„გაგრძელდეს ონლაინ სწავლება კავკასიის უნივერსიტეტში“ – სტუდენტების პეტიცია და ადმინისტრაციის უარი
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მოითხოვენ, რომ მათ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი, როგორც ამას განათლების სამინისტროს რეკომენდაციაც ითვალისწინებს გამონაკლისების გარდა კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს.
სტუდენტების თქმით, მათ მიერ მომზადებული პეტიციის მიუხედავად, რომელსაც სამი ათასზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტების სურვილი არ გაითვალისწინა.
“როგორც უკვე ცნობილია, მიუხედავად ქვეყანაში არსებული კოვიდ სიტუაციისა, კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს სწავლის პროცესის განახლებას აუდიტორიებში და, ასევე, შუალედური გამოცდების უნივერსიტეტში ჩატარებას. მიგვაჩნია, რომ განათლების ხარისხის შენარჩუნებაზე პრიორიტეტული ამჟამად არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იქნება თუ არა სანიტარული ნორმები დაცული, ეს ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას, რამეთუ უნივერსიტეტამდე მოსასვლელად მოგვიწევს რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ამასთანავე, შეუძლებელია უნივერსიტეტში სრულად ვიყოთ დაზღვეული ვირუსის გავრცელებისგან.
პეტიციის მიზანია, გაუქმდეს უნივერსიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება და სწავლება გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში,ვინაიდან სერიოზული საფრთხე ემუქრება სტუდენტებისა თუ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას/სიცოცხლეს. გარდა ამისა, შემოგვთავაზონ შუალედური გამოცდების ჩატარების ალტერნატიული გზა ან გადანაწილდეს ქულები ქვიზებზე”, – აცხადებენ სტუდენტები.
როგორც ცნობილია, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, დიდ ქალაქებში გარდა აჭარისა, (თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში) მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.
კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადება აღნიშნულ საკითხზე დღის 12:00 საათისთვის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა და მისი შესაბამისობა ოფიციალურ პოზიციასთან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში 31 ოქტომბერი გამოცხადებულია უქმე დღედ, შესაბამისად ამ თარიღში არ ტარდება გამოცდები.
კავკასიის უნივერსიტეტი გადასულია ჰიბრიდული სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტში ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ გამოცდები, სალექციო პროცესი კი გრძელდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება