მოსწავლის სასკოლო აკადემიურ მოსწრებას უნივერსიტეტში ჩაბარებისას გაითვალისწინებენ – მთავრობის 4-წლიანი გეგმა ზოგად განათლებაში
28 ნოემბერს საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025-2028 წლების ახალი სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით: “მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ” წარმოადგინა და ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის განათლების პოლიტიკის 4-წლიან გეგმაზე.
EDU.ARIS.GE-მ სამთავრობო პროგრამა შეისწავლა და ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რაც ჩვენ 75-გვერდიან დოკუმენტში ზოგადი განათლების მიმართულებით ამოვიკითხეთ, სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გათვალისწინებას უკავშირდება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისას.
კერძოდ, სამთავრობო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის.
“მთავრობის მიდგომა ზოგადი განათლების მიმართ მიზნად ისახავს მისი ხარისხის გაუმჯობესებას, რათა თითოეულ მოსწავლეს მიეცეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა. მთავრობის ხედვაა, შექმნას ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ყოველწლიურად გაიზრდება ზოგადი განათლების დაფინანსება. შემუშავდება სკოლის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სკოლის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ავტონომიას და მაღალ ნიშნულზე აიყვანს დეცენტრალიზაციის პროცესს”, – ვკითხულობთ 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში.
მთავრობის 4-წლიანი გეგმები ზოგადი განათლების მიმართულებით ასეთია:
მომდევნო წლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჯარო სკოლის სრული ინფრასტრუქტურული გამართულობა. აშენდება და რეაბილიტირდება 500-ზე მეტი საჯარო სკოლა.
სრულად განახლდება ყველა საგნობრივი პროგრამა და სასკოლო სახელმძღვანელოები.
უსასყიდლოდ მიეწოდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების სრული ნაკრები.
მოხდება ყველა საჯარო სკოლის ავტორიზება, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს არსებობას და სასკოლო საზოგადოებაში მაღალი თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.
გაგრძელდება საჯარო სკოლების იმ მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება, რომელთაც სკოლამდე მანძილის დაფარვის, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების ან/და განსაკუთრებული საჭიროებების გამო სასწავლო პროცესზე დასწრების პრობლემა აქვთ.
მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება პორტაბელური კომპიუტერების („ბუკებისა“ და ლეპტოპების) გადაცემა ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებისა და წარჩინებული მოსწავლეებისათვის, რომლებმაც საბაზისო საფეხური 10 ქულაზე დაამთავრეს.
ყველა საჯარო სკოლაში სრულად განახლდება საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც უზრუნველყოფს STEAM განათლების კომპონენტის მნიშვნელოვან გაძლიერებას.
რეფორმების შედეგების გაზომვის, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით, განხორციელდება ეროვნული შეფასებები დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. აღნიშნული შეფასებებით ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა და სკოლის დონეზე, საგნობრივ ჭრილში იდენტიფიცირდება სისტემის საჭიროებები და გამოწვევები, გამოიკვეთება კონკრეტული ღონისძიებებისა და ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა სასკოლო და ეროვნულ დონეებზე.
პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები.
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში, მთავრობა ხელს შეუწყობს მათზე მორგებული სასწავლო გარემოსა და შესაბამისი სერვისების განვითარებას.
ბილინგვური განათლების დანერგვით, გაძლიერდება სახელმწიფო ენის სწავლება ყველა არაქართულენოვან სკოლაში.
საშუალო საფეხურზე, XI-XII კლასებში, შეთავაზებული იქნება მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამები.
„უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ფსიქოსოციალური სერვისებით და გაიზრდება იმ საჯარო სკოლების რაოდენობა, სადაც გათვალისწინებული იქნება სოციალური მუშაობის კომპონენტი და დაინერგება აღდგენითი მიდგომები, მათ შორის, სასკოლო მედიაცია. გაძლიერდება მუშაობა სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით.
ყველა საჯარო სკოლის ექიმის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდება სკოლის ექიმის განახლებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გაიზრდება სკოლის ექიმის სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა.
სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების ფარგლებში, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
გაგრძელდება სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების ზრდა.
შემუშავდება მასწავლებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალფეროვანი მექანიზმი.
გაიხსნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ულტრათანამედროვე, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი „ევროპული სკოლა – თბილისი“, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.
ასევე იხილეთ:
„ზოგად განათლებაში ორი გამოცდა იქნება შემოღებული“ – განათლების მინისტრის მოადგილე
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება
- აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განახლდა – ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- როგორ იცვლებოდა პედაგოგების რიცხოვნობა საჯარო და კერძო სკოლებში – 2020-2024 წლები by ARIS.GE-განათლება