„გვითხრან რომ გადაიდო ეს გამოცდები და ცოტა ხნით მაინც ვიმუშავებთ მშვიდად“ – სპეციალური და პრაქტიკოსი მასწავლებლების პრეტენზია
სპეციალური მასწავლებლები და პრაქტიკოსი პედაგოგები საკვალიფიკაციო გამოცდების მოლოდინში არიან, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამართოს, თუმცა ოფიციალური უწყება გადაწყვეტილების გამოქვეყნებას არ ჩქარობს.
პედაგოგების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გაურკვეველ მდგომარეობაში მუშაობა მათთვის ძალიან რთულია.
„ამდენი გაურკვევლობით დავიღალე, სპეცმასწავლებელი ვარ, ხანდახან მიჩნდება სურვილი ავდგე, დავტოვო ყველაფერი და სახლში წავიდე, მაგრამ იმდენი ტრენინგი და გადამზადების კურსი მაქვს გავლილი აღარ მინდა წყალში ჩამეყაროს, ხო შესაძლებელია თქვან ან ტარდება, ან არა, ძალიან დამთრგუნველია ეს ყველაფერი.“
„პრაქტიკოსის სტატუსი მქონდა, ახალი რეგულაციები ეს სტატუსიც აღარ მაქვს, გამოცდაზე დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ ჩატარების თარიღი ვერა და ვერ გავიგეთ. შემოდგომის ბოლო თვეა, თან ასეთი დაძაბულობაა ქვეყანაში პანდემიის გამო და არჩევნების გამო, გვითხრან, რომ გადაიდო ეს გამოცდები და ცოტა ხნით მაინც ვიმუშავებთ მშვიდად“, – აცხადებენ პედაგოგები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE–ს განუცხადეს, რომ სპეცმასწავლებლების საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებლად სამართლებრივი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ტესტირების ჩასატარებლად აუცილებელია გარკვეული რეგულაციების (კანონქვემდებარე აქტის) შემუშავება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სწორედ ამ რეგულაციებზე, რის შემდეგაც მოხდება მისი დამტკიცება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ“, – აცხადებენ უწყებაში.
გამოცდების ცენტრი იგივე პასუხს აძლევს დაინტერსებულ პირებს, ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, სადაც გამოცდებთან დაკავშირებული კითხვებით მათ ათეულობით პედაგოგი მიმართავს, თუმცა ამ შემთხვევში ცენტრი მათ განუმარტავს, რომ სპეცმასწავლებლების გამოცდის შესახებ დეტალები ნოემბრის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.
„სპეცმასწავლებლების გამოცდის თაობაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს, დეტალები ნოემბრის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება“, – წერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
თუ ამ კომენტარით ვიმსჯელებთ, სპეცმასწავლებლების გამოცდების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა რაც შეეხება შემოდგომაზე გამოცდების ორგანიზებას, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ის პრაქტიკულად შეუძლებელია. სკოლებში, სადაც გამოცდები იმართება ხოლმე, ამჟამად საარჩევნო უბნებია განთავსებული. კანონმდებლობის თანახმად, ნოემბრის შუა რიცხვებში არჩევნების მეორე ტურები უნდა გაიმართოს, შესაბამისად, ნოემბერში როგორც პრაქტიკოსების, ასევე სპეცმასწავლებლების გამოცდების ჩატარების ალბათობა ძალიან ნაკლებია.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება