GE

რა დამატებითი უფლება მიენიჭა განათლების სამინისტროს ეპიდემიის/პანდემიის პირობებში – ცვლილებები კანონში

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რაც დისტანციური სწავლების წესს დაარეგულირებს. კერძოდ, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.

2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.

3. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც ზოგადი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ც​2“ ქვეპუნქტი. კანონში დამატებული ამ ქვეპუნქტის მიხედვით, განათლების სამინისტრის კანონით ეძლევა უფლება ეპიდემიის/პანდემიის დროს მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის თაობაზე.

ამ უფლების გამოყენება შესაძლოა კვლავ მოუწიოს სამინისტროს ეპიდისიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ამჟამად არსებული ეპიდემიური სიტუაცია შენარჩუნდება, სექტემბერში სწავლის დაწყებას საფრთხე არ შეექმნება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური