გაიხსნება თუ არა 1-ლი მარტიდან უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები? – რა ვიცით დღეს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შემდეგ უმაღლესი და პროფესიული განათლების სექტორიც გახსნის მოლოდინშია. თებერვლის დასაწყისში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს შეეხება და ისინი დასწრებულ რეჟიმში სწავლის განახლებას 1-ლი მარტიდან შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამაკმაყოფილებელი იქნება.
“გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგვიანებით გამოვაცხადებთ”, – თქვა მაშინ მიხეილ ჩხენკელმა.
რა მოცემულობა გვაქვს დღეს და მიიღო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ?
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, დაზუსტებულია თუა არა 1-ლი მარტიდან დასწრებულ რეჟიმში აუდიტორიებში სწავლის განახლება და როდის გახდება ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ დროისთვის 1-ელ მარტს სწავლის განახლება ძალაშია, დამატებით დაზუსტებული ინფორმაცია კი, სწავლის დაწყებამდე გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე 1-ლ მარტამდე არის დისტანციური, ამასთან დაკავშირებით გამოცხადდება დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ ზუსტი დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.
“ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტული თარიღების შესახებ, ამასთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში“, – დაგვპირდა 4 თებერვალს განათლების მინისტრი, რომელსაც ამ მომენტისთვის მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს.
როდის გაიმართება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და მთავრობის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ფონზე, ჯერ უცნობია. შესაბამისად, გაურკვეველია ვინ და როდის გააკეთებს განცხადებას განათლების ამ ორ საფეხურზე სწავლის განახლების შესახებ. ახალი მთავრობის ფორმირება 2 კვირის ვადაში უნდა განხორციელდეს.
-
„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები უცხოურ ენებში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ყველაფერი მიჩვევითაა, მიგვაჩვიეს ამ გამოცდებს და ჩვენც ცხვრებივით დავემორჩილეთ“ – შეფასება მასწავლებლის გამოცდიდან
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე