უნივერსიტეტებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლო გრანტის გაუმჯობესება-მოპოვება ისევ შეეძლებათ
უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა საგრანტო სისტემა გაუქმდა, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.
სწორედ ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებული კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც გარდამავალი დებულება უნდა დაზუსტდეს.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 11 მაისის გადაწყვეტილებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილება, წამყვან კომიტეტად კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტია განსაზღვრული.
რა პრინციპით შეძლებენ სტუდენტები სახელმწიფო გრანტის მოპოვებასა თუ გაუმჯობესებას, ჯერჯერობით უცნობია, რადგან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (NAEC) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
გასულ წლებში, NAEC-ის მიერ სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან ერთად ცხადდებოდა. ამ ფორმით ბოლო საგრანტო კონკურსი 2025 წლის ზაფხულში ჩატარდა, რომელში მონაწილეობითაც რამდენიმე ათას სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო სახელმწიფო დაფინანსება, ან მოპოვებული სასწავლო გრანტი გაეუმჯობესებინა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ სასწავლო გრანტების [100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი) მოპოვების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026 სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო გახდეს.
ასევე იხილეთ:
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება
-
რა თანხა დაიხარჯება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლისთვის? – განათლების მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება