ქართული განათლების სისტემა 2021 წლის ცალბორბლიან ურემზე და იმედიანი 2022 – წლის შეჯამება
EDU.ARIS.GE-ს კარგი დასაწყისის დანახვა არასდროს უჭირს, მაგრამ, სულ უფრო რთული ხდება კარგი ამბის მოძიება. თუ გასულ, 2021 წელს გადავხედავთ, განათლებასა და მეცნიერებაში, ალბათ, საუკეთესო ამბავია, რომ დეკემბერში ბრიუსელში მოეწერა ხელი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. დიახ, მოსალოცი დასაწყისია.
Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირება ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის ქართველ მეცნიერებს, ინოვატორებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.
მაგრამ, რა ქნა განათლების სამინისტრომ? Horizon Europe-ის საქართველოში ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება ისე ჩატარდა და დასრულდა, რომ არც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და არც მისი მოადგილეები, სხვა საკითხებზე კითხვების შიშით, მედიასთან არ გამოსულან.
არაერთი შეხვედრა და საპარლამენტო მოსმენა ჩატარდა ამ მოვლენის საზოგადოებისა თუ პარლამენტის დეპუტატების ყურამდე მიტანის მიზნით, ამიტომაც გასაკვირია, თუკი ასეთი დიდი მიღწევაა Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირება, რატომ არ დადგა მედიასთან განათლების უწყების არც ერთი ხელმძღვანელი? ძალიან ბევრი ადამიანი ხომ არ მუშაობს სამინისტროს საზოგადაოებასთან ურთიურთობის სამსახურში და ერთმანეთს ხელს ხომ არ უშლიან?
ახლა კი 2021 წლის განათლების ამბების ქრონოლოგიას გავყვეთ. გადაგორებული – ასეც შეიძლება შეფასდეს 2021 წელი განათლებაში, რომელიც სულ რამდენიმე დღეში უკვე ისტორიად იქცევა. გადაგორებული იმიტომ, რომ მთელმა წელმა პანდემიასთან ბრძოლაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა-დაკეტვაში, მასწავლებლების, ლექტორების, სტუდენტებისა და მოსწავლეების აცრისკენ მოწოდებაში, დაგეგმილი ცვლილებისა თუ პროექტების გადავადება-გაუქმებასა და უკეთესი მომავლის მოლოდინში გაიარა.
გასულმა წელმა თავი მნიშვნელოვანი სიახლეებით ვერ დაგვამახსოვრა. მთავარ მისიად უკანსვლის ტემპის შენელება იქნა დასახული და ამასაც რამდენად გაერთვა თავი, სადავოა, რადგან სფეროს სპეციალისტების დიდი ნაწილის აზრით იმ ზიანის გამოსწორება, რაც პანდემიურმა წლებმა განათლების სფეროს მიაყენა, საკმაოდ რთულია, შეუძლებელი თუ არა.
ერთ-ერთი პირველი, რითიც ეს წელი გამორჩეულად შეიძლება მივიჩნიოთ, ის ცვლილება, უფრო ზუსტად კი, უცვლელობაა, რომ ქვეყანას განათლების კვლავ ძველი მინისტრი ჰყავს. სამინისტროს ისტორიაში ბოლო 20 წელიწადს (და უფრო ადრინდელ პერიოდსაც) თუ გადავხედავთ, არც ისე ხშირი იყო ისეთი წლები, როცა მინისტრი უცვლელი დარჩა. ზოგჯერ კი, ერთი წლის განმავლობაში ორი მინისტრის დანიშვნა-გადაყენებაც თავისუფლად ესწრებოდა. პოსტზე მეორედ მობრუნებული მიხეილ ჩხენკელი (პირველი მინისტრობის წლები 2017-2018) სამთავრობო ცვლილებებს ამჯერად გადაურჩა და როცა ძველით ახალმა და აგრეთვე მეორე ჯერზე მობრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2021 წლის 19 თებერვალს მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა, განათლების მინისტრი უცვლელი დატოვა. ჯამში, მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა, პარლამენტს, დასამტკიცებლად, მეოთხედ წარედგინა.
თავად უწყება კი სიახლეებს მაინც ვერ ასცდა – განათლებას და მეცნიერებას 2018 წელს შემოერთებული კულტურა და სპორტი ისევ გამოეყო და ერთი სამინისტროს ნაცვლად, კლავ ორი უწყება მივიღეთ. საზოგადოებისთვის, აზრი, რა თქმა უნდა, არც შერწყმის და არც განცალკევების დროს, არავის უკითხავს. არც ის აუხსნია ვინმეს, თუ რატომ მოხდა ეს 2018 წელს და არც ის, თუ რატომ დაუბრუნდა ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას რეფორმიდან 2 წლის შემდეგ. იდეამ რომ არ გაამართლა, ცხადია, თუმცა, რა დაჯდა წინასწარი გათვლების გარეშე ჩატარებული ცდა, არავის გაუმხელია.
უწყების კვალდაკვალ გაიყო საპარლამენტო კომიტეტიც და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის კულტურის კომიტეტი გამოეყო. ერთიანი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, რომლის ამ პოზიციაზე დანიშვნასაც, თავის დროზე, ხმაური მოჰყვა, კულტურისა და სპორტის მინისტრის სავარძელში გადაინაცვლა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს კი დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ჩაუდგა სათავეში, რომელიც წლის ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს, ხოლო კომიტეტი, მის პირველ მოადგილეს, გიორგი ამილახვარს ჩაბარდა.
თუ ფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილმა ცვლილებებმა სასიკეთო ძვრები გამოიწვია, იმედი უნდა გაგიცრუოთ. როგორც ჩანს, ახალი სისხლი ყოველთვის ახალ იდეებს არ ნიშნავს.
სხვა მხრივ კი, როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, მთელი წელი კორონავირუსთან ბრძოლას მიეძღვნა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო ახლა სწორედ ამ გზას გადის. თუმცა, საკითხავი ისაა, როგორი იყო ეს ბრძოლა და რის ხარჯზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს იგი. მთელი 2021 წელი სკოლების, უნივერსიტეტების, ბაღებისა და პროფესიული სასწავლებლების გახსნა-დაკეტვას ვადევნებდით თვალს, ხან საყოველთაოს და ხანაც – წერტილოვანს. ზაფხულს, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასა და მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, ლოგიკურად, კორონავირუსის გავრცელება უნდა შეეფერხებინა და სასწავლო წელიც, სექტემბრიდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლებულიყო.
თუმცა, საქართველოში ლოგიკას ბევრი რამ რომ არ ემორჩილება უკვე არახალია და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან, კატასტროფული ტემპით იმატა. სწავლის დაწყების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები და მედიკოსები პედაგოგებს, სტუდენტებს, მშობლებს, აკადემიურ პერსონალსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ ნებისმიერ პირს აცრისკენ სულ უფრო და უფრო ხშირად მოუწოდებდნენ, მაგრამ სტატისტიკა, სექტემბრის პირველი რიცხვებისთვის, არცთუ ისე საამაყო მდგომარეობაში იყო. ისმოდა მოსაზრებებიც, რომ ამა თუ იმ ეტაპზე დღის წესრიგში პედაგოგთა სავალდებულო ვაქცინაცია დადგებოდა, ამას ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებდა, თუმცა, საბოლოოდ, ამ ნაბიჯის გადადგმა არც ისე მარტივად გასაბედი აღმოჩნდა.
ასე იყო თუ ისე, სასწავლო წელი სექტემბრიდან დისტანციურად განახლდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების კარები კი მხოლოდ ოქტომბრიდან გაიღო, მათ შორის პირველკლასელებისთვისაც.
თუმცა, ყველაფერი ისევე გაგრძელდა, როგორც მანამდე, საგაზაფხულო სემესტრში – ყოველდღიურად დისტანციურ სწავლებაზე ათობით კლასი, სკოლა და ასობით მოსწავლე გადადის. სიტუაცია უცვლელია უნივერსიტეტებშიც. უნდა ითქვას, რომ ვაქცინაციაში არც პროფესორ-მასწავლებლების და მითუფრო, არც სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩასართავად არაფერი დაგეგმილა და განხორციელებულა. ტელეეკრანებიდან გაკეთებულ ზოგად მოწოდებებზე შორს საქმე არ წასულა. შესაბამისდ, სწავლის დაწყების წინაც, მთელი სემესტრის მიმდინარეობისასაც და ახლაც, სტუდენტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არც ისე სახარბიელოა, მოსწავლეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მეტიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ამ დრომდე ვერ თქვა რამდენი სტუდენტია საქართველოში აცრილი.
მუდმივი სიფრთხილისა და შიშისგან გამოწვეული სტრესი, დაკეტილი სასწავლებლები, ზუმსა და თიმსში გადანაცვლებული ცხოვრება, როგორც ჩანს, 2022 წელსაც სამწუხარო რეალობად მოგვევლინება. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზრდება ის ჩავარდნა, რაც დისტანციური და არასტაბილური სასწავლო პროცესის გამო მოსწავლეებსა და სტუდენტებს აქვთ და რაზეც უკვე არაერთი ექსპერტი, ორგანიზაცია, კვლევა თუ ანგარიში საუბრობს.
გასულ წელს ისე, რა თქმა უნდა, ვერ შევაჯამებთ, ორიოდე სიტყვით ერთიანი ეროვნული გამოცდებიც რომ არ მიმოვიხილოთ. თავდაპირველად, ოფიციალურ მონაცემებს შეგახსენებთ და გეტყვით, რომ 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ერთთვიანი საგამოცდო პერიოდის დასრულების შედეგად კი გაირკვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში 29 362 აბიტურიენტი (76%) ჩაირიცხა, მათგან 6 545 გამოსაცდელმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. ბოლო წლების განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების კრიტიკა სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის. მას მოძველებულსა და დრომოჭმულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ იგი ზოგადი განათლების ხარისხს ვერ ზომავს, რომ ვერც უნივერსიტეტებს ეხმარება სასურველი კონტინგენტის მიღებაში, ფორმატი ხისტი და მოუქნელია და მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. 2021 წელს კი ეს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად წამოიჭრა. მინისტრი უკვე პირდაპირ აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია. თუმცა, როგორი იქნება იგი, ჯერ არავინ იცის. მის ნათქვამს თუ დავეყრდნობით, მისაღები გამოცდების უნივერსიტეტებში გადატანა არ იგეგმება. ერთ-ერთ ვარიანტად კი ჩარიცხვის ე.წ. „ამერიკული მოდელი“ განიხილება – როდესაც ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სხვა კომპონენტები, როგორიც არის: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობა და სხვა.
ჩხენკელის ეს ინიციატივა მალევე გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში. იგი უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნიეს და კვლავ არაობიექტურობის, პროტექციისა და უსამართლობის სუნი იგრძნეს. როდის უნდა ველოდოთ ეროვნული გამოცდების ძირეულ რეფორმას, ისევ არ ვიცით. მანამდე კი, 2022 წლისთვის, შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ზოგიერთი დავალება და აგრეთვე, გაიზარდა და გამრავალფეროვნდა გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების არჩევანი. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაბიჯი უდაოდ წარსულის გამეორებაა, ვინაიდან სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნების შემცირება და მათი ორამდე დაყვანა სულ ახლახანს, 2019 წელს გადაწყდა. რატომ? ეს არც მაშინ და არც ახლა, როცა საკუთარი გადაწყვეტილება კვლავ გააუქმეს და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდნენ, არავის დაუსაბუთებია.
2022 წლის დადგომა არც ისე სასიხარულოა იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, რომელთაც სისტემა ახალი წლიდან დაემშვიდობება. კომპეტენციის დადასტურების ბოლო შანსი ზაფხულში მიეცათ – გამოცდაზე გასული 5 340 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, 2 886-მა მასწავლებელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და მოქმედი კანონის თანახმად, სკოლა მათ ადგილას ვაკანსიას გამოაცხადებს. სისტემის ხელმძღვანელები გვარწმუნებენ, რომ ახალი კადრები არ უჭირთ. პედაგოგებმა არაერთი აქცია გამართეს. მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ამაოდ ითხოვდნენ და მას შემდეგ, რაც შეხვედრა არ შედგა, პრემიერ-მინისტრს მისი გადაყენების მოთხოვნით მიმართეს. შედეგი ვერც ამან გამოიღო. მეტიც – „მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება“, – ასე უპასუხა სისტემის გარეთ დარჩენილ მასწავლებლებს მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან პირველ დეკემბერს, როცა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა. თუმცა ამ განცხადებიდან სულ რაღაც ორ დღეში, სკოლიდან წასვლის წინაშე მდგომი მასწავლებლების გარკვეული ნაწილისთვის გამონაკლისი დაუშვა.
ორი წლის თავზეც გაურკვეველია სკოლის დირექტორების ბედი და ის, თუ როდის ჩატარდება სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება, რომელიც აუცილებელი უნდა ყოფილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ. გამოცდა, ჯერ კიდევ, გასული წლის მარტში იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გადაიდო. მას შემდეგ ორჯერ დაუბრკოლებლად ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და არაერთი ხალმხმრავალი ღონისძიებაც, მაგრამ დირექტორთა გამოცდების ჩატარებას, რომელზეც სულ 2 244 პირი იყო რეგისტრირებული, სამინისტრო ისევ არ ჩქარობს. EDU.ARIS.GE-ს მიერ განათლების მინისტრის მოადგილისთვის ცოტა ხნის წინ დასმული კითხვის პასუხად მხოლოდ ის გავიგეთ, რომ „სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით ჩატარდება“.
საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში არაერთი სკოლაა, სადაც დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც კი არ არის და მას, შიდა ბრძანებით, ყოფილი დირექტორის მოადგილეები მართავენ. ისინი, წლების განმავლობაში, მხოლოდ მოადგილის ანაზღაურებას იღებენ იმ ფონზე, რომ პასუხისმგებლობაცა და საქმეც გაცილებით მეტი აქვთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ განათლების მინისტრს სკოლაში მოვალეობის ოფიციალური შემსრულებლის დანიშვნის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხი გადაუჭრელი რჩება იმის მიუხედავად, რომ ამის გამო სკოლის მართვაში პრობლემები იქმნება. ასეთი დაწესებულებების რაოდენობა კი საკმაოდ ბევრია, საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი – 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, 2083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1022 სკოლას ჰყავს. რატომ ჭიანურდება დირექტორთა გამოცდები, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამის მიზეზი პანდემია ნამდვილად არ არის. ის, რომ სამინისტროს არგუმენტად არარსებული საბაბი მოჰყავს, პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესების შესახებ ეჭვებს ლეგიტიმურად ბადებს.
გაურკვეველ, გადადებულ თუ გაუქმებულ საკითხებზე საუბარს ისე ვერ დავასრულებთ, რომ არ ვახსენოთ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების რეფორმა, რომელიც სამინისტრომ დიდი ხნის წინ დააანონსა. მსოფლიო ბანკის მიერ ვალის სახით გამოყოფილი თანხებით, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, საკმაოდ ხანგრძლივი წინა მოსამზადებელი სამუშაოც ჩატარდა. სამუშაოს მიზანი სამინისტროსთვის იმ რეკომენდაციების მიწოდება იყო, რომლებიც უწყებას უნივერსიტეტების დაფინანსების საუკეთესო წესის მიღებაში უნდა დაეხმარონ. წინამოსამზადებელი საქმიანობა დასრულდა, რეკომენდაციები სამინისტროს მიეწოდა, შესაბამისად, ახლა ჯერი უწყებაზეა – მან უნდა გადაწყვიტოს რა მოდელზე შეაჩერებს არჩევანს და გაითვალისწინებს თუ არა რეკომენდაციებს. მათი გადაწყვეტილების პირველადი ვერსიის გასაჯაროება კი წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, თუმცა, ამ დრომდე არც უნივერსიტეტებმა, არც განათლების სფეროს სპეციალისტებმა და რაღა თქმა უნდა, არც საზოგადოებამ, არაფერი ვიცით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით დასმული კითხვები, განათლების მინისტრმა, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისასაც თითქმის უპასუხოდ დატოვა. მეტი სიზუსტისთვის – პასუხები გასცა, თუმცა იმდენად ზოგადი, რომ მათგან რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
სამაგიეროდ, უწყებამ, სულ ახლახანს, 2022-2032 წლების სტრატეგიასა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებული პროექტები საკონსულტაციოდ გამოაქვეყნა. „პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, მოქალაქეების, თემისა და მთლიანად დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციები, ონლაინ ფორმატში, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და წლის ბოლომდე, დაჩქარებული წესით, სტრატეგიის დამტკიცებაც უნდა მოესწროს.
რა ბედი ეწევა დამტკიცების შემდეგ დოკუმენტებს, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს წარსულში სტრატეგიები, ხედვები და გეგმები განათლების არაერთმა მინისტრმა წარმოადგინა, ხოლო ყოველმა მომდევნომ წინამორბედის ნამუშევარი თაროზე შემოდო, უცნობია. განათლების მინისტრები კი, ჩვენს ქვეყანაში, საკმაოზე ხშირი ტემპით რომ იცვლებიან, სტატიის დასაწყისში უკვე მოგახსენეთ. იქნება თუ არა 2022 წელი, ამ მხრივ, გამონაკლისი, დრო გვიჩვენებს.
დრო გამოაჩენს იმასაც, მომდევნო წელს მაინც გადაიდგმება თამამი და რიგ შემთხვევაში, ნაკლებპოპულარული ნაბიჯები განათლების მთლიანი სფეროს, ან მისი რომელიმე კომპონენტის გასაუმჯობესებლად, თუ არა. 2022 წელს მაინც თუ იქნა პრიორიტეტად დასახული რეალურად სასარგებლო გადაწყვეტილებები, უკეთესი გარემო, ხარისიხანი განათლება და არა პარტიული ინტერესები, წესით, მომდევნო წელს უფრო პოზიტიური წლის შეჯამებაც გამოგვივა.
ასე რომ, 2021-ში დაპაუზებული ცვლილებების 2022-ში განხორციელების იმედით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! უკეთესი წელი გვქონოდეს! 2022 წელი ყოფილიყოს წარჩინებულებისთვის წლობით ვერგადაცემული კომპიუტერების დარიგების, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილების, კარგად ამუშავებული ელექტრონული ჟურნალის, ვერჩატარებული დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების, ჭეშმარიტად მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა სწავლების მოდელის დამკვიდრების და სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყების წელი! საამისოდ, შეიძლება ითქვას, ბევრი არაფერია საჭირო, მხოლოდ ცოტა უფრო მეტი პოლიტიკური ნება და ვიწრო ინტერესებზე წინ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაყენება.
ასევე იხილეთ:
XXI საუკუნის განათლება, უნარები და მასწავლებელი – პედაგოგის შეჯამება 2021 წლის ბოლოს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება