იმუშავებენ თუ არა სკოლებში ბუფეტები – განათლების სამინისტრო ჯანმოს რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაშია
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებში მაინც განახლდება. თუმცა სკოლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მთელი რიგი რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ. რეგულაციები ეხება ყველაფერს, მათ შორის სასკოლო კვების ობიექტებს, ე.წ. ბუფეტებს.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ბუფეტებთან დაკავშირებული რეკომენდაციები სკოლებმა სულ ახლახანს მიიღეს. როგორც სკოლის დირექტორები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ასეთ მოკლე დროში ამ მითითებების დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ბევრი მათგანი ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში ბუფეტებს არ გახსნის.
როგორც ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, მათ ბუფეტებთან დაკავშირებით შესასრულებელი რეკომენდაციების ჩამონათვალი 5 სექტემბერს მიუვიდათ და ვინაიდან ვერც ფართის მოთხოვნით აკმაყოფილებენ სტანდარტს და მოთხოვნებიც მრავალპუნქტიანია, ახალი სასწავლო წლიდან ბუფეტს არ გახსნიან.
„მოგეხსენებათ. ამ ახალი სასწავლო წლიდან, უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, კვების ნაწილი ნაკლებ პრიორიტეტულად ჩავთვალეთ ამ ეტაპზე, ეს კიდევ მომატებული რისკიცაა და რესურსი საკმარისი არ გვაქვს რომ რეკომენდაციების შესაბამისად ფუნქციონირებდეს. ამიტომ წელს სკოლაში ბუფეტს არ გავხსნით. შესაბამისად, მოვუწოდებ მშობლებს, რომ დილით სახლებში კარგად ასაუზმონ ბავშვები და შუადღის კვება, წასახემსებელი სკოლაში გამოატანონ“, – გვითხრა კერძო სკოლის დირექტორმა.
EDU. ARIS.GE საჯარო სკოლის დირექტორებსაც დაუკავშირდა. მათი უმრავლესობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბუფეტების გახსნას მიმდინარე სასწავლო წელს არ გეგმავს.
„ჩვენ შემთხვევაში მეიჯარეს ამოეწურა ვადა და ბუფეტი არ ფუნქციონირებდა წინა წლის მეორე სემესტრიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ბუფეტის გასხნას არც ახლა ვგეგმავთ. იმ სტრუქტურით, რომლითაც ბუფეტი მუშაობდა დიდად კმაყოფილი არ ვარ, ბაღებში უფრო მოწესრიგებულია ჩემი აზრით კვების მიმართულება, სკოლაში კი, ჩვენ რაც არ უნდა ჯანსაღი საკვები შევთავაზოთ, ეს ის არ იქნება რაც საჭიროა. რეგულაციები ნამდვილად საჭირო და სავალდებულოა ასეთ ვითარებაში, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს არ შეგვისწავლია საფუძვლიანად. კი წავიკითხეთ, რომ იქ საჭიროა რიგის მარეგულირებელი, დასუფთავება სჭირდება ყოველი მოსწავლის შესვლის შემდეგ და ეს ძალიან რთული შრომაა. შეუსრულებელი არ არის, თუმცა ჩვენთან ამ ეტაპზე არც ბუფეტის მეიჯარეა და ვერც მოესწრება სწავლის დაწყებამდე“, – განაცხადა 150-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი მექვევრიშვილმა.
სკოლის ბუფეტი არ გაიხსნება არც 41- ე საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის დირექტორი ჩვენთან აღნიშნავს, მათი კვების ობიექტის ფართობი არის პატარა და თავს იყრის ბევრი ბავშვი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის ბუფეტი არ გვექნება, რადგან ფართობი არის პატარა და იქ თავს იყრის ძალიან ბევრი ბავშვი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ რაიმე ხიფათი. ვინაიდან რეგულაციებში ფართის მოთხოვნაც გვიწერია“, – განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.
თემასთან დაკავშირებით EDU. ARIS.GE-მ კითხვით განათლების სამინისტროსაც მიმართა.
როგორც სამინისტროში გვიპასუხეს, თუ სკოლები დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, იმ შემთხვევაში გახსნიან ბუფეტებს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურთან გადაგვამისამართეს, რომელსაც სწავლის დაწყებამდე სკოლების შემოწმება ავალია.
ჯანდაცვის სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც აწესებენ, მსოფლიო პრაქტიკის ანალოგია. ამ შემთხვევაში კი საქართველოს განათლების სამინისტროს პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის ჯანმოს რეკომენდაციებთან, რომელსაც სკოლებისთვის შემუშავებულ საბოლოო რეკომენდაციებში ცალსახად უწერია, რომ სწავლის დაწყებისთვის “საჭიროა ისეთი თავშეყრის ადგილების დახურვა, როგორიცაა ბუფეტი, სპორტული დარბაზი და სათამაშო მოედანი”.
„საჭიროა ისეთი თავშეყრის ადგილების დახურვა, როგორიცაა ბუფეტი, სპორტული დარბაზი და სათამაშო მოედანი. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების კვებას უნდა დაეთმოს. ამ დროს ჰიგიენის ყველა ნორმის ზედმიწევნით დაცვა არის საჭირო“, – ვკითხულობთ ჯანმოს რეკომენდაციებში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, (როდესაც სწავლის დაწყებამდე ერთი კვირაა დარჩენილი ქვეყანაში) შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებულია მხოლოდ 81 სკოლა, რომლებიც ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ.
სკოლების გახსნასთან დაკავშირებით ჯანმომ სკოლებისთვის ბოლო და დეტალური რეკომენდაციები გამოსცა
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება