განათლების სამინისტროსთან პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს
უცხოეთიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი სტუდენტები, რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. მათ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან კარვები აქვთ გაშლილი და ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას მოითხოვენ. გამოცდა 5 თებერვალს 15:00 საათზეა დანიშნული.
საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში და საკუთარ ქვეყენაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, აუცილებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბაროს. აღნიშნული წესი 2018 წელს ამოქმედდა და მაშინ განათლების სამინისტრომ მიზეზად იმ კომპანიების საქმიანობა დაასახელა, რომლებიც აბიტურიენტებს სტუდენტად გახდომას ეროვნული გამოცდების გარეშე ჰპირდებოდნენ.
„გადმოსულები ვართ მობილობით და გვიწესებენ ბარიერს, რომ ჩავაბაროთ გამოცდები, რაც არ არის მიღებული. როცა სხვა ქვეყნიდან შემოდის უცხოელი მას არ აბარებინებენ გამოცდას და არ უწესებენ ამ ბარიერს. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რატომ გვიწესებენ გამოცდას ზოგად უნარებში? შარშან იყო ასეთი პრეცედენტი, რომ ეს გამოცდა მოუხსნეს ბავშვებს, რომ ვკითხეთ რატომ-თქო? პასუხი ასეთი იყო, არ იცოდნენ ბავშვებმა გამოცდის შესახებ, წინა დღით გაიგესო. სინამდვილეში 10 დღე აპროტესტებდნენ აქ და მოუხსნეს. ძალიან ცინიკურად, ძალიან დამცირებით გვესაუბრნენ და გვითხეს, რომ თქვენ რადგან კიევიდან ხართ ჩამოსულები ვერ შეედრებით იმ ბავშვებს, ვერ დაუჯდებით და თავს ვერ აწევთ, რადგან იმათმა ოთხი გამოცდა ჩააბარესო. ჩვენ იმ ქვეყნის კანონმდებლობით ყველანაირი გამოცდები ჩავაბარეთ და აქ არ უნდა გვიწესებდნენ ბარიერს. სანამ გამოვფრინდებოდი კიევიდან, ოთხი დღით ადრე შევიტყვე ნაეკის ვებ გვერდზე, რომ გამოცდა უნდა ყოფილიყო 5 თებერვალს. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დროა, ფიზიკურად ვერ მოვემზადებით“, – ამბობს სოფიკო ფსუტური EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
„აქცია გრძელდება, მოთხოვნა არის რომ საქართველოს მოქალქეებს, სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ მოეხსნათ რეგულაცია უნარების გამოცდასთან დაკავშირებით. უცხოეთის მოქალქეებს ყოველგვარი გამოცდის გარეშე გადმოაქვთ საბუთები საქართველოში, ვფიქრობ უსამართლობაა, დღეს არის ბოლო დღე ამ რეგულაციის გაუქმების, რადგან ხვალ გამოცდაა“,- ამბობს აქციის მონაწილე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი გიორგი მსხალაია.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხოეთიდან მობილობით გადმომსვლელ სტუდენტებს, ერთი წლით ადრე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, ამიტომ დადგენილი წესის გაუქმებას არ აპირებენ. უწყების ინფორმაციით ზოგადი უნარების ხვალინდელ გამოცდაზე 343 საქართველოს მოქალაქეა დარეგისტრირებული.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება