კითხვას, გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები, განათლების მინისტრი პასუხობს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით მოსალოდნელ ცვლილებებზე დაუსვეს კითხვა.
საკითხზე საუბარი გივი მიქანაძეს მას შემდეგ მოუწია, რაც უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გახდა საჯარო და საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაში წერს, რომ გადასინჯვას საჭიროებს უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული, საგრანტო სისტემა, რომელიც სათანადოდ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს და არ არის ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე.
იქამდე, ზაფხულში, ირაკლი კობახიძეს გაცხადებული აქვს, რომ სკოლის საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი.
ამასთან, შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი კი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა ტიპის გამოცდებით ჩანაცვლება არ იგეგმება.
როგორც გივი მიქანაძემ 21 ოქტომბერს განაცხადა, ერთიან ეროვნული გამოცდებს საზოგადოების „ძალიან მაღალი სანდოობა“ აქვს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტის ჩარიცხვაც სწორედ ამ ტიპის გამოცდების საფუძველზე გაგრძელდება.
„საზოგადოებაში პირადად წავაწყდი, რომ მეკითხებიან – ჭორის დონეზეა ეს გავრცელებული თუ მიზანმიმართულად დასაზიანებლად უნდათ, რომ იმოქმედონ. ეროვნული გამოცდების მიმართ საზოგადოების ძალიან მაღალი სანდოობა არსებობს. შესაბამისად, ამ ეტაპზე საკითხი, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და მას სხვა გამოცდები ჩაანაცვლებს, დღის წესრიგშიც კი არ დგას. ჩვენ ვაგრძელებთ იმ სისტემით ახალგაზრდებისთვის ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობის მიცემას, რასაც ეროვნული გამოცდები იძლევა. წლევანდელმა წელმაც დაადასტურა, რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტით ჩატარდა ეროვნული გამოცდები და სანდოობა საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა რეფორმის ფარგლებში სკოლაში აკადემიური მოსწრების კომპონენტის გათვალისწინება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში სასკოლო რეფორმას საზოგადოებას დეტალურად წარუდგენენ.
„არ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ დაგპირდებით, რომ, თუ მომიწვევთ, სასკოლო რეფორმაზე ცალკე უფრო დეტალურად გავივლი საკითხებს, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ გარკვეული წინადადებების წარმოდგენას, რომლებიც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება სასკოლო რეფორმისთვის. შესაბამისად, საზოგადოებას წარვუდგენთ ხედვებს. ეს იქნება მოსწრება, სხვადასხვა ნოვაციაც, რომლებიც იდეაში გვაქვს, რომ შემოვიტანოთ და ბევრი სხვა, რაზეც საზოგადოებიდან გვესმის, რომ არის მოთხოვნა. ამ ყველაფერს ჩვენ ვაანალიზებთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება საშუალება, საზოგადოებას უფრო დეტალურად წარვუდგინოთ“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
ამავე თემაზე:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება