„კომპიუტერი აბსოლუტურად ყველა წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა“ – სამინისტროს განმარტება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს EDU.ARIS.GE-ს რამდენიმე წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ის წარჩინებული მოსწავლეები, ვინც უკვე სააბიტურიენტო საფეხურზეა, დაგვიანებულ კომპიუტერს საჩუქრის სახით აღარ მიიღებენ.
როგორც დღეს განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, კუთვნილი კომპიუტერი ყველა წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა, რაც კანონით არის განსაზღვრული. უწყებაში თავი შეიკავეს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოვების სავარაუდო თარიღის დასახელებისგან, თუმცა თქვეს, რომ საამისოდ “პროცესი დაწყებულია”.
ამ დროისთვის ჩვენ გავარკვიეთ, რომ ტენდერი 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულთათვის კომპიუტერების შეძენის მიზნით, უკვე გამოცხადებულია (ეს უკვე მეორე მცდელობაა ავტ.).
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში EDU.ARIS.GE-ს დაუდასტურეს რომ ტენდერი გამოცხადებულია. კომპიუტერების შესყიდვა კი, სავარაუდოდ, დეკემბერში უნდა მოხდეს და ახალი წლის შემდეგ, 2022 წელს, მოსწავლეებს გადაეცემათ.
“კომპიუტერი გადაეცემა აბსოლუტურად ყველა წარჩინებულ მოსწავლეს, მათ ვისაც აქამდე არ აუღიათ, საუბარია ორ წელზე. როგორც კი იქნება კომპიუტერები, ის ჯერ გადაეცემა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს და ამის შემდეგ სკოლას, სკოლა კი დაუკავშირდება წარჩინებულს და დაასაჩუქრებს”, – განგვიცხადეს 5 ნოემბერს სააგენტოში.
პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება