GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიამ განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

28-29 თებერვალს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც გამოფენის ცენტრი „ექსპოჯორჯია“ მასპინძლობდა.

ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში 100-ზე მეტი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში აკადემიის იუნკერები აბიტურიენტებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტენდი მოინახულა და იუნკერებს შემდგომი წარმატებები უსურვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა, მიხეილ ჩხენკელმა. აკადემიამ ასევე უმასპინძლა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის კადეტებს, რომლებიც განათლების საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიას განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებისგან გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი – ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური