GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ 10 დოქტორანტი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას აშშ-ში გაივლის.

საქართველოში აივ ეპიდემიის დასასრულებლად, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტი „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრენინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ დაიწყო.

პროექტის განხორციელებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩართულები არიან საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეცნიერები აივ-ის სფეროში კვლევების გამოცდილებით, ასევე აშშ-ის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური ფაკულტეტების წარმომადგენლები.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ქცევით მეცნიერებათა დარგების აკადემიური სტრუქტურები და მეცნიერები საერთაშორისო მხარდაჭერით, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა მეცნიერების ჩართულობით მოამზადებენ 10 დოქტორანტს, რომლებსაც გარკვეული პერიოდი აშშ-ში მოუწევთ სტაჟირება. ამ სადოქტორო პროგრამის კოლაბორატორია სწორედაც რომ ჩვენი უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტურის მიმართულება, რომელსაც ჩვენი სახელგანთქმული მკვლევარი და ეპიდემიოლოგი ბატონი პაატა იმნაძე ხელმძღვანელობს“,-განაცხადა თსუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

პროგრამის „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრენინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ გეგმა 5 წლიანია და სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: გრძელვადიან მოსამზადებელ კურსს, რომლის ფარგლებშიც 10 დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადდება და ათივე მათგანი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას აშშ-ი გაივლის, პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში – ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში. მოკლევადიან ტრენინგს, რომელიც იმპლემენტაციური კვლევის საკითხებში 30 პოსტ-დოქტორანტის/მოქმედი მკვლევრის მომზადებას გულისხმობს, რისთვისაც სასწავლო კურსებს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები, ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებენ. თსუ-ის სადოქტორო პროგრამისა და კვლევითი პარტნიორების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით კი, სადოქტორო პროგრამას ერთი ახალი სასწავლო კურსი დაემატება და ოთხი ძირითადი კურსი გაუმჯობესდება.

როგორც ნინო ოკრიბელაშვილმა აღნიშნა, ეს პროგრამა უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ ის კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი, უფრო მეტად გაფართოვდება აივ საკითხებზე სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა. მისივე თქმით, „მეცნიერული კვლევები პუბლიკაციების გარეშე არ არსებობს და სწორედ პუბლიკაცია არის ის მარკერი, რომელიც ხელს უწყობს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხილვადობის გაზრდას მსოფლიო ასპარეზზე.“

თსუ-ის სადოქტორო პროგრამისთვის აპლიკანტების შესარჩევად ღია კონკურსი 2021 წლის მარტში გამოცხადდება.

პროექტი „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრენინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ 2020 წლის ივნისიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს აივ კასკადის პირველ ეტაპზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებებში ქართველი მკვლევრების მორიგი თაობის ტრენინგის გზით უნდა მოხდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური