განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
საქართველოს პარლამენტს 30 სექტემბერს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარედგინა, რომლის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 225,8 მლნ ლარით და ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს 3 501,5 მლნ ლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2027 წლის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით და აღსანიშნავია, რომ ხარჯვითი ნაწილი განათლების მიმართულებით 400 მილიონი ლარზე მეტით არის გაზრდილი.
“მთლიან საჯარო სექტორში და მათ შორის განათლების ნაწილშიც ხელფასების ზრდა არის გათვალისწინებული”, – ამბობს გიორგი კაკაურიძე, თუმცა კონკრეტიკას არ გვთავაზობს.
დეტალების გარკვევის მიზნით, EDU.ARIS.GE 1-ელ ოქტომბერს ბიუჯეტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს გაეცნო.
ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ: “განათლების ხარჯები გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება”.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გასული წლების მსგავსად 10%-იანი სახელფასო ზრდა ეხება ადმინისტრაციულ პერსონალს, თუმცა გულისხმობს თუ არა ბიუჯეტი მასწავლებლების ხელფასების ზრდის შესაძლებლობას დღეს მოქმედი სახელფასო ფორმულისა და სტატუსის დანამატების მიღმა, ბიუჯეტის დოკუმენტებში არ წერია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელფასო მატების კონტექსტი ბიუჯეტში კიდევ ერთხელ გვხვდება სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსებასთან ერთად, მეტი განმარტება იმის შესახებ, გულისხმობენ სადამრიგებლო ხელფასის მატებას თუ სხვას, ფინანსთა ან განათლების სამინისტროს მხრიდან კიდევ უნდა გაკეთდეს.
სამინისტროების მიხედვით გათვალისწინებული თანხების ნაწილში კი განათლების სამინისტროს პროგრამებისთვის თანხები ასეა გათვლილი:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 225,8 მლნ ლარით და განისაზღვრა 2 928,0 მლნ ლარით. ამასთან აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს შეადგენს 3 501,5 მლნ ლარს. განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი.
სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 2 082,9 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა;
პროფესიული განათლება – 248 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 247,7 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში 100 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 95,6 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 127,4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია
შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობის და მათი ხელფასების ზრდა;
ახალგაზრდობის მხარდაჭერა – 22,5 მლნ ლარი.
ბიუჯეტის ფაილებში საქართველოს მთავრობას პრიორიტეტად უწერია, რომ დაინერგება სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ღირსეული ანაზღაურების სისტემა. ამასთანავე, ამუშავდება მძლავრი მექანიზმი სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პარლამენტში საკომიტეტო დონეზე 6 ოქტომბერს დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის ფინანსთა სამინისტროს 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად წარედგინება.
ასევე იხილეთ:
-
„ბაღის აღმზრდელის ხელფასი 2027 წელს 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს უნდა გაუთანაბრდეს“
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს – რა წერია მთავრობის სამოქმედო გეგმაში
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების მინისტრი აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორს კონკურსის გარეშე დანიშნავს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება