GE

სიახლე მშობლებისა და 17-18 წლის აბიტურიენტებისთვის: ვინ მოხვდება წვევამდელთა ელექტრონულ სიაში

საქართველოს მთავრობამ წვევამდელთა შემთხვევითი შერჩევის წესში ცვლილება შეიტანა, რომელიც უშუალოდ ეხება 17-18 წლის ახალგაზრდებსა და წინა წელს შერჩეულ პირებს.

კერძოდ, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შედეგად დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც ელექტრონული სისტემის მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წვევამდელთა შესარჩევ სიაში აისახებიან.

2026 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევთა შესარჩევ ელექტრონულ სიაში უკვე მოხვდებიან 17 წლის ახალგაზრდებიც, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

– იმყოფებიან ან ვალდებულნი არიან, იმყოფებოდნენ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე;
– მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გაწვევის პერიოდში უსრულდებათ 18 წელი.

განახლებული წესის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ თუ მოზარდი გაწვევის პროცესის დაწყებისას ჯერ კიდევ 17 წლისაა, მაგრამ უშუალოდ გაწვევის პერიოდის დასრულებამდე ხდება სრულწლოვანი (18 წლის), მისი მონაცემები წინასწარ აისახება შემთხვევითი შერჩევის ელექტრონულ ბაზაში.

სტუდენტის სტატუსი და სწავლის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაწვევის გადავადების უფლება კვლავ კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტული წესით რეგულირდება.

გარდა ამისა, ახალი დადგენილების შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გასაწვევთა სიაში ასევე აისახებიან ის წვევამდელები, რომლებიც წინა წელს შეირჩნენ შემთხვევითი პრინციპით და რომელთა მიმართაც მიღებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილება თუმცა ვერ მოხერხდა მათი სამედიცინო შემოწმების ჩატარება კანონით დადგენილი წესით, ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა იმის გამო, რომ სამსახურის შესაბამისი სახეები, ვადები, უკვე დაკომპლექტებული იყო.

ცვლილება უკვე ძალაშია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური