GE

კოლეჯი ფაზისი ფოთში – ინოვაციური სპეციალობები ქვეყნის მასშტაბით და რეგიონალური მნიშვნელობა

„პროფესიული განათლება – უმოკლესი გზა დასაქმებისკენ“, – ამ სლოგანით ფოთში არსებული  სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი 12 მოდულურ პროგრამას ახორციელებს. სასწავლებელში ყოველწლიურად 900- მდე სტუდენტი უფასოდ იღებს განათლებას.   საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ფაზისში ისწავლება ისეთი საჭირო სპეციალობები, როგორიცაა: ფერმერობა-მეთევზეობაში, თევზის გადამუშავება და ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში.

„ჩვენს ქვეყანაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან მეთევზეობის მიმართულება სიახლეა. ამ დარგის  სპეციალისტებზე  მოთხოვნა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა და კოლეჯის ინიციატივით, ეს ინოვაცია მხოლოდ აქ  დაინერგა. ინოვაციას წარმოადგენს ისიც, რომ სპეციალურად მეთევზეობის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის შეიქმნა ვებ–პორტალი და ელექტრონული სწავლების პლატფორმა, ასევე ელექტრონული ტექნიკური ვირტუალური ლაბორატორია“, – აცხადებენ სასწავლებელში.

იხილეთ ფაზისის პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი

კოლეჯი პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს 6-დან 22 თვემდე ვადაში ახალი პროფესიის შეძენის, ან ძველ პროფესიაში ცოდნის გაღრმავების, ასევე 60-მდე პარტნიორ ბიზნეს კომპანიაში დასაქმების შანსს აძლევს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურსდამთავრებულთა  დაახლოებით 65% საქმდება; მათ შორის   არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ კომპანიას აფუძნებს. „2016 წელს, დავით ჩიტიანმა სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი საშემდუღებლო საამქრო  გახსნა და   ოთხი თანაკურსელი დაასაქმა. აღნიშნული საამქრო ჩვენი სასწავლებლის პრაქტიკის ბაზა გახდა, რითაც  ვამაყობთ,“- აღნიშნავენ სასწავლებელში.

კოლეჯის შესახებ

ფოთში პროფესიული სასწავლებელი  1957 წლიდან ფუნქციონირებს,  2017 წელს კი მას საზოგადოებრივი  კოლეჯის სტატუსი მიენიჭა.  წლიდან წლამდე სასწავლებლის მიმართ ინტერესი მეზობელი რაიონებიდანაც მზარდია. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში  მისი არეალის გაფართოება.   მიმდინარე წლის  აგვისტოში  სასწავლებელმა უფლება მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები   ხობის  მუნიციპალიტეტშიც განახორციელოს. „ხშირად  მოგვმართავენ  აბაშის, სენაკის , ასევე სუფსისა და გრიგოლეთის  მცხოვრებლები, რადგან  მათთან ადგილზე პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი არ არის.  გარდა იმისა, რომ  ჩვენთან  არჩევანი მრავალფეროვანია,  ყველანაირად  ვპასუხობთ თანამედროვე მოთხოვნებს“, – ამბობენ სასწავლებელში.

ფაზისი ერთადერთი პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა ფოთში, რომელიც უახლესი   მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი.   კოლეჯი  ავტორიზებულია  და   ადაპტირებულია  სსმპ და შშმ პირებზე,  არსებობს პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.

კოლეჯში მიღება შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება.  მსურველთა ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირების  გზით ხორციელდება.

ფაზისი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს  –  „ინოვაციები საქართველოს მეთევზეობის ინდუსტრიაში.  სწორედ ამიტომ სასწავლებელი  ინოვაციური თევზის მრეწველობის მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა, აქვე ფუნქციონირებს ლაბორატორია და თევზის გადამუშავების სახელოსნო.

კოლეჯში  აცხადებენ, რომ  პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით  შემუშავდა გარემოსდაცვითი, გენდერული და სოციალური ინტეგრაციის მართვის გეგმები. სასწავლებლის ადმინისტრაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით მოსწავლეების ინფორმირებას აქტიურად ეწევა; ინტენსიურად ტარდება ღია კარის დღეები და მსურველებს   საშუალება ეძლევათ  ადგილზე მიადევნონ თვალი სამუშაო პროცესს.

სწავლების ეტაპები და პრაქტიკის შესაძლებლობა

ფაზისში განმარტავენ, რომ   სწავლის მსურველთა რაოდენობა მზარდია იმ პირთა მხრიდანაც, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული – 20-25%. კოლეჯში ხორციელდება მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები, სადაც  დაინტერესებულ პირებს უკვე მიღებულ პროფესიაში დამატებით მაღალ დონეზე გადამზადების შესაძლებლობა აქვთ.

სწავლების პროცესი როგორც თეორიულ, ისე სასწავლო-საწარმოო პრაქტიკულ კურსს მოიცავს. სტუდენტებს პრაქტიკის გავლა  კოლეჯში არსებულ სახელოსნოებსა და  ლაბორატორიებში, ასევე პარტნიორ კომპანიებში  უწევთ. სასწავლო ინვენტარი უფასოა, ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა კომპანიებში მათი ტრანსპორტირება. პრაქტიკის ხანგრძლივობა კი 1,5 – 2 თვეა.

ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯში ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი  სამკერვალო, სილამაზის სალონი, ელექტრიკოსისა და შემდუღებლის სახელოსნოები. განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე  მოეწყო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – FAB-LAB რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარებით.

სვლა დასაქმებისკენ

კოლეჯი ჩართულია კურსდამთავრებულთა სამსახურის მოძიების ხელშეწყობაშიც. როგორც იქ განმარტავენ, წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების შანსი იმ  პარტნიორ კომპანიებში ეძლევათ, სადაც ისინი საწარმოო პრაქტიკას გადიან.

„ხშირია  ისეთი მაგალითები, როცა დამსაქმებელმა კურსის დასრულებისთანავე სტუდენტი სამსახურში აიყვანა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები დამსაქმებლებთან და ხდება მონაცემების შეგროვება. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მიმართულებით,  სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების სფეროში – კურსდამთავრებულთა უმრავლესობა,   სეზონზე დაახლოებით 90%–ით საქმდება, ხოლო შემდგომ პერიოდში 65-70% სამსახურს ინარჩუნებს. ადგილობრივ შრომის ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა ასევე ელექტრიკოსის, შემდუღებლის, თმის მომსახურებისა და მეთევზეობის სფეროს სპეციალობის კურსდამთავრებულებზე“, – აცხადებენ ფაზისში.

პარტნიორების როლი

ფოთის სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს   დაახლოებით 60-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს,  გაფორმებული  აქვს ხელშეკრულება  და მათთან, როგორც  პრაქტიკული კომპონენტის, ასევე დასაქმების ნაწილში  თანამშრომლობს. პარტნიორებს შორისაა: შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“, “ვილარეტა“,  სს ლიბერთი ბანკი,  „ხალიბი“ „მეტალექს ტრანსი“, „აპაკენ ჯორჯია“, „აჭარა ტექსტილი“  „ფელონი“, „ემ ბი ემი“, „აისბერგი 2“, „პალიასტომი 2004“ და  ა. შ.

ფაზისი უკვე  რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრთან და სხვადასხვა თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები სასწავლებლის  სახლოსნოებში სტუდენტების მიერ იქმნება.

კოლეჯის ერთ-ერთი აქტიური პარტნიორია კომპანია „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“.  მისი დირექტორი გიორგი ნანავა ამბობს, რომ ისინი მზად არიან უფრო მეტი მიმართულებით მომზადებული კადრების დასაქმებისთვის. „სასწავლებელთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ელექტრიკოსები და შემდუღებლები პრაქტიკული სწავლებას ჩვენს ქარხანაში გადიან და კურსდამთავრებულთა ნაწილი აქ დავასაქმეთ კიდეც.  ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაა,  უფრო  მეტად გაფართოვდეს  კოლეჯის  სწავლების არეალი  და მეტი პროფესია დაემატოს სასწავლებელს, რადგან საწარმო ფართო მოცულობისაა და  სხვადსახვა მიმართულების სპეციალისტების მიღება შეგვიძლია.  მომზადებული და  კვალიფიციური კადრის პოვნა რთულია. პროფესიული განათლების მქონე ადამიანს, რომელმაც თავისი საქმე ზედმიწევით კარგად იცის, ჩვენთან დასაქმება არ გაუჭირდება. ბევრი ვიცი ჩემი პარტნიორი,  რომელიც ეძებს კარგ კადრს“, – აცხადებს გიორგი ნანავა.

იხილეთ კოლეჯის პარტნიორების ჩამონათვალი

დასაქმება

ბოლო სამი წლის მონაცემებით,   კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი  50% დან 65% -მდე მერყეობს. აქედან  45-50% კოლეჯის ხელშეწყობით საქმდება. თვითდასაქმებაზე  ძირითადად ორიენტირებული  არიან „თმის მომსახურებისა“ და  „სამკერვალო ნაწარმის“  სპეციალობის კურსდამთავრებულები.

სასწავლებელში  იხსენებენ, რომ მათი დახმარებით ერთი  შშმ პირი დასაქმდა. „გოგონა, რომელიც ჩვენთან სამკერვალო საქმეს დაეუფლა, ახლა ფაბრიკაში მეტალის შემგროვლების პოზიციასა  და ეტიკეტირებაზე მუშაობს. დამსაქმებელი კი მისით  კმაყოფილია“, – აცხადებენ კოლეჯში.

ანაზღაურება

ფოთის სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯის   კურსდამთავრებულთა  ანაზღაურება  250 დან – 1000 ლარამდე  მერყეობს. როგორც კოლეჯში აცხადებენ,  შრომითი ანაზღაურება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: სამუშაოს სპეციფიკაზე, დასაქმებულის პროფესიონალიზმზე და ა.შ.  მათი ინფორმაციით, თუკი სამკერვალო ფაბრიკაში  საშუალო ხელფასი 250-450 ლარია, შემდუღებლის ანაზღაურება გაცილებით მაღალია  და 700-1000 ლარამდე მერყეობს; სასტუმროს მომსახურეობის სფეროში დასაქმებულთათვის კი  ხელფასები 500-700 ლარს შეადგენს.

იხილეთ ფაზისის პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური