დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?
განათლება თუ გამოცდილება? – ხშირად ისმის კითხვა, თუ რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სასურველ სამსახურში მიგვიღონ. საზოგადოება ორ ძირითად ნაწილად იყოფა, რომელთაგან ნაწილი განათლებას მიიჩნევს პრიორიტეტულად, ნაწილი კი გამოცდილებას.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს განათლების მნიშვნელობას, მიიჩნევს, რომ განათლება არის უმთავრესი კომპონენტი სამომავლო კარიერული წარმატებისა და მათი აზრით, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება და დიპლომის აღება გარანტირებულად გულისხმობს სასურველ ადგილზე მუშაობის დაწყებას. ხოლო, საზოგადოების მეორე ნაწილი უპირისპირდება გავრცელებულ აზრს უმაღლესი განათლების საჭიროებასთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი არა დიპლომი, არამედ გამოცდილებაა, რომელსაც დამსაქმებლებიც ხშირად ანიჭებენ უპირატესობას.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებას ახსნა-განმარტება არ სჭირდება, როდესაც საუბარია კონკრეტულად ისეთ საკითხზე, როგორიც არის დასაქმება, მნიშვნელოვანია აიხსნას, რა უპირატესობა აქვს განათლებულ ადამიანს.
ზოგადი მიმოხილვით რომ დავიწყოთ, უმაღლეს განათლებას აქვს სხვადასხვა ფუნქცია, მიზნები და დანიშნულებები. უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროგრესისთვის, სამოქალაქო თვითშეგნების ასამაღლებლად, წესრიგისათვის, ცნობიერების გასაზრდელად და მათ შორის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
დღესდღეობით, საქართველოში არსებული კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები ძირითადად ორიენტირებულნი არიან მაგალითი აიღონ სხვადასხვა წამყვანი ევროპული და ამერიკული უმაღლესი სასწავლებლებისგან, რაც გულისხმობს კომბინირებულ სწავლებას, როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულს, რათა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტს ჰქონდეს მიღებული შესაბამისი პროფესიული გამოცდილება. გარდა ამისა, განათლება სტუდენტს აძლევს ისეთ ცოდნას, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკულად შესრულებული დავალებებით ვერ მიიღებს. ასევე, აღსანიშნავია, ლექტორების როლიც. ლექტორები, ძირითადად, არიან იმავე სფეროში დასაქმებული პირები, რომელშიც სამომავლოდ სტუდენტს სურს რომ იმუშაოს. შესაბამისად, ხშირად მათი პირადი გამოცდილება და რჩევები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განსაზღვრული ლიტერატურიდან მიღებული ცოდნა ან პრაქტიკული დავალების შესრულება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, განათლებას უპირისპირდება საქართველოში არსებული რეალობა, რომლის მიხედვით, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს უბრალოდ არ აინტერესებთ, რა განათლება აქვთ მიღებული თანამშრომლებს და მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ კონკრეტული დავალებებისა და სამუშაოს შესრულებაა, რომელსაც ავალებენ.
ასევე, ხშირია შემთხვევა, როდესაც განათლებას მიიღებენ ერთი მიმართულებით, ხოლო შემდგომ საქმდებიან სრულიად განსხვავებული მიმართულებით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს, იმ მოსაზრებას, რომ მათ მიერ მიღებული განათლება შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმ სფეროს, სადაც საქმდებიან. არსებული რეალობა კი უამრავ ახალგაზრდას უკარგავს მოტივაციას მიიღოს სრულყოფილი, უმაღლესი განათლება.
კომპანია HR Partners-ის უფროსი რეკრუტერის, ანა ანდღულაძის თქმით, დამსაქმებელი ხშირ შემთხვევაში ამახვილებს ყურადღებას, რა ტიპის კომპანიებში და რა პოზიციებზე აქვს კანდიდატს გამოცდილება მიღებული და რა დრო აქვს გატარებული თითოეულ კომპანიაში ადამიანს, რაც კანდიდატის სანდოობასა და სტაბილურობაზე დიდ წარმოდგენას ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის უნარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გასაუბრების მიმდინარეობისას.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, თუ რას აქცევენ დამსაქმებლები ყურადღებას, განათლებას თუ გამოცდილებას, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ძირითადად ყურადღება გამოცდილებაზე მახვილდება.
„ჩემი პირადი გამოცდილების მიხედვით, შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ დღესდღეობით, პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის პროცესში, მთავარი ყურადღება მაინც მის გამოცდილებას ეთმობა, დამსაქმებელი ყოველთვის ორიენტირებულია ითანამშრომლოს ადამიანთან, რომელიც მისი გამოცდილებით შეეფერება პოზიციას. რაც შეეხება განათლებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გქონდეს გარკვეული ხარისხი მინიჭებული იმავე სფეროში, რომელშიც მოღვაწეობ. თუმცა, თუ კანდიდატის გამოცდილება სოლიდურია კონკრეტულ სფეროში და თავისი საქმის პროფესიონალია, შესაძლოა მის სხვა სფეროში მინიჭებულ ხარისხზე ნაკლები ყურადღება გამახვილდეს. ყველა ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს პროფესია ცხოვრების რაღაც ეტაპზე და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოადგენდეს ხელის შემშლელ ფაქტორს კარიერული განვითარების პროცესში“, – აღნიშნა ანა ანდღულაძემ.
მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ განათლება უკანა პლანზე არ უნდა გადავიდეს და როგორც მან აღნიშნა, სასურველია, ადამიანს, რომელიც კონკრეტულ დარგში მოღვაწეობს, გააჩნდეს, როგორც პრაქტიკული გამოცდილება, ისე თეორიული ცოდნა. ამ მიდგომით ადამიანების პროფესიონალიზმი მკვეთრად გაიზრდება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესი პირობაა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამსაქმებელს და კომპანიას გააჩნია სხვადასხვა პრიორიტეტები რომლის მიხედვითაც ენიჭება უპირატესობა კანდიდატის განათლებას ან გამოცდილებას, რაც დამოკიდებულია იმ სფეროზე, სადაც ხართ, ან გსურთ დასაქმება.
მაგალითად, სამუშაოს შესრულებაზე დაფუძნებული სამუშაოები, როგორიცაა გაყიდვები, შეიძლება ნაკლებ ყურადღებას აქცევდეს განათლებას. ამ სექტორში უფრო მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცოდეთ ინდუსტრია, რადგან ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თქვენს მუშაობაზე და იმ შემოსავალზე, რომელსაც საბოლოოდ მოუტანთ კომპანიას.
ასევე, IT კომპანიებიც მნიშვნელობას ანიჭებენ გამოცდილებას და კონკრეტული პროგრამების სრულყოფილად ცოდნას. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, კომპანია Pulsar AI Georgia (full stack developer) დავით აფხაზიშვილმა გვითხრა, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, გასაუბრებაზე უფრო დიდ ყურადღებას მის სფეროში არა დიპლომს და კონკრეტული უნივერსიტეტის დამთავრებას, არამედ გამოცდილებას აქცევენ.
„ჩემ ირგვლივ დასაქმებულ პროგრამისტებს და სხვა თანამშრომლების 90%-ზე მეტს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ აუცილებელია დიპლომი. მის გარეშეც შესაძლებელია საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა ამ მიმართულებით. მთავარი მაინც უფრო ცოდნა და გამოცდილებაა“, – განგვიცხადა დავით აფხაზიშვილმა.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, უნივერსიტეტის დამთავრება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტში სწავლის დროს სტუდენტი იღებს სხვა ტიპის გამოცდილებას და საშუალება აქვს გაეცნოს სხვადასხვა მიმართულებას და შემდგომ ჩამოყალიბდეს, რომელია მისთვის სასურველი. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ბაკალავრის დიპლომი საკმარისია და კონკრეტულად ეს პროფესია არ მოითხოვს სხვა აკადემიური საფეხურის დამთავრებას, რადგან ასეთ სფეროში ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოდის.
განსხვავებულ სფეროშია დასაქმებული გიორგი ჩაფიძე, რომელიც სტუდენტობიდან მუშაობს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოში ჟურნალისტად. მისი თქმით, დიპლომი შრომით ბაზარზე დასაქმებისთვის აუცილებელია, მაგრამ სასურველ სამსახურში დასაქმებისთვის უფრო მეტია საჭირო.
„დასაქმებისთვის ორივე აუცილებელია და ადამიანი პროფესიონალად ჩამოყალიბებას სწორედ ამ ორის გაერთიანების შემთხვევაში შეძლებს. რაც შეეხება ჩემს სფეროს, ჟურნალისტიკას, აქ ძირითადი ყურადღება პრაქტიკულ გამოცდილებას ექცევა. მინახავს ადამიანები, რომელთაც ამ სფეროში განათლება არ მიუღიათ, მაგრამ წერის გამორჩეული სტილით პროფესიონალად ჩამოყალიბებულან. ამიტომ, ვფიქრობ, ჟურნალისტიკაში საკმარისია საბაზისო თეორიული განათლება, უმთავრესი ყურადღება კი პრაქტიკულ გამოცდილებას უნდა მიექცეს“, – ამბობს გიორგი.
სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განათლება და დიპლომი საჭირო არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათლება მნიშვნელოვანი მხოლოდ სასურველი სამსახურის მისაღებად არ არის და მას უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ეს უბრალოდ სასურველი სამსახურია.
სამუშაო გამოცდილებამ შეიძლება შეგიწყოთ ხელი კონკრეტული სამუშაოსთვის, მაგრამ უმაღლესი განათლების გარეშე შეიძლება არ გაგაჩნდეთ უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამომავლო წინსვლისთვის.
edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება