დადგინდა 2025 წლის 17 დეკემბრამდე უნივერსიტეტში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესი და პირობები
პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, 22 მაისს გამოიცა დადგენილება – „2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსების, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, წესისა და პირობების შესახებ“.
ცვლილება ვრცელდება ყველა სტუდენტზე, მათ შორის სხვადასხვა კატეგორიასა თუ სტატუსს მიკუთნებულ პირებზე.
მთავრობის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესი და პირობები ასე ჩამოყალიბდა:
მუხლი 1
1. 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც ის მოიპოვეს 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით, რომლითაც/რომლებითაც ეს დაფინანსება აღნიშნულ პირებს მოპოვებული ჰქონდათ 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2. 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, მოიპოვონ/გაიუმჯობესონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, დაფინანსდებიან 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:
ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
გ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისთვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისთვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
7. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად, გაიცეს დაფინანსება 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, რომლებიც:
ა) 2021 − 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიეკუთვნებიან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა.ა) სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ა.ბ) სტუდენტებს, რომლებიც არიან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;
ა.გ) სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
ა.დ) სტუდენტებს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);
ბ) 2020 − 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიეკუთვნებიან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
გ.ა) სტუდენტებს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები;
გ.ბ) სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც „ბოშა მოზარდი“;
გ.გ) სტუდენტებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
დ) 2024 და 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირების სწავლის დაფინანსებისათვის გამოიყოს 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის, 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისა.
11. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირს ამოწურული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და სწავლას აგრძელებს იმავე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, დასაშვებია დარჩენილი ნაწილობრივი გრანტის მინიჭება სოციალური პროგრამის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისა.
12. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად, გაიცეს დაფინანსება 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:
ა) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − სტუდენტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ბ) 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი − სტუდენტებისათვის, რომლებიც არიან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;
გ) 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − სტუდენტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
დ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − სტუდენტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირების დაფინანსებისათვის გამოიყოს 29 250 (ოცდაცხრა ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.
15. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიებზე თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, განაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
16. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სწავლის დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების შესაბამისად, გაიცეს დაფინანსება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც, 2025 წლის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
17. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოიყო 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი.
18. 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოიყოს 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.
19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო/ სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.
20. ამ მუხლის მიზნებისათვის, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით.
21. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-12, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული პირების სწავლის დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, აგრეთვე ამ დადგენილების საფუძველზე.
22. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-12, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული პირების 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით სახელმწიფოს მიერ სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და ამ დადგენილების საფუძველზე“.
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება