში, თევზის გადამუშავება და ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში. კოლეჯი „ფაზისი“ ახლო მომავალში გაფართოებას გეგმავს და ახალი ფილიალი ხობში ახლო მომავალში გაიხსნება.
პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.