„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ დაცვისთვის სახელმწიფო ორ თვეში 30 000 ლარს გადაიხდის
დიდი დიღომში „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ დაცვისთვის სახელმწიფო 2 თვეში 30 000 ლარს გადაიხდის. განაცხადი დაცვის მომსახურების გამარტივებული შესყიდვის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
დოკუმენტით ირკვევა, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,,ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში დასრულდა საჯარო სკოლის შენობების სამშენებლო სამუშაოები.
სააგენტოს ინფორმაციით, შენობებში ძვირადღირებული ტექნიკა და ინვენტარია განთავსებული, რაც შესაბამის დაცვას საჭიროებს.
„მოცემულ ეტაპზე, სკოლის შენობებში განთავსებულია სხვადასხვა სახის საოფისე და სასკოლო ავეჯი, დამონტაჟებულია სხვადასხვა სახის ძვირადღირებული მოწყობილობები, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას. შესაბამისად, ობიექტი საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ქონებისა და მატერიალური ფასეულობების დანაშაულებრივი (ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება) და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რისკები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვა უნდა განხორციელდეს ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვა სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი პირების მიერ“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, დაცვის მომსახურების ერთი თვის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს, შესაბამისად, საერთო ღირებულება 2020 წლის 05 მარტიდან, 2020 წლის 05 მაისის ჩათვლით – 30 000 ლარია.
„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. მომსახურების სავარუდო ღირებულება დადგინდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ განსაზღვრული ობიექტის დაცვისათვის საჭირო საშტატო ერთეულებისა და დაცვის მომსახურების ღირებულების, ასევე 2020 წლის 26 თებერვლის მოკვლევის აქტის საფუძველზე. წარმოდგენილი სახელფასო განაკვეთებისა და 2020 წლის 26 თებერვლის მოკვლევის აქტით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის გათვალისწინებით, მომსახურების ერთი თვის ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს. შესაბამისად, საერთო ღირებულება 2020 წლის 05 მარტიდან, 2020 წლის 05 მაისის ჩათვლით შეადგენს 30 000 ლარს“, – ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სააგენტოს განცხადებაში.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE