სუს-ის აკადემიის სტუდენტებს ფსიქოლოგიურ შეფასებას ჩაუტარებენ და პროფილებს შეუდგენენ, რექტორს კი რამდენიმე მოადგილე ეყოლება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, თამაზ ბორაშვილის ბრძანებით, სუს-ის აკადემიის წესდებაში ცვლილებები შევიდა.
2026 წლის 25 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აკადემიას ჩამოერთვა მისაღები სტუდენტების რაოდენობის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება და წესდება შესაბამისობაში მოვიდა იმ რეგულაციასთან, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტების კვოტებს საქართველოს მთავრობა ადგენს.
აკადემიის წესდებიდან სრულად ამოიღეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების ფაკულტეტი თავად განსაზღვრავდა სამაგისტრო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობას, დასამტკიცებლად წარუდგენდა რექტორს ან აკადემიურ საბჭოს და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) პორტალზე ასახავდა. შესაბამისად, სხვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, აკადემიაში მისაღებ სტუდენტთა კვოტებსაც მთავრობა განსაზღვრავს.
შეიცვალა რექტორის მოადგილეების რაოდენობაც, თუ აქამდე აკადემიის რექტორს მხოლოდ პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე ჰყავდა, ახალი რედაქციით მას პირველი მოადგილე და მოადგილეები ეყოლება. მათ რექტორის წარდგინებით კვლავ სუს-ის უფროსი დანიშნავს.
“რექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები (პრორექტორ(ებ)ი), რომელთაც რექტორის წარდგინებით, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი”, – წერია სუს-ის უფროსის ბრძანებაში.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, თუ აქამდე აკადემიის ფსიქოლოგთა ჯგუფი ტესტირებასა და ფსიქოლოგიურ პროფილებს მხოლოდ სპეციალურ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული მსმენელებისთვის ამზადებდა, ამის შემდეგ ფსიქოლოგიური შეფასება მაგისტრატურის სტუდენტებსაც შეეხებათ. კერძოდ, წესდებაში სიტყვა „მსმენელთა“ შეიცვალა ფორმულირებით „მსმენელთა/სტუდენტთა“. ვინაიდან წესდებით „მსმენელი“ პროფესიული კურსის მონაწილეს ეწოდება, ხოლო „სტუდენტი“ – მაგისტრატურაზე ჩარიცხულს, ამ ერთი სიტყვის დამატებით ფსიქოლოგთა ჯგუფს უკვე მაგისტრატურის სტუდენტების ტესტირება, ფსიქოლოგიური შეფასება და მათი ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებაც დაევალა.
სხვა ცვვლილებებს გაეცანით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაშია.
ასევე იხილეთ:
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
-
განათლების კომიტეტმა უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვა გადაავადა – ახალი თარიღები პარლამენტის ბიურომ დაადგინა
by ARIS.GE-განათლება
-
პირველი უარის შემდეგ პარლამენტში 3 000-მდე მშობლის ხელმოწერა შევიდა, რომლებიც შვილების პირველ კლასში მიღებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
„რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით“ – ირაკლი კობახიძე პროფესიულ განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება