განათლების მინისტრს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს – საკადრო ცვლილებები ჩხენკელის უწყებაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი დაინიშნა. როგორც EDU.ARIS.GE-ს მიხეილ ჩხენკელის უწყებიდან დღეს აცნობეს, პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს. რაც ნიშნავს, რომ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და მანდატურის სამსახურის დღევანდელი ხელმძღვანელი გელა გელაძე თანამდებობაზე რჩებიან, თუმცა მათ მიმართულებებს კურატორი ეყოლება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში დაუზუსტეს, განათლების ახალი პირველი მოადგილე შეითავსებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასაც.
რაც შეეხება მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სამინისტრო განმარტავს, რომ ეკატერინე დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს, სადაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მიმართულებას უხელმძღვანელებს.
კიდევ ერთი საკადრო სიახლეა პროფესიული განათლების მიმართულებით სადაც გასულ წელს შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს. საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებულმა საბჭომ უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად 5 წლის ვადით აირჩია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, რომელიც 2021 წლის აპრილიდან, სააგენტოს განვითარების საწყის ეტაპზე, მინისტრის მოადგილის თანამდებობასთან ერთად ითავსებდა სააგენტოს დირექტორის ფუნქციებს. სამინისტროს ცნობით, 2022 წლიდან აქტიურ ფაზაში გადადის პროფესიული უნარების სააგენტოს ფუნქციონირება, რაც საჭიროებს როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა რესურსის მობილიზებასა და პროფესიონალთა გუნდის ფორმირებას. თამარ ქიტიაშვილი მინისტრის მოადგილის პოზიციას დატოვებს და პროფესიული განათლების რეფორმის მასშტაბის, ასევე სფეროს მართვის ახალი მოდელის გათვალისწინებით, სააგენტოს გაუძღვება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პროფესიული განათლების მიმართულების კურატორის ფუნქციასაც შეითავსებს.
განათლების სამინისტროს ცნობით, ამ პოზიციის დაკავებამდე თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორებიცაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია; იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.
თამარ მახარაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგის (ებრაისტი) კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. გახლდათ გიორგი წერეთლის სახელობის სტიპენდიატი. გავლილი აქვს სტაჟირება იერუსალიმის ჰარ-ჰაცოფიმის უნივერსიტეტში. გაიარა თსუ-ს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით.
თამარ მახარაშვილს 1997 წლიდან დღემდე კვლევის ძირითად სფეროში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, ასევე გავლილი აქვს ისრაელის სარ ჰა არონის კურსები სამთავრობო უწყებებში მართვა-მენეჯმენტის მიმართულებით.
თამარ მახარაშვილი გახლავთ ებრაულ ენაზე გამოცემული „დედა-ენის“ ავტორი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა
ასევე იხილეთ:
ქართული განათლების სისტემა 2021 წლის ცალბორბლიან ურემზე და იმედიანი 2022 – წლის შეჯამება
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება