განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს
განათლების სამინისტრო სკოლის დამამთავრებელ გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილთა შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს. როგორც EDU.ARIS.GE რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩვენ 25 მაისიდან, ანუ, გამოსაშვები გამოცდების დასრულების დღიდან ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ჯამში საატესტატო გამოცდებზე.
მაშინდელ წერილში დაწვრილებით მოვყევით, თუ რამდენი ბარიერი შეგვიქმნა განათლების სამინისტრომ, რათა ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ მოეწოდებინათ.
საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ, ინფორმაცია ოფიციალურად ხელახლა გამოვითხოვეთ, თუმცა მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი ვერც ამჯერად მივიღეთ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (emis) მიერ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს წარუდგენს მართვის სისტემას, რომელიც წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.
„ატესტატის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მართვის სისტემის მიერ ფორმულირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე, თუმცა, 2015-2016 სასწავლოს წლის კურსდამათავრებულების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში ჯერ არ არის ასახული, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მართვის სისტემაში ჯერ არ გადმოგზავნილა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგების დამტკიცების თაობაზე.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მართვის სისტემა მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია 2015-2016 სასწავლო წელთან დაკავშირებით,“ – წერია განათლების სამინისტროს ქვეუწყების წერილში.
შესაბამისად, პასუხები არც ჩვენს დანარჩენ კითხვებზეა გაცემული – თუ რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა თითოეულ საგანში და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა ჩვენ ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობდით, განათლების სამინისტროში ერთხელაც კი არ უთქვამთ, რომ მონაცემები ჯერ არ გააჩნდათ. პრესსამსახურში გვეუბნებოდნენ, რომ იმ მონაცემების დათვლა, თუ რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა წელს საატესტატო გამოცდებზე „ძალიან რთული პროცესია და სტატისტიკოსების მიერ შემუშავება სჭირდება“. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დათვლა შესაძლებელია, უბრალოდ ეს სამინისტროს არ უნდა – მონაცემები საერთოდ რომ არ არსებობდეს, ამას თავიდანვე გვეტყოდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატების გაცემა, 20 ივნისიდან დაიწყება. შესაბამისად, შეუძლებელია სამინისტრომ ატესტატების გაცემის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე არ იცოდეს თუ რამდენ ადამიანს უნდა მისცეს იგი.
ერთადერთი, რაზეც განათლების სამინისტროდან გვიპასუხეს, შარშანდელი სტატისტიკაა:
„რაც შეეხება 2014-2015 სასწავლო წელს, გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გადმოგზავნილი ცენტრის დირექტორის 2015 წლის 18 ივნისის წერილის თანახმად, 2014-2015 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა 6 449 რეგისტრირებულმა პირმა.“
საგულისხმოა, რომ განათლების სპეციალისტებზე დაყრდნობით ჩვენ აქამდეც ვწერდით, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა ძალიან დიდია და განათლების სამინისტრო ამ ინფორმაციის გამჟღავნებას ამიტომაც ერიდება.
ის, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა წინა წლის მონაცემს მართლაც საგრძნობლად აღემატება, განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ერთადერთი ინფორმაციითაც ირკვევა – შარშან ატესტატი 6 449 პირმა ვერ აიღო, წელს კი, როგორც ცნობილია, 6 500-მდე აპლიკანტი მარტო ერთ საგანში – უცხო ენაში ჩაიჭრა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მონაცემს სხვა საგნებში ჩაჭრილთა რაოდენობაც დაემატება და საკმაოდ შთამბეჭდავ სურათს მივიღებთ.
EDU.ARIS.GE წუხს, რომ განათლების სამინისტროს „წყალობით“ მკითხველს ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა.
რატომ „ვერ დათვალა“ აქამდე საატესტატოზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა განათლების სამინისტრომ?
თაკო არის© მათეშვილი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება