დირექტორების ნაწილი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას 1-ლი სექტემბრისთვის ითხოვს
სკოლის დირექტორების ნაწილი საქართველოს მთავრობას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავენ თხოვნით, რომ 2020-2021 სასწავლო წელი 1-ლ სექტემბერს დაიწყოს. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ უფლებას, რომ პანდემიის პირობებში სკოლებმა თავად გადაწყვიტონ რეგულაციების დაცვით ჩვეულ რეჟიმში ისწავლიან, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ თუ შერეულ მოდელს გამოიყენებენ. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციას ეკუთვნის, ორგანიზაციას ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებული აქვს.
„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს!
1. 2020-2021 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყოს 2020 წლის 1-ლ სექტემბერს;
2. თუ მოხდა კოვიდ ვირუსის გავრცელება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას: ა) სრულად დისტანციურ რეჟიმში; ბ) შერეულ რეჟიმში: ნაწილი დისციპლინები დისტანციურად და ნაწილი ჩვეულებრივ. ამ გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად შესაძლებელია კლასების გაყოფა და მოსწავლეების დღეგამოშვებით დაბარება, სმენებში გადანაწილება და ა.შ. სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მათთვის კომფორტული სქემის შედგენა. გ) გააგრძელებენ სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით“, -ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პეტიციაში.
პარლამენტის მიერ, რამდენიმე დღის წინ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დისტანციური სწავლების ინტეგრირება სასწავლო პროცესში უკვე ოფიციალურად არის დაშვებული.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება