განათლების სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დათვალა რამდენი გახსნილი სკოლა დაიხურა 15 სექტემბრის შემდეგ კორონავირუსის მიზეზით
15 სექტემბერს საქართველოს ნაწილში (1577 სკოლა) სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო, თუმცა მას შემდეგ არაერთი გახსნილი სკოლის ხელმეორედ დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი კი განათლების სისტემაში მყოფი პირების კორონავირუსით დაავადება ხდება. ასეთები არიან, როგორც მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლის სხვა თანამშრომლები, ისე საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
სხვადასხვა დღეებში ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, ასეთი სურათი გვაქვს:
იმის გამო, რომ 14 სექტემბერს მაღალმთიან აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა ხულოს რესურსცენტრის თანამშრომელს, სწავლა დისტანციურად წარიმართა ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურში. 15 სექტემბრის შემდეგ კი, დაინფიცირების ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ შრომაში გამოვლინდა სადაც, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა დაიხურა და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა ასევე, სენაკის ერთ-ერთ საჯარო სკოლის შემთხვევაში, სადაც კორონავირუსი პედაგოგსა და ორ მოსწავლეს დაუდგინდა. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, თუმცა ამ შემთხვევაში მოზარდს კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე თანატოლთან ჰქონდა, რომლებიც იზოლაციაში არიან და ფაქტს სკოლის დახურვა არ მოჰყოლია.
ზემოაღნიშნული არასრული ინფორმაცია ნათლად აჩვენებს, რომ გახსნილი და ისევ დახურული სკოლების რიცხვი მზარდია და საზოგადოების ინტერესიც საყურადღებო.
მიუხედავად ამისა, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო სკოლებზე, ამ დრომდე ვერ დათვალა და ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია ხელმეორედ დახურული სკოლების შესახებ. EDU.ARIS.GE-მ ინფორმაციის მოწოდება არაერთი დღის წინ მოითხოვა. საგულისხმოა, რომ ახლა, პირველი ოქტომბრიდან, როდესაც სკოლების უმეტეს ნაწილში სწავლა გარკვეულწილად საკლასო ოთახებში აღდგება, ბუნებრივია მოიმატებს ინფიცირების შემთხვევებიც, და, თუკი განათლების უწყება ერთეულად დახურული სკოლების რაოდენობას ვერ აზუსტებს, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რა სურათს მივიღებთ შემდეგ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი EDU.ARIS.GE–ს კატეგორიულად განუმარტეს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის მედიისთვის მიწოდების ვალდებულება განათლების სამინისტროს აქვს.
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება