GE

გაცდენების ექსტერნი გამოცდები წელს აღარ ჩატარდება – როგორ შეფასდებიან ბევრი გაცდენის მქონე მოსწავლეები

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეები, რომლებსაც კონკრეტულ სასკოლო საგანში 30%-იანი და მეტი გაცდენა აქვთ, ექსტერნატის გამოცდას აღარ ჩააბარებენ. კერძო და საჯარო სკოლებს კი, სურვილის შემთხვევაში, წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდის ჩატარების უფლება არ ეზღუდებათ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ, შესაბამისი ცვლილება ნორმატიულ აქტებშიც უკვე ასახულია.

მოსწავლეები, რომლებსაც გარკვეულ საგნებში გაცდენების დიდი რაოდენობა უფიქსირდებათ, ალტერნატიული წესით შეფასდებიან. ისინი შემაჯამებელ ქულას მიიღებენ ან არსებული ქულების საფუძველზე, ან ერთი კომპლექსური შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ. შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის  მინისტრის ბრძანებაში განხორციელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებები სამი თვეა დისტანციური სწავლების რეჟიმში არიან, აღნიშნულის გათვალისწინებით, ნორმატიულ აქტებში ​გარკვეული ცვლილებების განხორციელება გახდა აუცილებელი.

აქამდე არსებული წესით, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში გააცდენდა კონკრეტული საგნისთვის, კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% -ს და მეტს, მოსწავლე ფასდებოდა მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

განხორციელებული ცვლილების თანახმად კი, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, ბრძანების ზემოთხსენებული მონაკვეთი უქმდება და შეფასება მოხდება შემდეგი წესით:

„თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება საგანში წლის განმავლობაში მიღებული მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ უფიქსირდება საგანში მიმდინარე დავალებების ქულები, შეფასდება ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე„ -ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალების ნიმუშები კონკრეტული საგნებისთვის, არ იქნება ცენტრალიზებული და მას სკოლები შეადგენენ.

რაც შეეხება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდის ჩატარებას, მას 2019-2020 სასწავლო წელს კერძო სკოლები და საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში გამოცდის ფორმას განსაზღვრავენ.

გასულ წლებში გაცდენების ექსტერნი გამოცდები ივნისის თვეში ტარდებოდა და მისი დაძლევის გარეშე მოსწავლე ეროვნულ გამოცდებზე ვერ გავიდოდა.

როგორ მიიღებენ მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წლისთვის წლიურ შეფასებას – განათლების ანტიკრიზისული გეგმა

როგორ უნდა მოიქცეს მე-12 ან სხვა კლასის მოსწავლე, თუ მას საგნის წლიური ქულის ამაღლება სურს – ვადები და დეტალები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური