GE

დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სესია გაიმართა, რომელიც დათო მაღრაძის პოემას „ბარაქიანი მიწა“ მიეძღვნა. ღონისძიებაზე ქართველმა მწერლებმა და ლიტერატორებმა პოეტის ლიტერატურული ნაწარმოები ონლაინ ფორმატში განიხილეს.

პოემა ითარგმნა რუსულ, ინგლისურ, იტალიურ, შვედურ ენებზე და მას კრიტიკულ-ესთეტიკური გამოხმაურებებიც მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში.
„ბარაქიანი მიწა“ ბევრი თვალსაზრისით არის გამორჩეული ნაწარმოები. მათ შორის იმითაც, რომ მოკლე პერიოდში ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა, რაც, უპირველესად, არის საქართველოს გამარჯვება, ქვეყნის პოპულარიზაცია და პერსონალურად, დათო მაღრაძის, როგორც ავტორისა და პოეტის“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

დავით მაღრაძის პოემაზე ისაუბრეს მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, თსუ-ის შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა და ლიტერატორმა პაატა ჩხეიძემ, ასევე წარმოდგენილი იყო ენათმეცნიერების და მთარგმნელების რეცენზიები.

სემინარი სიმბოლურად ყოფილ 93-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელშიც ჯერ კიდევ 1947 წლიდან ათეული წლების განმავლობაში სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები, ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიები იმართებოდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე.

„როგორც ფედერიკო ფელინის „ორკესტრის რეპეტიციაში“ ნოტების გადამწერს მიაჩნია, რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო აკუსტიკა მათ საკონცერტო დარბაზს აქვს, მეც ასეთი განცდა მაქვს, ამ აუდიტორიაში ნათქვამ სიტყვას მგონია რომ მთელი სამყარო გაიგონებს. ღმერთმა შექმნა ადამიანი, სახელმწიფომ შექმნა მოქალაქე, პოეზიის მისია არის ის, რომ მოქალაქეში ადამიანი გადაარჩინოს, სწორედ ამ სულისკევთებას ეძღვენება ჩემი წიგნი“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

2020 წლის ოქტომბრის თვეში პოემისთვის “ ბარაქიანი მიწა” რტა-სანჯულიოს კუნძულზე ინგლისური გამოცემის “Poetry on the lake”-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე დავით მაღრაძე მთავარი პრიზით “ვერცხლის დრაკონით” პოეტი დათო მაღრაძე დაჯილდოვდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური