უნივერსიტეტში ჩაბარება სასკოლო ნიშნებით – რას შეიძლება ველოდოთ ახალი ინიციატივით და რა არის სინამდვილეში ამერიკული მოდელი
„ეროვნული გამოცდების ფორმა რომელიც ახლა გვაქვს აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა (ნდობის გამოცხადებამდე მოხსენებით გამოსვლისას. ავტ.) მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
გუშინ ამ პოზიციას დაეთანხმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძეც, თუმცა აღნიშნა, რომ არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ ახალ ინიციატივაზე დღეს აქტიურად მუშაობენ, რადგან დღის წესრიგში ზაფხულში ჩასატარებელი ეროვნული გამოცდებია.
ახალი ინიციატივა, რომელიც მინისტრობის კანდიდატმა გააჟღერა, რეალურად გულისხმობს მთელ რიგ ცვლილებებს განათლების სფეროში, რომელიც წლების განმავლობაში დანერგილ უნივერსიტეტში ჩაბარების სტილს და პროცესებს ცვლის.
როგორც წესი, აბიტურიენტები კონკრეტული პროფესიისა და უნივერსიტეტის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით არჩევენ საგნებს, რომელსაც აბარებენ ეროვნულ გამოცდებზე და ამ გამოცდებზე მიღებული ქულებით განისაზღვრება მათი ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების/გრანტების საკითხები.
გაჟღერებული ინიციატივის მიხედვით კი, განიხილება, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებზე არ იყოს დამოკიდებული და გათვალისწინებული იქნას სკოლის შედეგებიც. თუ აქამდე სკოლაში მიმდინარე ქულებს არ ჰქონდა მნიშვნელობა და მინიმალური გადამსვლელი ქულაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მოსწავლეს უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა, ახლა უკვე სწავლის აკადემიური ხარისხი და საერთო, საშუალო ქულა იქნება ერთ-ერთი იმ კომპონენტთაგანი, რომელიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მიხეილ ჩხენკელის აზრით, ყურადღება გამახვილებული იქნება მასწავლებელთა რეკომენდაციებზე და სკოლის გარე დამატებით აქტივობებზეც.
“ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიცაა საშუალო ნიშანი (GPA), რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობის გამოცდილება…“, – აღნიშნა ჩხენკელმა.
ასევე, მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ დროისთვის უნივერსიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ ჩარიცხვისთვის მათთვის მისაღები ზღვარი. მისივე თქმით, აუცილებელია ეროვნული გამოცდების რეფორმაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდები უნივერსიტეტში გადავიდეს.
აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს მიხეილ ჩხენკელმა პარალელი გაავლო ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სისტემასთან, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების მიხედვით ხდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო მოდელზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია დასაწყისშივე გავუსვათ ხაზი განსხვავებებს ჩვენსა და მათ სასკოლო მოდელს შორის:
ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოს, შემუშავებული აქვს განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოსწავლეს აძლევს საშუალებას თავიდანვე მიანიჭოს პრიორიტეტი მის ინტერესებს და შესაბამისად ხელი შეუწყოს მათთვის საინტერესო სფეროს განვითარებას.
სკოლა აშშ-ში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი სკოლა (Pre-school/elementary school); საშუალო სკოლა (junior high school/middle school); უმაღლესი სკოლა (high school);
დაწყებით კლასებში მოიაზრებიან მოსწავლეები 5 წლიდან 11-წლამდე, სადაც თითქმის თანაბარი დრო ეთმობა ყველა მნიშვნელოვანი საგნის შესწავლას, როგორც არის წერა-კითხვა, მათემატიკა, ლიტერატურა, გრამატიკა და ა.შ.
საშუალო სკოლაში გადასვლის შემდეგ მოსწავლეებს უწევთ სხვა დამატებითი დისციპლინების შესწავლაც. მაგალითად, ინგლისური ენა და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმდინარეობა. გარდა ამისა, მათ ეძლევათ საშუალება საკუთარი ინტერესის შესაბამისად აირჩიონ სხვა დამატებითი კურსები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში.
რაც შეეხება უმაღლეს სკოლას, უფროს კლასებში გადასასვლელად არის ერთგვარი ბარიერი, რომელიც განისაზღვრება განვლილი კლასების საშუალო ქულით. იმისათვის, რომ მოსწავლემ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სკოლაში საჭიროა მას განვლილი წლების განმავლობაში ნასწავლი საგნების ქულით ჰქონდეს საშუალო ან მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შეფასების სისტემის მიხედვით, მინიმუმ C დონეზე საგნების დახურვას გულისხმობს.
აღნიშნულ საფეხურზე გადასვლის შემდეგ, მათ ენიჭებათ სრული თავისუფლება სასწავლო დისციპლინათა და სფეროების არჩევის თვალსაზრისით, რათა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე განავითარონ მათი მომავალი პროფესიული უნარ-ჩვევები. სწორედ ეს საფეხური განსაზღვრავს მათ მომავალ აკადემიურ ცხოვრებას.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემა სულაც არ დგას მოწინავე სისტემების მქონე ქვეყნების რიგში.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, სწორედ აშშ-ის განათლების სისტემა გულისხმობს გამოცდებთან ერთად უმაღლესი სკოლის ნიშნების გათვალისწინებას, პედაგოგთა შეფასებებს და გარე აქტივობას, რომლითაც თითქმის ყველა ამერიკელი მოსწავლეა დაკავებული, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა აქვთ განსაზღვრული, რადგანაც მსგავსი აქტივობები ეხმარება სტიპენდიების მოპოვებასა და სწავლის საფასურის დაფინანსებაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მხოლოდ განხილვის პროცესშია და მისი დამტკიცების შემთხვევაშიც არ შეეხება იმ პერიოდში მყოფ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საგანმანათლებლო მოდელი მიმზიდველად გამოიყურება არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს.
აღნიშნულ ინიციატივას, რა თქმა უნდა, აქვს არაერთი დადებითი მხარე:
- მოსწავლეები თანაბარ დროს და ენერგიას დაუთმობენ თითოეულ საგანს, რომელსაც სწავლობენ, რათა ერთი საგნის ქულით შესაძლოა გაფუჭდეს საშუალო ქულა.
- საშუალო კლასში სწავლის დროს მათ მოუწევთ იფიქრონ გრძელვადიან პერსპექტივაში რისი კეთება სურთ მომავალში, რაც ხშირად ქართველი მოსწავლეებისთვის დამახასიათებელი პრობლემაა, რადგანაც, ისინი სკოლის დამთავრების დროსაც კი ვერ ხვდებიან რომელ პროფესიას დაუკავშირონ ცხოვრება.
- მასწავლებლებისა და სასკოლო რეკომენდაციების გამო ყურადღება გამახვილდება არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ ქცევებზე და შესაბამისად, გააკონტროლებენ საკუთარ ქცევებს.
- მოსწავლეები უფრო მეტად დაუთმობენ დროს სპორტს, კლასგარეშე აქტივობებს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად უნარ-ჩვევების განვითარებას.
თუმცა ეს ყველაფერი მარტივი არ არის, რადგანაც სიახლესთან ადაპტირებას დასჭირდება დრო, რათა მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმაც აღიქვან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მნიშვნელობა და საჭიროება.
გარდა იმისა, რომ ადაპტირებისთვის დროა საჭირო, ახალო რეფორმები და ინიციატივები თავდაპირველად არ არის სრულყოფილი და დახვეწა ესაჭიროება, რაც წარმოქმნის სხვა პრობლემებს.
პრობლემებსა და უარყოფით მხარეებს რაც შეეხება:
- აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემის განხილვის დროს ნათლად არის წარმოჩენილი სკოლის სამ ეტაპად დაყოფის მნიშვნელობა, რაც სკოლის მოსწავლეებში აჩენს გარკვეული სახის დისციპლინას და მათი შემდგომ საფეხურზე გადასვლა ლოგიკურად მიმდინარეობს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ამის ასეთი ნათელი პრაქტიკა არ არსებობს რთული იქნება სკოლის ქულებით საუნივერსიტეტო მზადყოფნა შეფასდეს.
- სამწუხაროა, თუმცა რეალობის განუყოფელი ნაწილია პედაგოგთა ის კატეგორია, რომელიც სარგებლობენ საკუთარი გავლენით სკოლებში და ხშირად სხვადასხვა დახმარების სანაცვლოდ ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში. იქედან გამომდინარე, რომ მოსწავლეებს დასჭირდებათ მასწავლებლების სარეკომენდაციო წერილები და მაღალი აკადემიური შეფასება, მათი როლი უფრო გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება საფრთხე იმისა, რომ ბოროტად ისარგებლონ გავლენით და თანამდებობით.
ინიციატივას დადებითად აფასებს განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.
„როგორც მინისტრმა თქვა, პარლამენტის სხდომაზე, იგეგმება საგამოცდო სისტემაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში ჩაბარების დროს გათვალისწინებული იქნება სკოლის ქულა და ასევე, უნივერსიტეტებსაც ექნებათ გარკვეული უფლებები მიიღონ აბიტურიენტები. თუ ეს ინიციატივა დროთა განმავლობაში განხორციელდა და გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, ამ ინიციატივას ვაფასებ დადებითად. რადგან უნივერსიტეტში ჩაბარებისას, უნივერსიტეტები გაითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის მოსწავლის წარმატება სკოლაში და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა. უნივერსიტეტებსაც ექნებათ შესაძლებლობა დათქვან შესაბამისი ქულა“.
მან EDU.ARIS.GE-სთან საუბრის დროს აღნიშნა, ის ფაქტორიც, რომელიც საზოგადოებას აშინებს, თუმცა თვლის, რომ დღეს საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში კორუფციის დონე არის დაბალი.
მიიჩნევს, რომ ერთადერთი შიში, რაც საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ეს არის შიში კორუფციასთან დაკავშირებით, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში და იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში, ვარდების რევოლუციამდე. მაგრამ, დღეს იმ ბავშვებმა დაამთავრეს სკოლა, რომლებსაც არ უცხოვრიათ იმ საქართველოში, სადაც იყო კორუფცია სკოლებსა და უნივერსიტეტებში, დღეს სიტუაცია არის განსხვავებული.
“მაგალითად, ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს აქვს. წარმოუდგენელია ასეთ პირობებში კორუფციის ფაქტები დარჩეს გასაიდუმლოებული. გაუგებარია, როდესაც გამოყოფენ სკოლებსა და უნივერსიტეტებს როგორც კორუფციის მაღალი რისკის შემცველ ორგანიზაციებად. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის წარმატებულ ქვეყნებში არსებობს კორუფციის შემთხვევები, მაგრამ ამ დროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როგორი დამოკიდებულება აქვს კორუფციასთან დაკავშირებით და მისი პრევენციისთვის რა ზომებს მიმართავს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადასახედიდან კორუფციული რისკები არის დაბალი.
ასევე, პრობლემას, რომელსაც გამოყოფენ სკეპტიკოსები, არის ის, რომ მათ მიაჩნიათ, სკოლაში დაწერილი ნიშნები განსხვავდება ერთმანეთისგან. ცხადია, განსხვავდება ერთმანეთისგან და არც უნდა იყოს ერთნაირი სკოლაში დაწერილი ნიშნები, რადგანაც სასკოლო ნიშნები არ არის სტანდარტიზებული. მაგრამ არც ეს არგუმენტი არ არის იმის საწინააღმდეგო რომ ეს ცვლილება იქნება დადებითი გავლენის მომხდენი. რადგან ამ ცვლილების შესაბამისად აბიტურიენტს მოუწევს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება ისეთსავე ტესტირებებში, როგორც აქამდე ტარდებოდა“, – განგვიცხადა თამარ მოსიაშვილმა.
მისი თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებას დასჭირდება დრო, თუმცა დადებით შედეგებამდე იქნება მიღწეული თუ ეტაპობრივად მოხდება ცვლილებების შემოტანა სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
„ამ ინიციატივის განხორციელებას დასჭირდება დრო, ეს უცბად არ განხორციელდება. ჩემი გადმოსახედიდან, თუ სახელმწიფომ დაიწყო უკვე ამ ინიციატივაზე მუშაობა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ოპტიმალურ დროდ მიმაჩნია 2-3 წელი“, – დასძენს თამარ მოსიაშვილი.
edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება