სკოლების გახსნასთან დაკავშირებით ჯანმომ სკოლებისთვის ბოლო და დეტალური რეკომენდაციები გამოსცა
COVID ინფექციით გამოწვეული პანდემიის გამო მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემებმა დიდი ცვლილებები განიცადეს. მოსწავლეების დიდი ნაწილი იძულებული გახდა, სკოლაში სიარული შეეწყვიტა და სახლში დარჩენილიყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრების აზრით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ადამიანის ცხოვრებაში წამყვანი როლი აქვს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სკოლებს მოსწავლეების განათლებაში, დაავადების გავრცელების პროფილაქტიკის კუთხით, მნიშვნელოვანი როლი აქვთ. გარდა ამისა. მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის სასკოლო კვების პროგრამას და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის სკოლა ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სკოლების გახსნასთან დაკავშირებით, COVID-19–ის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით რეკომენდაციები გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით მთავრია სამი ძირითადი პუნქტის: სოციალური დისტანციისა და ხელების ჰიგიენის დაცვა, ასევე საჭიროების შემთხვევაში პირბადეების გამოყენებაა. ორგანიზაციის წევრების აზრით, სასურველი შედეგის მისაღწევად როგორც პირადი, ისე ადმინისტრაციული კონტროლის დაცვაა საჭირო.
ფიზიკური დისტანციის დაცვა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადამიანებმა, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.
რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, აღნიშნული რეკომენდაციის დასაცავად, მან მოსწავლეების ჯგუფების ერთმანეთთან აღრევას უნდა შეუშალოს ხელი, ასევე საკლასო ოთახის შესაბამისად მოწყობა და ხალხის თავშეყრის აკრძალვა არის საჭირო. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია შემდეგი პუნქტების შესრულება:
- მოსწავლეები მცირერიცხოვან კლასებად უნდა დაიყონ, თითოეულ მათგანს კონკრეტული მასწავლებელი უნდა ჰყავდეს. ისინი გაკვეთილებს ერთსა და იმავე კლასში უნდა დაესწრონ. დაუშვებელია კლასების ერთმანეთთან არევა. გარდა ამისა, შესვენებისა და საკვების მიღების დრო მკაცრად უნდა იყოს გაწერილი.
- მოერიდეთ წიგნების, რვეულებისა და სხვა საგნების გაცვლას. თუ ეს გამოუვალია, აუცილებლად ჩაუტარეთ მათ დეზინფექცია.
- შეზღუდეთ კლასგარეშე აქტივობები, სხვადასხვა ვიზიტი, შეხვედრები და ღონისძიებები.
- შეზღუდეთ სკოლაში უცხო პირთა შესვლა.
- საჭიროა ბავშვების სკოლაში მოყვანისა და წაყვანის პროტოკოლის შემუშავება.
- მონიშნეთ ტერიტორია, რომლის გადმოკვეთა მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გარდა არავის შეუძლია.
- უმჯობესია, თუ მშობლების, შვილების სკოლაში მოყვანის დროს მანქანიდან საერთოდ არ გადმოვლენ.
- საჭიროა საკლასო ოთახების გადაკეთება. მერხები ერთმანეთს 2 მეტრით დააშორეთ. შესაძლებელია იატაკზე სპეციალური ნიშნულების გაკეთება.
- შეზღუდეთ ხალხმრავალი ღონისძიებები.
- დერეფნებსა და კლასებში ცალმხრივი მოძრაობა მოაწყვეთ. მიმართულების საჩვენებლად ლენდებისა და ისრების გამოყენება შეგიძლიათ.
- ფიზიკური დისტანციის გაკონტროლება თანამშრომლებს დაავალეთ.
- საჭიროა ისეთი თავშეყრის ადგილების დახურვა, როგორიცაა ბუფეტი, სპორტული დარბაზი და სათამაშო მოედანი.
- მკაცრად გაწერეთ განრიგები, მაგალითად მოსწავლის სკოლაში მოყვანისა და წაყვანის, გაკვეთილისა და შესვენების დრო. ასევე საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ რა დროს ჩაუტარდება ამა თუ იმ კლასს გაკვეთილი.
- ასევე, ჯანმო იძლევა საკლასო ოთახების ხშირად განიავების რეკომენდაციას.
- განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების კვებას უნდა დაეთმოს. ამ დროს ჰიგიენის ყველა ნორმის ზედმიწევნით დაცვა არის საჭირო.
- სკოლებს, ყველა პირობის გათვალისწინებით, გაკვეთილების ჩატარებას სუფთა ჰაერზე ურჩევენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სკოლებს დისტანციური სწავლების დაგეგმარებისკენ მოუწოდებს. მისი წევრების თქმით, მოვლენების განვითარება უცნობია, ამიტომ სასწავლო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი ონლაინ სწავლების გაგრძელებას შეფერხების გარეშე შეძლებენ.
ხელების ჰიგიენის დაცვა
მოსწავლეებმა და სკოლის თანამშრომლებმა ხელების ჰიგიენის ნორმები ზედმიწევნით უნდა დაიცვან. მათ ეს მანიპულაცია სკოლაში შესვლამდე და გამოსვლამდე, შესვენების შემდეგ, დაცემინებისა და დახველების შემდეგ, საკვების მიღებამდე და მის შემდეგ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ უნდა შეასრულონ.
ხელის ჰიგიენის ტიპები:
საპნით და წყლით: ცნობილია, რომ ჰიგიენის ეს ზომა ახალ კორონავირუსს კლავს. ხელების მთლიანი ზედაპირის საპნით სულ მცირე ოცი წამის განმავლობაში უნდა დამუშვდეს. ამის შემდეგ საჭიროა საპნის ჩამობანვა და ხელის ერთჯერადი ხელსახოცით გამშრალება.
სპირტის შემცველი ხელის სანიტაიზერი: იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს წყალთან და საპონთან წვდომა არ აქვს, მას სპეციალური საშუალების გამოყენება შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ მასში სპირტის შემცველობა სულ მცირე 60% უნდა იყოს.
რაც შეეხება სკოლის ადმინიასტრაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათ ურჩევს:
- სკოლაში შესვლამდე და გამოსვლამდე ყველა მოსწავლემ და თანამშრომელმა ხელები უნდა დაიმუშაოს.
- შექმენით ხელის ჰიგიენის გრაფიკი, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პატარა ასაკის ბავშვებისთვის.
- ყველგან გააკარით პლაკატები, სადა ხელების სწორად დამუშავების წესებია დატანილი.
- სკოლები ხელების დასამუშავებელი საშუალებებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი.
- მოსწავლეებმა და სკოლის პერსონალმა გამდინარე წყლითა და საპნით ხელების დაბანვა ნებისმიერ დროს უნდა შეძლონ.
პირბადეების გამოყენება
შეძლებისდაგვარად ატარეთ პირბადეები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია და თქვენ იმყოფებით ოთახში, რომლის განიავებაც ვერ ხერხდება. მოსწავლეებს ხშირად უნდა შეახსენონ, რომ თვალებს, ცხვირს, პირს და სახეს არ შეეხონ. ბავშვებმა ორი წლის ასაკამდე, ასევე ადამიანებმა რომელთაც აქვთ სუნთქვის პრობლემა პირბადეები არ უნდა გამოიყენონ.
ხველებისას ან ცემინებისას აიფარეთ იდაყვი ან ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ის და დაიმუშავეთ ხელები.
თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ან გქონდათ კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, აუცილებლად დარჩით სახლში. თუ მოსწავლე, ან სკოლის თანამშრომელი არის ავად, ის სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს. თუ სკოლაში COVID-19-ით ინფიცირების ეჭვი, ან დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები თვითიზოლაციაში, სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის ვადით უნდა გადავიდნენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სკოლების ადმინისტრაციებს ურჩევს:
- სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე პირბადეების ტარება მოსთხოვოს.
- გამოაკარით განცხადებები, რომლებიც მოსწავლეებს პირბადის გამოყენების წესს შეახსენებს.
- ასევე სისტემატურად შეახსენეთ ბავშვებს სწორად დაცემინების ინსტრუქცია.
- შეიმუშავეთ მოსწავლეების დასწრების მოქნილი პოლიტიკა. თუ მოსწავლე ან მისი ოჯახის წევრი ოჯახის წევრი თავს შეუძლოდ გრძნობს, ბავშვი სკოლაში არ უნდა გამოცხადდეს.
- იზრუნეთ იმაზე, რომ თვითიზოლაციის შემთხვევაში სკოლის თანამშრომელმა კუთვნილი ანაზღაურება მიიღოს.
- თვითიზოლაციის შემთხვევაში უზრუნველყავით სასკოლო კვებით ის მოსწავლეები, რომელთაც ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ.
- ჩაატარეთ მოსწავლეების ყოველდღიური თერმოსკრინინგი სკოლაში შესვლამდე.
- სკოლამ პირბადეებით უნდა უზრუნველყოს ის მოსწავლეები, რომელთა მშობლებსაც მათი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.
- საჭიროა გეგმის შემუშავება, რომლითაც სკოლა იმოქმედებს, მასწავლებლების თვითიზოლაციაში გადასვლის შემთხვევაში.
წმენდა და დეზინფექცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებს სკოლებს სისუფთავის მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. იმ ზედაპირებისა და ნივთების დამუშავება, რომელთაც სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები ეხებიან, ყოველდღიურად უნდა მოხდეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზედაპირების სველი წესით დამუშავება არ კლავს მიკრობებს, თუმცა მათ რაოდენობას ამცირებს, ამიტომ სპეციალური ხსნარების გამოყენება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ზედაპირების დამუშავება სასწავლო დღის დაწყებამდე, ან მისი დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი.
რეკომენდაციების სიაში განსაკუთრებული ადგილი შენობის ვენტილაციას უჭირავს. ორგანიზაციის წევრების თქმით, ოთახის ხშირი განიავება ვირუსის გავრცელების საფრთხეს მკვეთრად ამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო დაწესებულებაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ტერიტორია, რომელზეც ინფიცირებული იმყოფებოდა, სრულ დეზინფექციამდე, დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს.
UNICEF-ის რჩევები იმ მშობლებისთვის, რომელთა ბავშვებიც სექტემბერში სკოლაში ბრუნდებიან
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება