რატომ „ვერ დათვალა“ აქამდე საატესტატოზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა განათლების სამინისტრომ?
უკვე 2 კვირაა EDU.ARIS.GE ცდილობს მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რამდენი აპლიკანტი ჩაიჭრა 2015–2016 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებში საერთო ჯამში, თუმცა, განათლების სამინისტროს „წყალობით“ ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მე–12 კლასის გამოსაშვები გამოცდები 25 მაისს დასრულდა და სწორედ 25 მაისიდან ვცდილობთ ამ მონაცემის გარკვევას, ვინაიდან ეს ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს.
თავდაპირველად ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ მათ მონაცემები უკვე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (emis) გადაუგზავნეს და პასუხები იქ უნდა მოგვეძიებინა.
Emis-ში კი გამოგვიცხადეს, რომ ეს ყველაფერი მათ საერთოდ არ ეხებათ და ისევ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაგვგზავნეს. საბოლოოდ კი ყველა უწყებამ განათლების სამინისტროზე მიგვითითა. მოგვიანებით, ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ სამინისტრომ სხვა უწყებების მხრიდან აღნიშნული მონაცემების გასაჯაროება შეზღუდა.
სამინისტროში თავიდან გვითხრეს, რომ მონაცემს მანამ ვერ მოგვცემდნენ, სანამ აპელაციის ვადა არ ამოიწურებოდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სააპელაციო ვადები გამოსაშვები გამოცდების შედეგების გაპროტესტებისთვის დადგენილი საერთოდ არ არის. საუბარია იმ წერილებზე, რომელიც გამოცდების ცენტრმა თავიანთი შედეგით უკმაყოფილო მოსწავლეებისგან მიიღო. ასეთი კი საკმაოდ მცირე რაოდენობაა. მას შემდეგ რაც გამპროტესტებლებს გამოცდების ცენტრმა წერილობით უპასუხა და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომ მათი შედეგები არ შეიცვლებოდა, რაც სხვათა შორის გამოცდების დასრულებისთანავე ისედაც ცნობილი იყო, EDU.ARIS.GE-ს მიერ სამინისტროს შესაბამის სამსახურთან არაერთი ზარის, მეილის და მოკლე ტექსტური შეტყობინების შედეგად მივიღეთ პირობა, რომ მოთხოვნილ მონაცემებს რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა საატესტატო გამოცდებზე საერთო ჯამში და ასევე საგნების მიხედვით, წერილობით მივიღებდით.
თუმცა, ჩვენდა გასაოცრად, უწყებამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე უკვე განთავსებული გვქონდა და ის არავითარ ახალ მონაცემს, არც პასუხს მთავარ კითხვაზე –ჩაჭრილთა საერთო რაოდენობას არ შეიცავდა.
მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მიღების მცდელობა განვაგრძეთ, 2 ივნისს, განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ახალი მითითება მოგვცა. კერძოდ, ამ მონაცემს მხოლოდ მაშინ მივიღებდით, თუ მას სამინისტროდან ოფიციალურად გამოვითხოვდით, როგორც საჯარო ინფორმაცია (ეს მანამდე რატომღაც არ გაახსენდათ). ჩვენ მაშინვე ვცადეთ ინფორმაციის გამოთხოვა, თუმცა განათლების სამინისტროს ვებ-გვერდიდან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა – ელექტრონული ფორმით განცხადება უბრალოდ არ იგზავნებოდა. იხ ფოტო:
პრეს–სამსახურმა ეს საიტის ტექნიკური ხარვეზით ახსნა. შევთავაზეთ, რომ წერილს განათლების სამინისტროში მივუტანდით, თუმცა გვითხრეს, რომ პრეს–სამსახურის მეილზე გადაგვეგზავნა და შესაბამის პირებს თავად მიაწვდიდა.
რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ ინფორმაცია ისევ არ მიგვიღია. პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა კი სხვა თანამშრომლებთან გადაგვამისამართა, რომელთაგანაც კიდევ ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით სასურველ კითხვაზე პასუხის მიღებას.
საბოლოოდ, განთლების სამინისტროს პრეს–სამსახურში განგვიცხადეს, რომ მიუხედავად ჩვენი 2 კვირიანი მცდელობისა და ინფორმაციის მიღების ყველა წესის დაცვისა, საჯარო ინფრმაცია ოფიციალურად ისევ ხელახლა უნდა გამოგვეთხოვა და რომ სხვანაირად ჩაჭრილთა ჯამურ რაოდენობას ვერ გვეტყოდნენ. ისიც განგვიმარტეს, რომ ამ მონაცემების დათვლა, რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა წელს საატესტატო გამოცდებზე „ძალიან რთული პროცესია და სტატისტიკოსების მიერ დათვლა სჭირდება“, შესაბამისად ჯერ დათვლილი არ არის. თუმცა რამდენიმე დღის წინ მინისტრის მოადგილემ იმ საჯარო სკოლის მონახულება შეძლო, სადაც სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი საატესტატოზე წარმატებული მოსწავლე სწავლობდა.
განათლების სპეციალისტები, როგორც ჩვენთან საუბარში, ისე საჯაროდ, ამბობენ, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა ძალიან დიდია და განათლების სამინისტრო ამ ინფორმაციის გამჟღავნებას ამიტომაც ერიდება. გამოცდების ცენტრის მიერ გასაჯაროებული, დღემდე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ დაახლოებითი მონაცემის დათვლას შევეცადეთ, თუმცა ჯამური საბოლოო შედეგის საჯაროდ გაცხადების ვალდებულება და კომპეტენცია სამინისტროს პრეროგატივაა და დაახლოებითი ციფრების მოყვანით მკითხველის შეცდომაში შეყვანას ვერიდებით.
ამასთან, EDU.ARIS.GE ინფორმაციის მოპოვების მცდელობას აგრძელებს, ინფორმაცია ოფიციალურად ხელახლა გამოვითხოვეთ. იმედია, კანონის მიხედვით პასუხს მომდევნო ათ სამუშაო დღეში მაინც მივიღებთ და მკითხველისათვის ამ მეტად საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას შევძლებთ. ამასთან ვაზუსტებთ, რომ EDU.ARIS.GE აღნიშნული ინფორმაციის მიღებას 25 მაისიდან ცდილობს და სხვა მედიასაშუალების მიერ აღნიშნული მონაცემების გასაჯაროება, მიკერძოებულობის ეჭვს გააჩენს.
,,ნაეკი” საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თაკო არის© მათეშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება