ჩატარდება თუ არა ნოემბერში პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდები? – განათლების სამინისტრო კითხვას ვერ პასუხობს
ეპიდსიტუაციის მიზეზით შემოდგომაზე გადატანილი პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდების ჩატარების თარიღი ისევ უცნობია. საუბარია 5 000-მდე მასწავლებელზე.
28 ოქტომბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვას, რა თარიღში ჩატარდება ნოემბერში დაანონსებული გამოცდები, უწყება ვერც იმას გვეუბნება იყო თუ არა შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საკითხის განხილვის მიზნით და აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის რეკომენდაცია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ გამოცდის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება, თუმცა სამინისტროს სიპს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია.
პრაქტიკოს მასწავლებელთა ეს გამოცდა რომ მათთვის სკოლაში დარჩენის ბოლო შანსია ათასობით გამოცდისთვის რეგისტრირებულ მასწავლებელს კარგად ესმის და მათი ნაწილი ხშირად EDU.ARIS.GE-სთან აფიქსირებს პრეტენზიას ამ გაურკვეველი მდგომარეობის გამო.
ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამოყენება სწორედ იმისთვის ხდება, რომ მათ სკოლა დაატოვებინონ. სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ არც ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარებულიყო ზაფხულში.
“ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ მიმდინარე სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია”, – მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილის ეს სიტყვები იმ 4 700–მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეხება, რომლებიც ზაფხულში ჩასატარებელ გამოცდაზე გეგმავდა გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე გადაუტანეს.
პედაგოგთა პროფკავშირები ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა, რომ გამოცდების ჩატარებას პრაქტიკოსებისთვის მათი ინფორმაციით არც შემოდგომაზე აპირებდნენ, თუმცა ეს გამოცდების ცენტრმა უარყო.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება