განათლების სამინისტრო დღეიდან იწყებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტის განხილვას
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის სამინისტრო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის განხილვას დღეიდან იწყებს.
ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას საჭიროებს და 2004 წლიდან, 20 წლის პაუზის შემდეგ, მისი გადახედვა და განახლება აუცილებელიც იყო.
“ეს არის დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად არის ზოგადი განათლების კონსტიტუცია და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებსა თუ პოსტულატებს თუ როგორი მოქალაქის და ადამიანის აღზრდა გვინდა ჩვენ საქართველოში, მათ შორის ზოგადი განათლების ჭრილში. შესაბამისად, დღეიდან უკვე ვიწყებთ აღნიშნული პროექტის განხილვას ფართო საზოგადოებაში, ვინაიდან ეს ის დოკუმენტია, რომელიც ფართო შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
განათლების მინისტრის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების განახლებულ პროექტზე მუშაობა ექსპერტების ჩართულობით წარიმართა.
განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას:
- ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
- ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;
- სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;
- სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;
- ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
- მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
- თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.
განათლების მინისტრმა თქვა, რომ დოკუმენტი დღესვე გასაჯაროვდება და მოუწოდა მშობლებს, განათლების სპეციალისტებსა და სასკოლო საზოგადოებას, რომ მიაწოდონ თავიანთი შეხედულებები:
“სწორედ, ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ დოკუმენტს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი, თუ სახელმძღვანელო, რათა ამ ჯაჭვმა საბოლოო, ზემოთ ჩამოთვლილ დიდ მიზნამდე მიგვიყვანოს”.
ამავე თემაზე:
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ – მოქალაქეების პეტიცია პარლამენტს
by ARIS.GE-განათლება