GE

პირველკლასელთა მესამედი ამჟამად ისევ ბუკების გარეშეა – როდის მიიღებენ მოსწავლეები კომპიუტერებს სამინისტროსგან

2021-2022 სასწავლო წელი 14 სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა პირველკლასელების დაახლოებით მესამედს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ბუკები ამ დრომდე არ მიუღიათ და, შესაბამისად, მათ სასწავლო პროცესში ჩართვა საკლასო ოთახებშიც და ონლაინ სწავლების შემთხვევაშიც, საკუთარი კომპიუტერის გარეშე უწევთ.

ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, განათლების სამინისტროს პასუხისმგებელი სსიპ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში (ESIDA) EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამტკიცებდა, რომ „20 ოქტომბრისთვის კუთვნილ კომპიუტერს აბსოლუტურად ყველა პირველკლასელი მიიღებდა“.

როგორც ჩვენთან მოსწავლეების მშობლები ამბობენ, ოჯახში ერთი, თუნდაც უფროსის კომპიუტერი არასაკმარისია განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში რამდენიმე მოსწავლეს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება ერთდროულად უწევს.

17 ოქტომბერს, EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ კომპიუტერის გარეშე ამჟამად პირველკლასელთა მცირე რაოდენობაა დარჩენილი და სამინისტრო მათ ნეტ-ბუკებს ნოემბრის შუა რიცხვებამდე მიაწვდის. უწყების განმარტებით, მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფის შეფერხება მომწოდებელი კომპანიის ბრალეულობით მოხდა.

„კომპანიამ დააგვიანა მოწოდება. ჩვენს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იუ ჯი თია“. მას უნდა მოეწოდებინა კომპიუტერები. შეფერხების პირველი მიზეზი ისაა, რომ დაგვიანებით გამოცხადდა ტენდერი, თუმცა დათქმულ ვადაში კომპანიამაც ვერ მოახერხა მოწოდება კომპიუტერების, რადგან კორონაპანდემიის გამო, ქარხანას ფაქტობრივად განახევრებული რესურსით მუშაობა უწევს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასე ახსნეს ეს ფაქტი. პირველკლასელთა მესამედიც არაა დარჩენილი უბუკოდ. სულ, განათლების სამინისტრომ წელს 55 500 ნეტ-ბუქი იყიდა. უწყებამ „იუ ჯი თი“ – სგან ამ ოდენობის ბუკი 2 ხელშეკრულებით იყიდა. განათლების სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2 ეტაპად, ჯერ 10 ათას ბუკზე ხოლო მოგვიანებით 45 500 ბუკის შესყიდვაზე გამოაცხადა ტენდერი. ორივე შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვების შემდეგ „იუ ჯი თი“ – სთან გაფორმდა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ხელმძღვანელმა ნინო სოზიაშვილმა.

როგორც ცნობილია, 2020-2021 სასწავლო წლის პირველკლასელებისთვის საჩუქრად გადასაცემი თითოეული ბუკი სახელმწიფოს დაახლოებით 330 ლარით გაუძვირდა. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, თითოეული კომპიუტერისთვის 900 ლარი გადაიხადა მოუწია მაშინ როცა წინა წელს ის თითოეული ბუკი დაახლოებით 570 ლარად იყო შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, კომპიუტერების შეძენის პროცესი, განათლების სამინისტროს განცხადებით, გართულებული იყო, რამაც წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემი კომპიუტერების დაგვიანებაც განაპირობა.

ასევე იხილეთ:

როდის დასრულდება პირველკლასელების კომპიუტერებით უზრუნველყოფა? – ESIDA-მ კონკრეტული თარიღი დაგვისახელა

მოამზადა ბელა გელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური