„ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე“
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის საჯარო განხილვებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლების მინისტრმა მთავრობას წარუდგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება.
განათლების სამინისტრო დღეიდან იწყებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტის განხილვას
ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა ის მიზნები და პრინციპები, რომელიც დოკუმენტის პროექტშია გაწერილი.
“დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და კონკრეტულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული. დოკუმენტში არის დეტალურად გაწერილი ეს ყველაფერი.
“ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე, რომელიც დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის სრულფასოვან ცოდნას, გამსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობისა და სამართლიანობის პრინციპები და რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სამყაროში- ასეა გაწერილი ეს მიზნები პროექტში, რომელიც არის მომზადებული განათლების სამინისტროს მიერ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში სამინისტრო დაიწყებს უკვე დოკუმენტის საჯარო განხილვას და წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების დოკუმენტის სათანადო გაწერას, ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მადლობა განათლების სამინისტროს უკვე გაწეული სამუშაოსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენს ინტერესებს ზოგადი განათლების სფეროში”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
ამავე თემაზე:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება