GE

გამოწვევები, ძლიერი მხარეები და მოთხოვნადი პროგრამები – როგორ დაიწყო ეროვნული თავდაცვის აკადემიამ პანდემიის პირობებში სასწავლო წელი

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. კორონაპანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულება ე.წ. დისტანციური სწავლის რეჟიმზეა გადასული. რა გამოწვევების წინ აღმოჩნდა აკადემია პანდემიის ფონზე, რომელი პროგრამა იყო წელს ყველაზე მოთხოვნადი და რა არის აკადემიის ის ძლიერი მხარე/მხარეები, რის გამოც აპლიკანტმა ამ სასწავლებელზე უნდა გააკეთოს არჩევანი – ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-ს ეთა-ს რექტორის მოადგილე დავით რაზმაძე ესაუბრა.

– რამდენი სტუდენტი ჩაირიცხა წელს თქვენს სასწავლებელში და როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?

– მიმდინარე სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხა 104 აბიტურიენტი 11 ქართულენოვანი მომზადების პროგრამით და 18 მობილობით, ასევე 2-იუნკერს აღუდგა სტატუსი. სულ ჯამში 135 სტუდენტი გვყავს. სასწავლო პროცესი წელს მიმდინარეობს ე.წ. დისტანციურ სწავლის რეჟიმში გამომდინარე ეპიდმდოგმარეობიდან.

– არის თუ არა მზად სასწავლებელი დისტანციურ რეჟიმში მაღალი ხარისხით აწარმოოს სასწავლო პროცესი?

– აკადემია მზად არის აწარმოოს სწავლება დისტანციურ რეჟიმში, იუნკერები (სტუდენტები) უზრუნველყოფილები არიან შესაბამისი ტექნიკით (ლეპტოპი და ინტერნეტის უწყვეტი მიწოდება), ამის უზრუნველყოფას აკეთებს აკადემია.

– რომელ პროგრამებზე გქონდათ წელს გამოცხადებული მიღება და რომელ მიმართულებაზე გყავთ ყველაზე მეტი სტუდენტი?

– მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენ გვქონდა გამოცხადებული მიღება ინფორმატიკის საგანმანათლებლო, მენეჯმენტის საგანმანათლებლო, თავდაცვა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამებზე. გარდა ამისა, მიღება გამოვაცხადეთ სამაგისტრო პროგრამა – “თავდაცვის ანალიზი”.

წელს ორ მიმართულებაზე მთლიანად შეივსო მაქსიმალური მისაღები კვოტები, ესენია ,,თავდაცვა და უსაფრთხოების“ და ,,მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამები.

– რომელია ყველაზე პოპულარული პროგრამა თქვენს უნივერსიტეტში და რატომ აკეთებენ არჩევანს აბიტურიენტები ამ მიმართულებაზე ? 

ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამა, რატომ აკეთებენ არჩევანს? – ალბათ, იმიტომ რომ 21 საუკუნე ინფორმაციის და ტექნოლოგიების ერაა და ამის გარდა პოპულარიზაცია განპირობებულია იქიდან გამომდინარე რომ ყველაზე მოთხოვნადი და განვითარებადი პროფესიაა დღეს.

– რა არის ამ ეტაპზე აკადემიის ძლიერი მხარე (ინფრასტრუქტურა, აკადემიური პერსონალი, გაცვლითი პროგრამები და ა.შ.) და რა მიმართულებით აგრძელებს უნივერსიტეტი მუშაობას?

ეროვნული თავდაცვის აკადემიას ბევრი ძლიერი მხარე გააჩნია, მაგალითად: ინფრასტრუქტურა, სრული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა აკადემიის მხრიდან; სოციალური პაკეტი, სრული ჯანდაცვის უზრუნველყოფა, სტუდენტური სერვისები, სტიპენდია. აკადემიური პერსონალი და ყველაზე მთავარი – დასაქმების 100%-იანი გარანტია.

– რა ელით წლევანდელ სტუდენტებს – გაცვლით პროგრამების კუთხით? 

ჩვენ იუნკერებს (სტუდენტებს) აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. აკადემიას აქვს გაცვლითი პროგრამები NATO-ს ქვეყნების ყველა ანალოგიურ სასწავლებლებთან, მაგ.: აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კანადა, გაერთიანებულ სამეფოსთან, ბალტიის ქვეყნებთან, ასევე სკანდინავიის ქვეყნების სამხედრო აკადემიასთან

– სწავლის გადასახადს თუ იხდიან სტუდენტები?

რაც შეეხება სწავლის საფასურს, აკადემიაში სწავლა 100% უფასოა იუნკერებისთვის (სტუდენტებისთვის) მათი სწავლა ფინანსდება სრულად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

– რა შეიცვალა ან/და შეიცვლება კორონავირუსის ფონზე და რა ახალი გამოწვევების წინ დადგა უნივერსიტეტი? 

კორონავირუსის ფონზე გამოწვევა იყო აკადემიისთვის სასწავლო პროცესის გადაყვანა დისტანციურ სწავლების რეჟიმზე მაქსიმალურად მოკლე დროში, რაც განვახორციელეთ 9 დღეში.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ჩვენ გვსურს, რომ გავხდეთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, პოპულარული და პრესტიჟული სასწავლებელი. გავხდეთ უფრო მეტად ცნობადი და სანიმუშო NATO-სა და EU-ის წევრ ქვეყნებში.

ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური